"როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, ვერანაირი სამხედრო შეიარაღება და ჯარის რაოდენობა ვერ გაძლევს გარანტიას..." - კვირის პალიტრა

"როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, ვერანაირი სამხედრო შეიარაღება და ჯარის რაოდენობა ვერ გაძლევს გარანტიას..."

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასა და უკრაინის დასახელებულ უსაფრთხოების პირობებზე გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

- ქალბატონო ხათუნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტი, რამაც ჩვენთანაც დიდი რეზონანსი გამოიწვია...

- ნეიტრალიტეტი იმ გაგებით, რასაც რუსეთი გულისხმობდა ჯერ კიდევ დეკემბრის ულტიმატუმით, რომელშიც უკრაინასთან ერთად საქართველოც იყო ნახსენები, ასეთი იყო: უარის თქმა ნატოზე და ნებისმიერ სხვა სამხედრო ალიანსზე; ამ ქვეყნების ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსების აკრძალვა; უცხოური შეიარაღებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სამხედრო წვრთნების დაუშვებლობა. ამასთანვე, უკრაინასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალთა რაოდენობა, ისევე, როგორც შეტევითი შეიარაღება უნდა შეემცირებინათ მინიმუმამდე. ეს იყო რუსეთის მოთხოვნების პაკეტი, ანუ რეალურად - უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოთა კასტრაცია და მათი ანექსიისთვის შემზადება.

ახლა ვნახოთ, მოლაპარაკების ამჟამინდელ ეტაპზე რა პირობებს აყენებს უკრაინა, რაზეც რუსეთს კატეგორიული უარი არ უთქვამს და მაგიდა არ აუყირავებია, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს, ჯერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე შორიაო: დღეს უკრაინას აქვს იმდენი და ისეთი შეიარაღება, რაც ომამდე არც დაესიზმრებოდა; მას ეყოლება ისეთი შეიარაღებული ძალები, როგორსაც მოისურვებს; უკრაინის მიერ იარაღის წარმოების შეზღუდვაზე ლაპარაკი არ არის, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა. უკრაინა უარს იტყვის ნატოსა და ნებისმიერ სხვა სამხედრო ალიანსში გაწევრებაზე, მაგრამ ამისთვის ითხოვს უსაფრთხოების ძალიან სერიოზულ გარანტიებს: გარანტორი ქვეყნები, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, 72 საათში ვალდებული იქნებიან, უკრაინის სრული სამხედრო დაცვა დაიწყონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პირობებით უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ.

აქ არის ერთი მეტად საინტერესო მომენტი: მოგეხსენებათ, ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ განსაკუთრებით საფრანგეთი ლობირებდა და დღესაც მაკრონი აქტიურად განიხილავს ევროკავშირის ფარგლებში სწრაფი რეაგირების შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა. თუ ევროკავშირს ეყოლება თავისი სამხედრო ძალები და უკრაინაც დაჩქარებული წესით გახდება მისი წევრი, გამოდის, რომ მას დაეკისრება ვალდებულება, თავისი ჯარები ევროკავშირის ერთიან შეიარაღებულ დანაყოფში შეიყვანოს და ეს დანაყოფიც ვალდებული იქნება, უკრაინა დაიცვას. მაშ, რა ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ? თუ ეს საკითხი გადაიჭრა, გამოდის, რომ ევროკავშირიც იძენს სამხედრო-პოლიტიკური ერთობის ფუნქციას. ასე რომ, დღეს უკრაინის ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი არის ლეგენდა იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი მოსახლეობის თვალში სახე შეინარჩუნოს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია - ნეიტრალიტეტი იქნება თუ სხვა რამ, უკრაინის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უნდა უარყოს ან დაადასტუროს, ასე რომ, საბოლოო მოლაპარაკებამდე ჯერ გრძელი გზაა. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების კვალობაზე, ბუნებრივია, ხელშეკრულების პირობებიც შეიძლება შეიცვალოს.

რაც შეეხება საქართველოს... დღეს შექმნილი ვითარების გამო, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, დღეს ნატოში გაწევრებაზე ალაპარაკდნენ და ჩვენს ნეიტრალიტეტზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ნეიტრალიტეტის პირობებში სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავის დაცვა გარე დახმარების გარეშე. სახელმწიფოს ამისთვის საჭირო ფინანსებიც უნდა ჰქონდეს, მოსახლეობის რაოდენობა და ჯარიც საკმარისი ჰყავდეს. ამასთანავე, აუცილებელია მეზობელი ქვეყნების თანხმობა და რეალური ვალდებულება, რომ ისინი არ ხელყოფენ ამ სახელმწიფო საზღვრებს. საქართველოს შემთხვევაში ერთიც შეუძლებელია და მეორეც. როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, ვერანაირი სამხედრო შეიარაღება და ჯარის რაოდენობა ვერ გაძლევს გარანტიას, რომ სამხედრო დახმარების გარეშე მას გაუმკლავდები. თანაც რუსეთი ცნობილია ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების მუდმივად დამრღვევის სახელით. მოკლედ, დღეს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებაზე ლაპარაკს. ვინც სვამს კითხვას, ნეიტრალიტეტი გვინდა თუ არა, ის რეალურად საკითხს სვამს ასე: გვინდა თუ არა, საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი მაშინ, როცა არ გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ სვლაა. წაიკითხეთ სრულად