"ეს უბინძურესი პროვოკაციაა, „ფეიკი“ - რას ამბობს გია ცაგარეიშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

"ეს უბინძურესი პროვოკაციაა, „ფეიკი“ - რას ამბობს გია ცაგარეიშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

მე ვხვდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია, ეს უნდა მოჰკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ძებნილები უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებაში ჩაბუდებულები, იქიდან ძირს უთხრიან თავის სამშობლოს და ქვეყნის მომავალს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ჟურნალისტებთან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას.

ცაგარეიშვილი ამ ინფორმაციის გავრცელებას პროვოკაციად აფასებს და სიყალბეს უწოდებს. მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ ადამიანები უკრაინაში და ხატია დეკანოიძე საქართველოში ხმაშეწყობილად ავრცელებენ სიცრუეს საქართველოს წინააღმდეგ.

„ეს არის უბინძურესი პროვოკაცია, იმ პროვოკაციათა მთელ წყებაში, რომელიც დაგეგმილია საქართველოს წინააღმდეგ უკანასკნელი თვეების მანძილზე, ეს არის "ფეიკი" თავიდან ბოლომდე, სიყალბე, შეთხზული ამბავი, რაც სინამდვილედ არის გასაღებული და ახლა უნდათ საქართველოს და მის მოსახლეობას თავს მოახვიონ. ეტყობა, უკრაინაში ჩვენს კოლეგებს რაღაცები შეეშალათ, კონკრეტულად, მე მახსოვს ბატონი სააკაშვილი განუბაჟებელ ტვირთად როგორ გამოგზავნეს აქ, საქართველოში და შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები მის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს კონტრაბანდა და ამგვარი კონტრაბანდა ჩვენ ყველამ ვიხილეთ ერთად. რაც შეეხება ამ ყველაზე ბინძურ პროვოკაციას, რომელიც აქამდე დაგეგმილა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ძალიან მძიმე მოსასმენია მეგობარ ქვეყანას აბრალებდე იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს და რაც არის წარმოუდგენელი. ვფიქრობ, ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა და ადამიანები საქართველოს ხელისუფლებიდან ნათლად განმარტავენ, რატომ არის ეს პასკვილი, "ფეიკი" და სამარცხვინოა, რომ ადამიანები უკრაინაში და აქ ქალბატონი დეკანოიძე ხმაშეწყობილად ავრცელებენ ამ სიცრუეს საქართველოს წინააღმდეგ. ნახავთ, როგორ დალაგებიან დღეს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, მოექსპერტო ტიპები და დაიწყებენ თავის ქვეყნის ლანძღვას, გინებას, თათხვას გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით,"- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რაზე დაყრდნობით ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველი ინფორმაციას, არ უნახავს, თუმცა, მტკიცებულების სახით არსებობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სასჯელს იხდის. ჟურნალისტის კითხვაზე, რა შუაშია სააკაშვილი, ცაგარეიშვილის პასუხობს, რომ "თავშია".

ცაგარეიშვილის თქმით, ხვდება საიდან მოდის ეს ინფორმაცია.

"ეს უნდა მოჰკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ძებნილები უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებაში ჩაბუდებულები იქიდან ძირს უთხრიან თავის სამშობლოს და ქვეყნის მომავალს. ისეთი ტიპაჟები, ძებნილები, კრიმინალები, როგორიც არის ლორთქიფანიძე, რომელიც 26 მაისის მიტინგის დარბევისთვის, იმისთვის, რომ აქ ხალხი დახოცეს და მაღაზიის თავზე შემოაწყვეს, ასეთი ადამიანი ახლა მუშაობს კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილედ. ვიღაც "ქილერას", რომელიც გლდანის ციხეში მამაკაცებს აუპატიურებდა, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, იცით ეს ინფორმაცია? თუ ჩემგან გაიგეთ? შემიძლია ასეთი ბევრი "გმირი" კრიმინალი ქართველი დავასახელო, რომელიც იქ უხვად დაპურდა და მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ინტერპრესნიუსი