"საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი!“ - კვირის პალიტრა

"საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი!“

როგორც კი მტერს აგრძნობინებ, რომ მზად ხარ კავკასიონზე ხელებაწეული დახვდე, მიიღებ იმას, რასაც დღეს ვიღებთ - ხან ბიბილოვი გამოვარდება და დედარუსეთთან ინტეგრაციას მოითხოვს და ხან ვინ

რუსეთი შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ამზადებს - ასეთია ქართველი ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ნაწილის აზრი, რომლის საფუძველი, ერთი მხრივ, ანატოლი ბიბილოვის განცხადებაა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყებს "სამართლებრივი ნაბიჯების“გადადგმას" ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებისთვის, მეორე მხრივ, რუსი იდეოლოგების საუბარი, რომ აფხაზეთსა და რუსეთს ერთმანეთს შორის სასაზღვრო პუნქტი არ უნდა სჭირდებოდეთ... რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ და რისთვის არის მზად საქართველო, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გვესაუბრება:

- მთავარი საფრთხე, სამწუხაროდ, ისევ რუსეთიდან მოდის. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ ერჩის­ საქართველოს სახელმწიფოებრიობას,­ დამოუკიდებლობას. ჩვენ ამ წუთიდანვე უნდა ვიწყებდეთ მზადებას რუსეთ-უკრაინის­ ომის დასრულებისთვის და ვიწყებდეთ მოლაპარაკებას პარტნიორებთან. მტრის ზრახვებზე არანაკლები საფრთხის შემცველია ჩვენი პოზიცია - მოლოდინის რეჟიმი.

- სხვა ფაქტორთან ერთად, რამდენად საფრთხის შემცველია ჩვენს ქვეყანაში რუსული­ პროპაგანდის გამტარებელი ორგანიზაციების ფუნქციონირება და მმართველი გუნდის მიერ მათი გაიგივება "ნაცმოძრა­ობასთან"?

- ჰოი, საოცრებავ, მე და ირაკლი კობახიძეს საერთო აზრი აღმოგვაჩნდა. სიმართლე გითხრათ, "ალტინფოს" არც მე მივიჩნევ სერიოზულად. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ "ალტინფოს" ხალხი საფრთხეს არ წარმოადგენს, მათ არა აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ეს არის მარგინალთა ჯგუფი, რომელსაც, წესით, სახელმწიფომ უნდა შეხედოს­ როგორც კრიმინალთა დაჯგუფებას, თუნდაც 5 ივლისის გამო. ქურდები და ყაჩაღები სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ისინი პასუხს აგებენ კანონით.

- სოცქსელებში არიან ჯგუფები, რომელთა აზრით, რუსეთი არის ქრისტიანული სამყაროს მხსნელი, მესიის მახვილი, დასავლეთი კი ბოროტების სავანე. ახლახან გაჩნდა ახალი­ ნარატივიც: "აბა, რუსეთთან ომი გინდათ?!"

- "აბა, ომი გინდათ?!" ნარატივის­ ავტორი უკვე რომელიღაც მარგინალური დაჯგუ­ფება კი არა, თავად "ოცნებაა" და ეს სამწუხარო მოცემულობაა. აშკარად გამოჩნდა, რომ მმართველ გუნდში არიან სუპერმშიშარა ადამიანები. როდესაც ხელისუფლება ასეთი მშიშარაა, მტერს თოფი, ტანკი და საჰაერო თავდაცვა აღარ სჭირდება,­ საინფორმაციო შტურმიც საკმარისია. რაც შეეხება გამოკითხვის ავტორს, რომელმაც­ არ იცის, რომ მშვიდობა თავისუფლების­ გარეშე არ არსებობს, მასზე საუბარი დროის დაკარგვაა. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ სურს ომი, მაგრამ ყველა მათგანი ზრუნავს საკუთარი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ლიდერს, რომელსაც ომის გაჩაღება მოუნდება, საკუთარი ძალის დემონსტრირებით გაუქროს ასეთი ზრახვები. "ომი გინდათ?!" - ეს კითხვა არასწორია. სწორია შეკითხვა: რამდენად ვართ მზად ჩვენი უსაფრთხოების და თავისუფლების დასაცავად? როგორც კი ამ განწყობის მაღალ ხარისხს ვაჩვენებთ, მით უფრო იმ საერთაშორისო დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შეიქმნა, საქართველოში ომი არ იქნება. როგორც კი სისუსტეს გამოიჩენ და მტერს აგრძნობინებ, რომ მზად ხარ კავკასიონზე ხელებაწეული დახვდე, მიიღებ იმას, რასაც დღეს ვიღებთ - ხან ბიბილოვი გამოვარდება და დედარუსეთთან ინტეგრაციას მოითხოვს და ხან ვინ. მიმდინარეობს სრულფასოვანი ჰიბრიდული ომი. ახლა მუდმივად შემოგვძახებენ, რომ შეშინებული გვამყოფონ. როდესაც ბევრი ფლანგიდან მიმდინარეობს შეტევა და ის სინქრონიზებულია, საინფორმაციო შტურმს ვგულისხმობ, გაქვს აბსოლუტური რწმენა, რომ ეს ორკესტრირებუ­ლია.

