"ორმაგი საფრთხე გვემუქრება!“ - კვირის პალიტრა

"ორმაგი საფრთხე გვემუქრება!“

"ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან არასწორია და უმჯობესია ახლა ქვეყანამ საერთაშორისო რეპუტაციაზე იფიქროს, მხარდაჭერის მოპოვებაზე იმუშაოს. ხელისუფლების პოზიციაა არაფერი გააპროტესტოს, რაც რუსეთიდან მომდინარეობს. თუ გააპროტესტებს, ცდილობს მეორე ხელით დაამშვიდოს ისინი, ვის ქმედებასაც აპროტესტებს. ასეთი პოლიტიკა აქვთ ამწუთას და ჰგონიათ, ამ პოლიტიკით წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ, მაინც ვერ ავიცილებთ იმას, რაც რუსეთის ფედერაციას უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამიტომ ჯობს ვიფიქროთ ჩვენს რეპუტაციაზე საერთაშორისო პარტნიორებთან", - ამბობს პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. რაში ხედავენ ხელისუფლების შეცდომებს "გირჩის" ლიდერები და თავად როგორ წარმოუდგენიათ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, იაგო ხვიჩია უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- ჩემი აზრით, ბიბილოვის განცხადება და ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან შეთანხმებულია. უბრალოდ, რუსები არ იჩქარებენ და რეფერენდუმის შედეგებს მაშინვე არ დააკანონებენ, რადგან ეს ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოს ხელისუფლებასთან, რამდენად ლოიალურიც უნდა იყოს რუსების მიმართ. რასაც რუსეთი აპირებს ცხინვალის რეგიონში, ანექსია ჰქვია და ხელისუფლებას, როგორი მორჩილიც უნდა იყოს, მაინც გაუჭირდება რუსების საქართველოს ტერიტორიების ანექსიისთვის შექება. ცუდ დღეში ვართ - საფრთხეა, თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, საფრთხეა, თუ წააგებს. მოკლედ, ორმაგი საფრთხეა, თუ ჩვენ მთელი ამ პერიპეტიების შემდეგ "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად მეგობრების გარეშე დავრჩებით. რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეა, მაგრამ მე ყველაზე დიდ საფრთხედ მიმაჩნია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, თითქოს რუსეთს არ გავაღიზიანებთ და ამით სიტუაციას დავალაგებთ.

- როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, დღემდე საქართველოში ომი რომ არ დაწყებულა, სწორედ ფრთხილი პოლიტიკის შედეგია.

- რუსეთს არ აინტერესებს, საქართველოში ვინ რას ამბობს და ვინ რა პოლიტიკას ატარებს. ამის მიხედვით არ იღებს გადაწყვეტილებებს. მიუხედავად "ოცნების" ფრთხილი პოლიტიკისა, კრემლის პროპაგანდისტმა მარია ზახაროვამ, მაინც დაიწყო საუბარი აფხაზეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე. მეორე მხრივ, ცხინვალის რეგიონში პროვოცირებულია პროცესი, რომელიც რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს. "ქართული ოცნების" არგაღიზიანების პოლიტიკამ რუსეთი ვერ გამოასწორა.

- რატომ გგონიათ, რომ დასავლელი მეგობრების გარეშე დავრჩებით? ოფიციალურმა თბილისმა ყველა პოზიცია გაიზიარა, რაც დასავლეთმა დააფიქსირა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე.

- დიახ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. მგონი, უკრაინის სხვადასხვა თანამდებობის პირები უსაფუძვლოდ არ გვაკრიტიკებენ. "ომი უკრაინაშია და მე ჩემი საქმე მაქვს", - ასეთი რამის თქმა შეცდომა იყო. დღეს რუსეთთან ცუდი ურთიერთობის გამო შარში ვართ და ახლა დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებით შარს შარზე ვიმატებთ.

- რაშია ახლა გამოსავალი, რისი გაკეთება იქნება სწორი?

- საქართველოს პრემიერი უნდა ჩავიდეს კიევში და თავისი გაფუჭებული საქმე დაალაგოს. რაც უფრო მეტად ვდისტანცირდებით დასავლური სამყაროსგან და რაც უფრო მეტს დავთმობთ რუსეთის სასარგებლოდ, მოსკოვი ჩვენგან უფრო და უფრო მეტ დათმობას მოითხოვს.

ხათუნა ბახტურიძე