მარიუპოლის ალყაში მყოფებს სოხუმის ალყიდან გამოსულები უკეთ გავუგებთ... - კვირის პალიტრა

მარიუპოლის ალყაში მყოფებს სოხუმის ალყიდან გამოსულები უკეთ გავუგებთ...

ცხოვრება თითქმის ყოველთვის პარალელებს გვთავაზობს და ახლაც 2022 წლის მარტიდან ალყაში მოქცეული მარიუპოლი 1993 წლის სექტემბრის ალყაშემორტყმულ სოხუმს გვახსენებს. მერე რა, რომ ამ ორ ტრაგედიას თითქმის 29 წელი აშორებს. მაშინაც და ახლაც აგრესორები რუსეთი და მისი ქვეშევრდომი, ათასი ჯურის სეპარატისტები არიან, ასე რომ, ამ ხნის განმავლობაში შეშლილ მსოფლიოში ბევრი არაფერი შეცვლილა.

მაშინ სოხუმიდან კოდორის ხიდამდე ალყაში მოქცეულებს, მდინარე მაჭარის ხეობით მერხეულისა და შემდეგ კოდორის ხეობისკენ წასვლით მაინც შეგვეძლო თავის შველა, მარიუპოლის დამცველთა ხვედრი კი, მეორე კვირაა, უმძიმესია, თუმცა ისინი ბრძოლას განაგრძობენ.

ისევე, როგორც სოხუმის სანაპირო, მარიუპოლის პორტიც რუსულ ხომალდებს აქვთ ბლოკირებული და იქიდან ევაკუირება შეუძლებელია, თუმცა უკრაინელმა მებრძოლებმა გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული მართვადი რაკეტით რუსი სპეცრაზმელების "რაპტორის" ტიპის ერთი საპატრულო კატარღის დაზიანება შეძლეს.

უახლოესი უკრაინული საარმიო შენაერთები მარიუპოლიდან დაახლოებით 120 კმ-ში, ცხარე ბრძოლებში არიან ჩაბმული და ქალაქის დამცველი "აზოვისა" და სხვა დანაყოფების გმირ მებრძოლებს ვერაფრით დაეხმარებიან.

უკრაინელმა პილოტებმა გარისკეს და ხუთი შვეულმფრენით ღამით დნეპრიდან მარიუპოლის პორტში ძალიან დაბალ სიმაღლეზე გადაფრინდნენ დაჭრილების საევაკუაციოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსმა აგრესორებმა ერთი უკრაინული შვეულმფრენის ჩამოგდება მოახერხეს. დამსხვრეული შვეულმფრენის ფრაგმენტებს შორის უკრაინელი მეომრების ცხედრები იყო მიმოფანტული...

მარიუპოლის დამცველთა სამშვიდობოზე გამოყვანის ერთადერთ გზად ისევ საჰაერო ევაკუაცია რჩება, რაგინდ სახიფათოც უნდა იყოს ეს, თუმცა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა კიევს აღუთქვა, რომ თურქეთის სამხედრო ხომალდები უკრაინას მარიუპოლის მცხოვრებთა და დაჭრილთა საზღვაო გზით ევაკუაციაში დაეხმარებიან... თუ, რა თქმა უნდა, რუსეთმა თურქული ხომალდები ყირიმის ხიდის ქვეშ გაატარა და, საერთოდ, შეუშვა აზოვის ზღვაში.

აქაც პარალელი: ალყაშემორტყმული სოხუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობა ზღვითაც გამოიყვანეს. ყოფილი საბჭოთა კავშირის რუსეთსა და უკრაინას შორის ჯერ კიდევ გაუყოფელი შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო ხომალდებმა დევნილები აფხაზეთის სანაპიროდან ფოთში სამშვიდობოს გაიყვანეს. მათ შორის ერთმა დიდმა სადესანტო ხომალდმა, საბორტე ნომრით 148, მაჭარკის ხიდთან ჩემ თვალწინ აიყვანა დევნილები. ეს სწორედ ის #148 გახლავთ, რომელიც დღეს „ორსკის“ სახელით და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დროშით უკრაინის ოკუპაციის ოპერაციაში მონაწილეობს.

ალყაში მყოფის ფსიქოლოგია ძირფესვიანად იცვლება. თითქოს დღეები ან სულაც საათები ელვის უსწრაფესად ილევა, გარდაუვალამდე.

კრემლი, რომელსაც სურს, იმედიანად წამოწყებულ, თუმცა ჯერჯერობით ვერმოგებულ ომში მარიუპოლის აღება თავის მთავარ გამარჯვებად გამოაცხადოს, ასეთ საკბილოს ხელიდან არ გაუშვებს.ამჟამად ბრძოლები უკვე მარიუპოლის საპორტო ნაწილში, უშუალოდ აზოვის ზღვის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს, სადაც ბევრი ქარხანაა. მოწინააღმდეგემ მარიუპოლის დამცველთა პოზიციების შუაზე გახლეჩა მოახერხა.