- ჩვენ უკვე მოვისმინეთ აფხაზების პასუხი რუსეთში ინტეგრაციაზე. როგორც ჩანს, ისინი ამისთვის მზად არ არიან. რაც შეეხება ცხინვალს, რა პერსპექტივა აქვს ბიბილოვის ინიციატივას?

- ძალიან დიდი. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას იმ ერთი თვის განმავლობაში, რაც რუსეთს უკრაინასთან ომი აქვს და აფხაზეთისა და ცხინვალისთვის აღარ სცალია, ერთი სიტყვითაც კი არ შეუთავაზებია რაიმე ტიპის კომუნიკაცია. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ესენი უშვებენ. დღეს ისეთი რეალობაა, სულ რომ არაფრის იმედი არ გქონდეს, მიზნად უნდა დაისახო ყოველ დილით ფიქრი დაიწყო იმაზე, თუ რა შეიძლება შესთავაზო ოსებსა და აფხაზებს. ცხინვალსა და აფხაზეთშიც კარგად ხედავენ, რომ დღეს რუსებს მათთვის არ სცალიათ. როდესაც შენ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებ და აფხაზებსა და ოსებს არ ელაპარაკები, უგუნურების მწვერვალია.

- როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავით, როგორი იყო მაშინ თქვენი სტრატეგია ოკუპირებული რეგიონების მიმართ და კონკრეტული ნაბიჯები თუ გაქვთ გადადგმული?

- კონკრეტული ნაბიჯების რა მოგახსენოთ, მაგრამ განცხადებები და კონცეპტუალური ხედვები უამრავი იყო. შემიძლია პაატა ზაქარეიშვილი მოვიყვანო მოწმედ. მთელი მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ასეთი ტიპის შეთავაზებებთან, ხედვებსა და გეგმებთან. ფანტასტიკური გეგმა ჰქონდა, რომელიც დიდად არ მოიწონა მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- ეს ხედვები უგულებელყვეს თუ აკრძალეს?

- უგულებელყოფა სისტემატურია, მაგრამ ეს არაფერი, თუ შენ არ გაინტერესებს, მე მიმიშვი, მაგრამ ასეთ ინიციატივებს ყოველთვის საბიუჯეტო მხარდაჭერა სჭირდება, უამისოდ ვერაფერს იზამ. ეს კი მთლიანად პრემიერზეა დამოკიდებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალისთვის არავის სცალია, მაგრამ როგორც კი ვინმე გამოჩნდება, ვინც ამ მიმართულებით მუშაობას მოინდომებს, მაშინვე ხელს უშლიან.

- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ალბათ, თავდაცვასა და უსაფრთხოებაში ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა. თუ გაითვალისწინეთ ეს ხარვეზები თქვენი მინისტრობის დროს?

- ამაზე მთელი ორი საათი უნდა გელაპარაკოთ, ეს ერთ ინტერვიუში როგორ უნდა მოვახერხო?

- მოკლედ გვითხარით... რა გაკეთდა საიმისოდ, თუ რუსეთი ისევ დაგვესხმება თავს ხუთი დღის ნაცვლად ათი დღით შევძლოთ მტრის შეკავება?

- ყველაფერი მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ რა უნარები გვაქვს, მნიშვნელოვანია ისიც, მტერი რა შესაძლებლობებით დაგვესხმება თავს. 2008 წლის თავდასხმა სხვა მასშტაბის იყო, 2014 წლის ყირიმის მოვლენები - სხვა და დღეს საერთოდ სულ სხვა რაღაც ხდება უკრაინაში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასშტაბის ოპერაციას დაგეგმავს მოსკოვი. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები დღეს გაცილებით დიდია, ვიდრე 2008 წელს იყო, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მაშინ რომ იყო, ისეთი დიდი აღარასდროს ყოფილა.

- ბევრი მითქმა-მოთქმაა ნეიტრალიტეტის შესახებ. იმ ვერსიის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, უკრაინა ნატოზე უარს ამბობს, მაგრამ, ფაქტობრივად, ნატო შედის უკრაინაში - ანუ უკრაინაზე სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ნატოს წევრი ქვეყნები მისი დაცვის ვალდებულებას იღებენ. რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს ამას მოსკოვი?

- სინამდვილეში, ქაღალდზე დაწერილი ჯერ არაფერი გვინახავს. გარანტიების შესახებ მეტ-ნაკლებად ვიცით, არ ვიცით, როგორ წყდება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ამიტომ დაველოდოთ...

- რას ფიქრობთ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების შესახებ?

- როდესაც ორ სახელმწიფოს შორის ასეთი ამბავი ხდება, ეს ნიშნავს, რომ პრობლემები გვაქვს. თუმცა ამით არ მთავრდება დიპლომატიური ურთიერთობა უკრაინასთან. ჩვენ ასეთი პრობლემები უკრაინასთან ადრეც გვქონდა. იყო დრო, როდესაც უკრაინიდან ჩვენც გვყავდა ელჩი გამოწვეული. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება სიტყვიერად ეპაექრება უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც სამხედრო ფარაჯა აცვია და ომშია. ჩვენ ახლა ისღა დაგვრჩენია, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში პლატფორმად ის ამბავი ვაქციოთ, ქუჩაში შეკრებილ ხალხს რომ მიმართა.

ხათუნა ბახტურიძე