"რა მიზნების მიღწევა სურს რეჯეფ ერდოღანს შუამავლის როლით?" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"რა მიზნების მიღწევა სურს რეჯეფ ერდოღანს შუამავლის როლით?" - რას წერს უცხოური გამოცემა

თურქულ გაზეთ „ენვერსელში“ (Enversel) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები და რეჯეფ ერდოღანის როლი“ (ავტორი - იუსუფ ყარადაში). რატომ აიღო თავის თავზე თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის დაზავებაში შუამავლობა, რა ინტერესების აქვს თურქ ლიდერს? ავტორი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვებს, რომლებიც გაუჩნდათ როგორც თურქეთის, ასევე - ევროპის ქვეყნების პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და, საერთოდ - საზოგადოებას.

გთავაზობთ ვრცელი სტატიის შინაარსს:

„სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების შემდეგ გაკეთებული განცხადებებით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ დაიწყო პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა საშუამავლო მისიის შესრულება. უკვე გაისმის ხმები, რომ „ერდოღანი მსოფლიო მნიშვნელობის ლიდერს წარმოადგენს“ და რომ „ჩვენი დიდი ლიდერის წინააღმდეგ, ექვსი პარტიის ნაცვლად, თუნდაც 60 პარტია გაერთიანდეს, მას მაინც ვერ დაამხობენ“. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რეჯეფ ერდოღანს საშუამავლო როლი უფრო მეტად იმისთვის სჭირდება, რომ ხელისუფლება არ დაკარგოს და ქვეყნის შიგნით პრესტიჟი შეინარჩუნოს. ამიტომაც ახლაც იმავეს ვხედავთ, რასაც სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში ვხედავდით: რეჯეფ ერდოღანი ცდილობს, უკრაინის კონფლიქტი ანუ საგარეო-პოლიტიკური საკითხი იმ ინსტრუმენტად გადააქციოს, რაც მას საშინაო პოლიტიკაში სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნებაში დაეხმარება.

როგორც ცნობილია, სამშვიდობო მოლაპარაკებები თავდაპირველად ბელარუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, მაგრამ ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაცია, იმავდროულად, მინსკის პოლიტიკას ეჭვის თვალით უყურებდა. ეჭვის მიზეზი ნამდვილად არსებობდა - ალექსანდრე ლუკაშენკო თავიდანვე რუსეთის მხარეს დადგა, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინის პრეზიდენტი შეშფოთებული იყო - ვაითუ, ომი რუსეთის გამარჯვებით სწრაფად დამთავრდესო, კიევი იძულებული გახდა, შეთავაზებულ წინადადებას - პრიპიატში შეხვედრას - დათანხმებოდა.

ფაქტია, რომ დასავლეთის მიერ გაწეულმა სწრაფმა დახმარებამ, აგრეთვე, უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგობამ რუსეთის გეგმები დაანგრია და კიევს შესაძლებლობა მისცა, „გარკვეული ვაჭრობა“ დაეწყო. თურქეთში მოლაპარაკების გაგრძელება თვითონ ვლადიმერ ზელენსკიმ ითხოვა და რეჯეფ ერდოღანს, რომელიც ისედაც თანახმა იყო, თავის თავზე აეღო მომრიგებლის როლი, დიდი შრომა არ დასჭირვებია, რომ ვლადიმერ პუტინიც დაერწმუნებინა. ცხადია, თავის მხრივ, კრემლსაც სჭირდებოდა ანკარის ჩართვა: მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი იყო, მან არ გაწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან და, იმავდროულად, უკრაინის მიმართაც იჩენდა სოლიდარობას. რა თქმა უნდა, იმაში, რომ პუტინმა ერდოღანის შუამავლობა მიიღო, დიდი როლი შეასრულა მათ შორის 2016 წლის შემდგომ ჩამოყალიბებულმა პირადი ურთიერთობების ხასიათმა, თუმცა არ უნდა გამოირიცხოს, აგრეთვე, თურქეთის გეოპოლიტიკური ფაქტორის გავლენაც (ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა ქვეყნის მეთაური - ერდოღანი თუ სხვა), რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, სრუტეების შესახებ მონტრეს კონვენციით და მეორე მხრივ - გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლით შავი ზღვის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონებში.

