რას უზამენ ბრიტანული „ჰარპუნებით“ რუსულ ხომალდებს უკრაინელები ?!
ომის მეორმოცე დღეს კიდევ უფრო იკვეთება, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების დასასრული ჯერ კიდევ შორსაა - რუსეთმა თავისი შეტევების მთავარი აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაიტანა და კიევის რაიონიდან საერთოდ გაიყვანა ჯარები, თუმცა ასობით ნაწამები და მოკლული ადგილობრივი სამოქალაქო პირის ქუჩებში მიგდებული ცხედრები დატოვა...
ამ სამხედრო დანაშაულებებს საერთაშორისო ორგანიზაციები მალევე გამოიძიებენ (იმედი გვაქვს!), მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინას ისევ დიდი ბრძოლები მოელის წინ.
დონეცკისა და ლუგანსკის აქამდეც ნაწილობრივ ოკუპირებულ რაიონებში ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლა, მარიუპოლის სრული დაპყრობით უკრაინის აზოვის ზღვისპირა სანაპიროს დაკავება და შეტევების გაგრძელება ხერსონი-ნიკოლაევის მიმართულებიდან ოდესისკენ გასაჭრელად და უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს დაკავება, პერსპექტივაში, ოკუპირებულ მოლდოვას დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის გასაჭრელად - აი, ის ძირითადი საბრძოლო ამოცანები, რომლებმაც რუსეთის გენშტაბის ახალ ოპერატიულ რუკებზე წინ წამოიწიეს, კიევის ბლიცკრიგით აღების ჩანაფიქრის სამარცხვინოდ ჩაფლავების შემდეგ.
ოჩაკოვი-ოდესის სანაპირო ზოლზე გასაჭრელად რუსეთის სახმელეთო ძალები აუცილებლად დაიხმარებენ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხედრო აეროდრომებიდან აფრენილ საბრძოლო ავიაციას და, ასევე, სევასტოპოლის პორტიდან გამოსულ სამხედრო ხომალდების ესკადრას.
თუკი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების ტანკების ასაფეთქებლად უკრაინელ მეომრებს საკმაოდ აქვთ ტანკსაწინააღმდეგო „სტუგნები“ და „ჯაველინები“, ხოლო შვეულმფრენების ჩამოსაყრელად კი - „იგლები“ და „სტინგერები“, რუსულ ხომალდებს ოდესის დამცველები ბევრს ვერაფერს დაუპირისპირებენ.
მართალია, ომის პირველი დღიდანვე უკრაინის გენშტაბი თვალისჩინივით უფრთხილდება და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ინახავს ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნებს“, მაგრამ მათი რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო ის ქარხანა, სადაც ამზადებდნენ, უკვე - დაბომბილი.
მაგრამ არსებობს სხვა, რეალური გამოსავალი - თანამედროვე „ლენდ-ლიზით“ დასავლეთმა უკრაინას თავისი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს...
და, აი, გამოჩნდა ამის პირველი ნიშნებიც - დასავლურ ავტორიტეტიან მასმედიაში გაიჟღერა, თითქოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის შეიარაღებით დახმარების პროცესში კიევს დამატებით გადასცეს „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც...
უკრაინის სანაპირო დაცვის შეიარაღებაში „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოჩენა ძირფესვიანად შეცვლის საბრძოლო მოქმედებების სურათს უკრაინის სამხრეთში, რადგან ვერც ერთი რუსული სამხედო ხომალდი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს... 280 კმ-ის რადიუსში ვერ მიუახლოვდება!
რა არის „ჰარპუნი“?
„ჰარპუნი“ ამერიკული წარმოების მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაა, რომელსაც ჯერ „მაკდონელ დუგლასი“, შემდგომ კი - „ბოინგი“ 1975 წლიდან აწარმოებენ.
მიუხედავად თითქმის ნახევარსაუკუნოვანი „ხანდაზმულობისა“, „ჰარპუნი“ დღესაც ძალიან მოთხოვნადი რაკეტაა შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე, რადგან მუდმივად მიმდინარეობს მისი განახლება და გაუმჯობესება.
„ჰარპუნის“ ერთ-ერთი მოდიფიკაციის მოქმედების მაქსიმალური რადიუსი 280 კმ-ს აღწევს, ანუ მისი უკრაინისთვის გადაცემით დიდი ბრიტანეთი არ დაარღვევს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც კრძალავს 300 კმ-ზე უფრო შორი მოქმედებების რაკეტების ექსპორტს.
ოღონდ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - „ჰარპუნი“ უნივერსალური რაკეტაა და მისი მოდიფიკაციების გაშვება შეიძლება როგორც თვითმფრინავიდან, ისე - სახმელეთო დანადგარიდან, ასევე - საზღვაო ხომალდის გემბანიდან და წყალქვეშა ნავის სატორპედო აპარატიდანაც კი, მაგრამ რომელი ვარიანტი გამოადგება უკრაინას ოდესის დასაცავად?
