"მოკლულს ვიღაცასთან კონფლიქტი მოუხდა, თავში ჩაარტყეს და დამნაშავე მიიმალა" - ვინ არის სენაკში მოკლული მამაკაცი და რა მოხდა შემთხვევის ადგილას? - კვირის პალიტრა

"მოკლულს ვიღაცასთან კონფლიქტი მოუხდა, თავში ჩაარტყეს და დამნაშავე მიიმალა" - ვინ არის სენაკში მოკლული მამაკაცი და რა მოხდა შემთხვევის ადგილას?

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ადგილობრივები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, სერგო ჩერტკოევი სწორედ იმ სოფელში მუშაობდა, სადაც მისი ცხედარია ნაპოვნი. არსებული ინფორმაციით, ის მოკლულია.

"როგორც შევიტყვე, სენაკში, უშუალოდ ქალაქში ცხოვრობდა. მისი ცხედარი ახლა უკვე თავის სახლშია გადასვენებული. ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე იპოვეს... მომხდარ ფაქტზე ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. სავარაუდოდ, მოკლულია, რატომ მოკლეს და ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის.

მე მას პირადად არ ვიცნობდი, სერგეი ერქვა, აქ ნაკვეთია და იქ სახლი აქვს ვიღაცას ჩადგმული. როგორც ჩანს, იმ ტერიტორიას ეს მამაკაცი უვლიდა. თვითონ მაგას არაფერი ჰქონდა ჩვენს სოფელში, იმ სახლში იყო მეთვალყურედ. სადაც სახლი დგას, იმ ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს არის მისი ცხედარი ნაპოვნი.

არც ის ვიცით, რით არის მოკლული. პოლიციამ უკვე ჩაატარა საგამოძიებო სამუშაოები და ის გაარკვევს მომხდარის დეტალებს. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა", - განაცხადა მერის წარმომადგენელმა თეკლათში, ლაშა გრიგოლიამ.

სწორედ ამ სოფლის შემადგენლობაში შედის დანაშაულის ჩადენის ადგილიც. არსებული ინფორმაციით, მოკლულს ვიღაცასთან კონფლიქტი მოუხდა, რის შემდეგაც მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და დამნაშავემ მიმალვა შეძლო. რეალურად რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და რა დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, ესეც ექსპერტიზით გაირკვევა.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"სერგო სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. სადაც მოკლული ნახეს, ის იმ სოფელში მუშაობდა. იქ რა მოხდა, ჩვენ არ ვიცით, არც დედამისმა იცის რამე. კარგი ადამიანი იყო, მშრომელი ბიჭი. ფიზიკურად შრომობდა სულ. რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ, არაფერი ვიცით. დაოჯახებული არ არის, საწყალი დედამისი მოესწრო ამ ტრაგედიას. სერგოს ჰყავს დაც. იმედია, დამნაშავე საკადრისად დაისჯება", - ამბობს მისი მეზობელი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, რას დაადგენენ სამართალდამცველები.

(სპეციალურად საიტისთვის)