საშუამავლო როლთან დაკავშირებით, ასევე, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მომენტი: ქვეყნები, რომლებსაც მომრიგებლის როლის შესრულება შეეძლოთ, უპირველესად - ჩინეთი, შუამავლობაში რამე ინიციატივას მაინცდამაინც არ იჩენდნენ იმიტომ, რომ არ სურდათ, საკუთარ თავზე აეღოთ ის რისკები, რომლებსაც მათ ასეთი როლის აღება უქადდა - ვთქვათ, სარეპუტაციო რისკი. მაგალითად, სტამბოლის მოლაპარაკების შემდეგ რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, ექვსიდან ოთხ პუნქტში კონსენსუსი იქნა მიღწეულიო, რაც შემდეგ უკრაინამ უარყო. ასევე, რუსეთმაც გამოხატა უკმაყოფილობა თურქეთის მიერ ნეგატიური პოზიციის გამოხატვის გამო ყირიმთან მიმართებით: „ჩვენი აზრით, ასეთი განცხადებები შუამავლობას საეჭვოდ ხდის და თურქულ მხარეს სჯობდა, კომენტარებისთვის თავი აერიდებინაო“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანკარის მიერ აღებული როლი შეიცავს როგორც „სახელის მოხვეჭის“, ასევე - „სახელის შერცხვენის“ რისკებს.

და მაინც, რა მიზნების მიღწევა სურს რეჯეფ ერდოღანს ამ როლით?

პირველი - კონფლიქტის გაგრძელებისა და დაძაბულობის ესკალაციის პირობებში, რეჯეფ ერდოღანს მოქმედების არეალი ეზღუდება. მისთვის ძნელი გახდება, ურთიერთობა გააგრძელოს - ერთი მხრივ, აშშ-სთან (ნატოსთან) და დასავლეთთან, მეორე მხრივ - რუსეთთან. ამიტომაც რეჯეფ ერდოღანს ომის შეწყვეტა იმიტომ უნდა, რომ თავი დააღწიოს საგარეო პოლიტიკაში შექმნილ გართულებულ სიტუაციას.

მეორე - ის როლი, რომლის შესრულებასაც ერდოღანის ადმინისტრაცია ცდილობს, მას „გზას უკვალავს“ ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენისაკენ, რომლის წევრებსაც, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, სურთ კონფლიქტის შეწყვეტა. თურქეთის ლიდერის მიმართ ნატოს სამიტის ჩარჩოებში შეხვედრის დროს თავიანთი კეთილგანწყობა დაადასტურეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა (მაგრამ ის ფაქტი, რომ რეჯეფ ერდოღანს არ შეხვედრია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მეტყველებს იმაზე, რომ მას ჰყავს „არაკეთილმოსურნეებიც“: აშშ-ის ლიდერს სურს, რომ ანკარამ ერთმნიშვნელოვნად დასავლეთის პოზიცია დაიკავოს).

ანალიტიკოსების აზრით, რეჯეფ ერდოღანის ასეთი იმედები, საგარეო პოლიტიკის მიმართ, გამოწვეულია საშინაო პოლიტიკაში მომხდარი „ჩავარდნებით“, რაც გამოიხატება ფასებისა და ტარიფების ზრდაში, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებაში... ხელისუფლებას არაფრის შეთავაზება არ შეუძლია მოსახლეობისათვის იმ ფონზე, როცა მატულობს შიმშილის საფრთხე, სიღარიბისა და უმუშევრობის დონე. და ეს ხდება კანონების გამკაცრების ფონზე: მოსახლეობის მხრიდან დამსაქმებელი კომპანიების მიმართ მასმედიაში მცირე უკმაყოფილების გამოვლენაც კი უკვე მკაცრად ისჯება - ნოვრუზის დღესასწაულის შემდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციებში ასობით ათასმა თურქმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ბევრი დააპატიმრეს.

ასეთი არასასურველი „საშინაო“ სურათის ფონზე საგარეო პოლიტიკაში რეჯეფ ერდოღანის სახე პოზიტიურად ჩანს: პრეზიდენტის ხელისუფლების მხარდამჭერები უკვე აღნიშნავენ იმას, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ რეჯეფ ერდოღანი საერთაშორისო მასმედიაში ოთხჯერ უფრო მეტად ფიგურირებს, ვიდრე - ჯო ბაიდენი. თუმცა არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის დროს, როცა შეუჩერებლად მატულობს პრობლემები, თურქეთის ლიდერის საშუამავლო როლის შესრულებამ საეჭვოა, ქვეყნის მოქალაქეებს რამე პოზიტიური მოუტანოს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