ომის რუსეთის მიწაზე გადასატანად უკრაინას შემტევი შეიარაღება სჭირდება - კვირის პალიტრა

ომის რუსეთის მიწაზე გადასატანად უკრაინას შემტევი შეიარაღება სჭირდება

უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან ოცდაათიოდე კმ-ში მდებარე რუსული ქალაქის, ბელგოროდის, ნავთობბაზაში რვა უზარმაზარი რეზერვუარის განადგურებით, რაც ორმა უკრაინულმა "მფრინავმა ნიანგმა" 1 აპრილს დილაუთენია შეძლო, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნებისმიერი ბრძოლის მთავარი პოსტულატი, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შვიდი მიმართულებით შეჭრიდან 40 დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმია, ძირითადად, თავს იცავდა, თუმცა წარმატებულ კონტრშეტევებსაც ახორციელებდა, ოღონდ - ადგილობრივი მნიშვნელობისას და ამ ფონზე უთუოდ გამოირჩევა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული წარმატებული საჰაერო რეიდი.

ბელგოროდის ნავთობბაზის 27 სხვადასხვა ზომის რეზერვუარიდან რვა ისე აგიზგიზდა, რომ ბელგოროდელებმა არა ტელევიზორის ეკრანიდან, არამედ თავიანთი სახლების ფანჯრებიდან კარგად დაინახეს, რა არის ომი და რას გრძნობენ უკრაინელები, რომელთა ქალაქებსა და სოფლებს, თვეზე მეტია, უმოწყალოდ ბომბავენ მათი თანამემამულე რუსი პილოტები.

იგივე უკრაინის მოსაზღვრე კურსკისა და როსტოვის ოლქების მოქალაქეებმა ან სულაც ანექსირებულ ყირიმში მშვიდად მოკალათებულმა კოლაბორაციონისტებმა რომ იგრძნონ, უკრაინას, ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინებისა“ და ჰაერსაწინააღმდეგო "სტინგერების" გარდა, ჰაერივით სჭირდება შემტევი შეიარაღება, ანუ რამდენიმე ასეულ კმ-ზე მოქმედი „მიწა-მიწა“ კლასის სარაკეტო კომპლექსები და შორს მფრენი დრონი-კამიკაძეები.

samx6-1649015036.jpg
ამერიკული სარაკეტო დანადგარიდან გაშვებული ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტებით უკრაინელებს თითქმის ყველა იმ ახლომდებარე რუსული სამხედრო აეროდრომის "გამოთოფვა" შეეძლებათ...

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ბელგოროდზე დამრტყმელი შვეულმფრენების, "მი-24"-ების, წყვილის წარმატებულ საჰაერო შეტევამდე უკრაინელებმა „ტოჩკა-უ“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამოყენებით შეუტიეს როსტოვის ოლქში მდებარე მილეროვოსა და ტაგანროგის აეროდრომებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორიოდე სამხედრო თვითმფრინავიც გაუნადგურეს; ბელგოროდთან უკრაინული „სმერჩის“ რაკეტებიც რამდენჯერმე წარმატებით "დამიწდა", რასაც ჰაერში „აწეული“ რუსული საიარაღო საწყობიც ადასტურებს.

უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად არ აღიარებს არც რუსულ აეროდრომებზე შეტევას და არც - ბელგოროდის ნავთობბაზის "აგიზგიზებას", თუმცა დასავლელი პარტნიორების გასაგებად ხმამაღლა აცხადებს, დადგა დრო, დაგვეხმაროთ შემტევი დანიშნულების შეიარაღების მოწოდებით, რათა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან რუსი აგრესორების გაყრა დავიწყოთო.

ცხადია, ოფიციალური კიევი ხმამაღლა არ იტყვის, რომ ტაქტიკური და, მით უმეტეს, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები იმისთვის სჭირდება, ლუგანსკისა და დონეცკის პრორუსული სეპარატისტული წარმონაქმნების ზურგში საწვავის ცისტერნების აფეთქების გარდა, „კბილი მოუსინჯოს“ ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომსაც, რომელიც ორასიოდე კმ-ით არის დაშორებული უკრაინის საზღვარს და საიდან აფრენილი რუსული "სუ-34"“ ტიპის საფრონტო ბომბდამშენებიც დღეში რამდენჯერმე უმოწყალოდ ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს. ოთხი ერთეული ასეთ რუსული "სუ-34" უკრაინელებმა ჰაერიდან კი "ჩამოხსნეს", მაგრამ მათ მშობლიურ აეროდრომზე "სტუმრობა" მაინც სულ სხვაა.

ერთ-ერთი სავარაუდო "სარაკეტო კანდიდატი", რომელიც უკრაინელებს საშუალებას მისცემდა, რუსულ სამხედრო აეროდრომებს სწვეოდნენ, არის ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "მ 270", რომელიც უნივერსალური დანადგარია და 227 მმ კალიბრის უმართავი რაკეტების გაშვება, მათი მოდიფიკაციიდან გამომდინარე, 40-დან 80 კმ-მდე შეუძლია (220 მმ კალიბრის საბჭოთა „ურაგანის“ რაკეტები მხოლოდ 36 კმ-მდე მიფრინავენ), ოპერატიულ-ტაქტიკურისა კი - 270 კმ-მდე.

სარაკეტო ტექნოლოგიების ექსპორტის საერთაშორისო შეზღუდვებიდან გამომდინარე, 300 კმ-ზე შორს მფრენი რაკეტების გაყიდვა აკრძალულია, თუმცა უკრაინას ეს ვარიანტიც ხელს აძლევს, რადგან 300 კმ-იან რადიუსში ხვდება თითქმის ყველა ის სამხედრო აეროდრომი, საიდანაც დღეს რუსული ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავები ფრინდებიან და უკრაინის ტერიტორიას ბომბავენ.ასეთი უნივერსალური ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები მსოფლიოს 16 ქვეყნის შეიარაღებაშია და თუკი უკრაინელებს ათასობით „ჯაველინსა“ და „სტინგერს“ უგზავნიან, დასავლეთს არც ასეთი სარაკეტო დანადგარების ერთი-ორი დივიზიონის (ცხადია, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების მცირე მარაგით) მიწოდება უნდა გაუჭირდეს.