წყალქვეშა ნავიდან გაშვების ვარიანტი თავიდანვე გამოირიცხება, არც ხომალდზე დაყენებული „ჰარპუნის“ მიღება ღირს მხედველობაში (უკრაინას სამხედო-საზღვაო ძალები, ფაქტობრივად, აღარ ჰყავს - შავი და აზოვის ზღვების პორტებში ჩაძირულია ან ალაფადაა აღებული 14 უკრაინული ხომალდი და კატარღა).
მოიერიშე „სუ-25“-ის პილონზე 742 კგ მასის „ჰარპუნი“ ვერ ჩამოიკიდება, საფრონტო ბომბდამშენ „სუ-24მ“-ს კი შეუძლია პილონზე ამ სიმძიმის ტვირთის ტარება, მაგრამ ნატოს სტანდარტის შეიარაღების შერწყმა საბჭოთადროინდელი ბომბდამშენის საბორტე ელექტროსისტემასთან არცთუ ადვილი საქმეა და თავსატეხია, თუმცა არა - შეუსრულებელი...
რჩება ყველაზე რეალური ვარიანტი - „ჰარპუნების“ გასაშვები სახმელეთო მობილური დანადგარი, რომლის დამალვა მოწინააღმდეგის თანამგზავრული და საჰაერო დაზვერვისგან ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ასმეტრიანი საზღვაო ხომალდისა ან აეროდრომზე მდგარი ბომბდამშენისა.
მაგრამ აქ ჩნდება ახალი პრობლემა - თავად დიდ ბრიტანეთს შეიარაღებაში, მგონი, მხოლოდ „ჰარპუნების“ ის მოდიფიკაციები აქვს, რომელთა გასაშვები დანადგარები ხომალდების გემბანებზე მონტაჟდება და მათი „გადასხვაფერება“ ისე, რომ სახმელეთო მობილურ დანადგარზე დაყენდეს, ასევე მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას.
მაგრამ ეს უკრაინელ ინჟინრებს, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან მათ უკვე აქვთ კარგი გამოცდილება „ნეპტუნის“ სახმელეთო სტარტის ვარიანტის შექმნისა.
ისე, სიმართლე, რომ ითქვას, „ნეპტუნი“ საბჭოთადროინდელი „ხ-35“-ის უკრაინულ ვარიანტს წარმოადგენს, ხოლო თავად „ხ-35“-ი კი ... ამერიკული „ჰარპუნის“ ერთგვარ კლონს!
აი, ასეთი საინტერესო ჩაკეტილი წრე წარმოიქმნება ამ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შექმნის ისტორიასთან დაკავშირებით.
დავუბრუნდეთ 280 კმ-მდე მფრენ „ჰარპუნსა“ და ამავე სიშორეზე მოქმედ უკრაინულ „ნეპტუნს“ - რა შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, თუკი ამ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს ოდესის სიახლოვეს განათავსებენ („ნეპტუნები ისედაც უკვე გამზადებულია სასროლად)?
ეს ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს, გააკონტროლოს არა მარტო თავისი ტერიტორიული წყლები შავ ზღვაში, არამედ - უკრაინა-რუმინეთის საზღვრის ყველაზე სამხრეთი წერტილიდან ეს რაკეტები ანექსირებული ყირიმის მთავარი სამხედრო პორტის - სევასტოპოლის რეიდამდეც კი მიაღწიოს ანუ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს, ფაქტობრივად, ჩაუკეტოს ღია ზღვაში გასვლა, ხოლო უკვე ზღვაში მყოფთ კი შეუქმნას დაზიანებისა და ჩაძირვის პოტენციური საფრთხე, რადგან „ჰარპუნის“ 235 კგ მასის საბრძოლო ქობინის მოხვედრა და აფეთქება 5 ათასს ტონამდე წყალწყვის სამხედრო ხომალდს გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებს...
საზღვაო ნაღმების გარდა, სწორედ ოდესასთან, სადღაც ჩასაფრებული უკრაინული „ნეპტუნების“ დამსახურებაცაა, რომ რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე ვერ გაბედა ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმა და თუკი ამ „რუსულ შიშს“ კიდევ ბრიტანელების გადაცემული „ჰარპუნებიც“ დაემატება, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს კარგი დღე არ დაადგება ჯერ შავი ზღვის აკვატორიაში და, ვინ იცის, მალე აზოვის ზღვაშიც და ბერდიანსკის პორტში აფეთქებული და ჩაძირული დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ რუსი ადმირალებისთვის მხოლოდ მონაგონი გახდეს...
