გერმანიამ 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - კვირის პალიტრა

გერმანიამ 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 40 რუსი დიპლომატი გერმანიაში პერსონა ნონგრატად გამოაცხადა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„ფოტოები ბუჩადან ადასტურებს რუსეთის ხელისუფლებისა და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოუდგენელ სისასტიკეს. ამიტომ, ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არასასურველ პირებად გამოაცხადოს რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობდნენ აქ, გერმანიაში ჩვენი თავისუფლების, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ბერბოკის განცხადებაში.

მისი თქმით, ბერლინი პარტნიორებთან ერთად მუშაობს შემდგომ საპასუხო ქმედებებზე.

„ჩვენ კიდევ მეტად გავამკაცრებთ რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს, მნიშვნელოვნად გავზრდით მხარდაჭერას უკრაინის ძალებისადმი, ასევე, გავაძლიერებთ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგს“ , - განაცხადა მინისტრმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 104 რუსი დიპლომატია აკრედიტირებული.

IPN