"გამაკრიტიკეს, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში, ის ომის დამნაშავეა - ეს კაცი სასტიკია, პასუხი უნდა აგოს" - კვირის პალიტრა

"გამაკრიტიკეს, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში, ის ომის დამნაშავეა - ეს კაცი სასტიკია, პასუხი უნდა აგოს"

ის, რაც ბუჩაში მოხდა, არის აღმაშფოთებელი და ეს ყველამ ნახა, ვფიქრობ, ეს არის ომის დანაშაული. ეს კაცი [პუტინი] სასტიკია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს.

„შეიძლება გახსოვთ, გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში... ის ომის დამნაშავეა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

„ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია... ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება, და ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი გაიმართოს. მან [პუტინმა] პასუხი უნდა აგოს“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.

ბაიდენმა იქვე აღნიშნა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციების დაწესების მომხრეა.

IPN