რომელ პროდუქტებზე გაიზარდა ფასები მარტში? - კვირის პალიტრა

რომელ პროდუქტებზე გაიზარდა ფასები მარტში?

2022 წლის მარტში, შაქარზე და სხვა ტკბილეულზე, ხილზე, ყავაზე, ჩაიზე და კაკაოზე, ზეთზე, პურზე და პურპროდუქტებზე, რძის პროდუქტებზე, ხორცზე და მინერალურ წყალზე, ასევე უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ასევე იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა.

„ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.9 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (3.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.0 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, „საქსტატის“ ცნობით, ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებაზე იქონია სურსათზე და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდამ, რაც მომატებულია 17.8 პროცენტით და წლიურ ინფლაციაზე 5.69 პროცენტული პუნქტით აისახა.

„ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (20.0 პროცენტი), თევზეული (19.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.5 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6 პროცენტით, რაც 2.6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.4 პროცენტი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

IPN