პ.ს. ისე, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებთან დაკავშირებით რამდენიმე ამბავს გავიხსენებ ჩემი სამხედრო ჟურნალისტური ისტორიიდან...
პირველი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ბოლოს შეიძლება გამოჩენილიყო, როდესაც უკრაინიდან „206-მრ პროექტის“ სარაკეტო კატარღა შევიძინეთ, მაგრამ მისი ორი სარაკეტო კონტეინერი, რომლებშიც წესით „ტერმიტის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები უნდა ყოფილიყო... ცარიელი აღმოჩნდა.
განა იმიტომ, რომ ვინმემ მოგვატყუა და რაკეტები კონტეინერებიდან მალულად ამოიღო, უბრალოდ, ქართულმა მხარემ ვერ შეძლო სარაკეტო კატარღის რაკეტებიანად ყიდვა, რადგან, სავარაუდოდ, მოსკოვის ზეწოლით უკრაინის მაშინდელი ხელისუფლება ვერ წავიდა იმაზე, რომ ქართველებისთვის ისეთი შეიარაღება მიეყიდა, რომელიც 80 კმ-ის სიშორიდან შეძლებდა ფრეგატის, მათ შორის - რუსულის ჩაძირვასაც კი...
ამ სარაკეტო კატარღას „თბილისი“ ეწოდა (რაშიც ამ სტატიის ავტორის მცირე დამსახურებაცაა) და მასზე შეფობა „კვირის პალიტრის“ რედაქციამ ავიღეთ (იმიტომაც, რომ ქალაქ თბილისის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სრული იგნორი გამოუცხადა მსოფლიო საზღვაო ისტორიაში დამკვიდრებულ უძველეს ტრადიციას - ქალაქების სახელდარქმეულ სამხედრო ხომალდებს, როგორც წესი, დიდ ყურადღებას აქცევს ამ ქალაქების მერიები) და ჩვენს მოვალეობას („თბილისის“ ეკიპაჟისთვის სპორტული ინვენტარის, ტელევიზორის გადაცემა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყოველკვირეულად „პალიტრის“ გამოცემების მიწოდება) წლობით პირნათლად ვასრულებდით, 2008 წლის აგვისტომდე, „თბილისის“ ფოთის პორტში რუსული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მიერ მისი აფეთქებისა და ჩაძირვამდე...
მეორედ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ქართული სამხედრო ფლოტის შეიარაღებაში გამოჩენის შანსი 2004 წლის გაზაფხულზე გაგვიჩნდა, როდესაც საბერძნეთმა „კომბანტანტეს“ კლასის სარაკეტო კატარღა გვაჩუქა, რომელიც ქართველმა მეზღვაურებმა „დიოსკურიად“ გადანათლეს, მაგრამ მისი ოთხი სარაკეტო კონტეინერი, რომლებშიც წესით ფრანგული „ექსოზეტის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები უნდა ყოფილიყო, ასევე, ცარიელი აღმოჩნდა (გგონიათ, ნატოს წევრ საბერძნეთს ვერ დაიყოლიებდა კრემლი - ქართველებს ეგ კატარღა რაკეტების გარეშე გადაეცითო?!) და „დიოსკურიამაც „თბილისის“ მძიმე ხვედრი გაიზიარა აგვისტოს ომის დროს...
მთლად მწუხარე ნოტზე რომ არ დავამთავრო ეს სტატია, ერთ სახალისო შემთხვევასაც გავიხსენებ, თუ როგორ „გამოგვადგა“ „თბილისის“ სარაკეტო კონტეინერები - ფოთიდან ოდესისკენ გავემართეთ საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად, ტუაფსესთან სერიოზულ შტორმში მოვყევით და ჩვენთან ერთად მცურავი საშუალო სადესანტო კატარღა ძლივს გადაურჩა ჩაძირვას და უკან ფოთში გაბრუნდა.
გადარჩენილებმა, როგორც იქნა ჩავაღწიეთ უკრაინის სანაპირომდე და ოდესის პორტში, პირსთან დავდექით, ვამოწმებთ ჩვენს კატარღას, თუ როგორ გადაიტანა მისმა კორპუსმა სერიოზული, 4-5 ბალიანი ღელვა. გააღეს ორივე სარაკეტო კონტეინერი და რას ვხედავ? - ისინი...მანდარინითაა სავსე! თავად გათვალეთ - თითქმის შვიდი მეტრის სიგრძის „ტერმიტის“ რაკეტისთვის განკუთვნილ ორ სარაკეტო კონტეინერში რამდენი ტონა მანდარინი ჩაეტეოდა...
მე წილში ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ რაღაც პატარა „მაღარიჩს“ „თბილისის“ კაიუტ-კომპანიაში იმედია, მეც გამოვკარი ხელი...