"თუ ძალიან გაჭირდა, შესაძლოა ზურაბიშვილი პრემიერადაც მოგვევლინოს“ - კვირის პალიტრა

"თუ ძალიან გაჭირდა, შესაძლოა ზურაბიშვილი პრემიერადაც მოგვევლინოს“

"ზურაბიშვილს აქტიურად უჭერს მხარს დასავლური მედიაც. ამ ფლანგზე ის არის წამყვანი და ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. თუ გააქტიურდება შიდა საკითხებზეც, მაგალითად, სოციალურ პრობლემებზე, ეს უკვე ცხადი ნიშანი იქნება, რომ მას დასავლეთშიც უჭერენ მხარს და საქართველოშიც...“

პოლიტიკის ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის აზრით, რუსეთის საკითხზე მმართველი პარტიის პოზიცია არაეფექტიანია და ვარაუდობს, რომ ამას დაემატება ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რასაც ღარიბაშვილის ჩანაცვლება მოჰყვება და პრემიერის პოსტს სალომე ზურაბიშვილი დაიკავებს.

- "ნაცმოძრაობისა" და მმართველი­ პარტიის დაპირისპირებამ ქართული სახე­ლ­მწიფოს ინტერესი გააქრო და წინა პლანზე­ გადმოინაცვლა ბრძოლამ ძალაუფლებისთვის. როდესაც ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი ახსენოს, რაღაცებით გამართლება, რომ უკრაინას ვუჭერთ მხარს და რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთს ჩავწერთ თუ არაო, გაუგებარია. აღარაფერს ვამბობ სანქციების შესახებ შეუსაბამო­ დროს შეუსაბამო განცხადებებზე, მუდმივად იმის ძახილზე, რომ ზელენსკის გარემოცვა "ნაცმოძრაობაა". მეორე მხრივ, როდესაც "ნაცმოძრაობა" ასეთ ვითარებაში ითხოვს,­ მოხალისეები ჩარტერული რეისებით, გაშლილი დროშებითა და საომარი ყიჟინით გაფრინდნენ აეროპორტიდან, რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია ქვეყანაზე ფიქრი? ჩვენთანაც იყვნენ უკრაინელი მოხალისეები, მაგრამ არ მახსენდება, რომ ამის აფიში­რება მომხდარიყოს.

- როდესაც პრეზიდენტი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერის მოპოვებას, მმართველი პარტია კი სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა, ეს როგორ აიხსნება?

- ზურაბიშვილი სწორად იქცევა, საკანონმდებლო ცვლილებები კი, ასე ვთქვათ, მის დასაოკებლად მოინდომეს. ამ რთულ ვითარებაში ქალბატონმა სალომემ სწორად გამოიყენა თავისი კავშირები. რაც შეეხება მმართველი პარტიის დამოკიდებულებას, შეიძლება სხვადასხვაგვარი ვერსია განვიხილოთ - თუ ძალიან გაჭირდა, შესაძლოა ზურაბიშვილი პრემიერადაც მოგვევლინოს. აქ მნიშვნელოვანი იქნება მესამე ძალის პოზიცია - თუ გაჩნდება მყარი მესამე ძალა, რომელიც დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, ვფიქრობ, კონცენტრირებას ზურაბიშვილზე მოახდენს. ჯერჯერობით ამ ფლანგზე ყველაზე მოწინავე გახარიაა, ოპოზიციიდან ყველაზე სწორი პოლიტიკა მაინც მას აქვს. პრინციპული პოზიცია უჭირავს და ითხოვს, რომ საკრებულოებში თავმჯდომარეობის პოსტი მისი იყოს. იქნება თუ არა ეს საკმარისი, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.M მე პრეზიდენტის გაპრემიერებას მაინცდამაინც 2024 წლისთვის არ ვგულისხმობ. ეს შეიძლება მანამდეც მოხდეს. ცხადია, არა მაქვს კონკრეტული ინფორმაცია - ეს ჩემი ვარაუდია.

- 2024 წლამდე გაპრემიერებას პარლამენტის ვადამდელი არჩევნებით ვარაუდობთ?

- შესაძლოა, მაგრამ უფრო ხელისუფლების როტაციას ვფიქრობ. მიუხედავად ყველაფრისა, "ოცნება" ჯერ ინარჩუნებს პოზიციას. ამიტომ ასეთი მკვეთრი ღონისძიების აუცილებლობა, როგორიც არის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები, არ არის. თუმცა არ ვიცით, რა იქნება ხვალ. სოციალური პრობლემები სულ უფრო მტკივნეული ხდება. ცხადია, ამაში "ოცნება" მთლად დამნაშავე არ არის, რადგან ეს ჯერ კოვიდკრიზისის გამო და ახლა უკვე ომის გამო შექმნილი მსოფლიო კრიზისების გამო ხდება, მაგრამ ეს პარტია ხელისუფლებაშია და პროცესების მართვის პასუხისმგებლობა­ მას აკისრია. ამასთან, "ოცნების" პოლიტიკა, თუ ჩუმად ვიქნებით, ამით შეიძლება რუსეთთან პრობლემები თავიდან ავიცილოთო, არ ამართლებს. ამას ადასტურებს ცხინვალში ბოლოდროინდელი პროცესებიც... ამიტომ "ოცნების" პოლიტიკა რუსეთის საკითხზე არაეფექტიანია. ამას სოციალური პრობლემებიც რომ დაემატება, შესაძლოა ღარიბაშვილი ჩასანაცვლებელი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით პრემიერის პოსტზე ყველაზე მისაღები სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდეს.

- ანუ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ისევ აქტიურად ჩაერევა პოლიტიკაში?

- ვფიქრობ, ის ახლაც აქტიურად ერევა, მნიშვნელობა არა აქვს, ტელეეთერში ჩნდება თუ არა. ზურაბიშვილს აქტიურად უჭერს მხარს დასავლური მედიაც. ამ ფლანგზე ის არის წამყვანი და ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. თუ გააქტიურდება შიდა საკითხებზეც, მაგალითად, სოციალურ პრობლემებზე, ეს უკვე ცხადი ნიშანი იქნება, რომ მას დასავლეთშიც უჭერენ მხარს და საქართველოშიც. თუმცა, ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი ვერსიაა. გააჩნია, როგორ დალაგდება პოლიტიკური ვითარება. შესაძლოა არც არაფერი მოხდეს.

- ახლა ხელისუფლება რას უნდა აკეთებდეს არსებული საფრთხეების გათვალისწინებით?

- არასდროს ვყოფილვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ რუსეთთან დაპირისპირების ავანგარდში ვყოფილიყავით. სამწუხაროდ, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა ადეკვატური ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა. 2008 წელსა და დღევანდელ დღეს შორის ვეებერთელა განსხვავებაა. მაშინ არც დასავლეთი იყო იმისთვის მზად, რომ რუსეთის ქმედებებს იმაზე მეტი სანქციები მოჰყოლოდა და რუსეთიც ჯერ კიდევ უწევდა ანგარიშს დასავლეთს, დღეს კი არჩევანი არა გვაქვს. რუსეთმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი და ამიტომ აზრი არა აქვს ლაპარაკს იმაზე, რომ საფრთხე გვემუქრება, არ გავაღიზიანოთო... ე.წ. სამხრეთ ოსეთში რაც ხდება, საფრთხე არ არის? ამიტომ უფრო მკვეთრი პოზიციაა საჭირო. უნდა ვემზადებოდეთ ყველა შესაძლო სცენარისთვის და ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ ხალხმა.

რუსა მაჩაიძე