"რუსეთ-უკრაინის ომის მთავარი წყალგამყოფი 9 მაისი იქნება" - კვირის პალიტრა

"რუსეთ-უკრაინის ომის მთავარი წყალგამყოფი 9 მაისი იქნება"

„ღირდა კი ამდენ სისხლად ეს ყველაფერი? ჩემი სამშობლო დაიჩაგრა. მე და ჩემმა არმიამ ეს უბედურება დავასრულეთ - სავარაუდოდ, ასეთი იქნებოდა სერგო ორჯონიკიძის სიტყვა 1921 წლის 25 თებერვალს“, - ასეთი შეფასებით გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც პრემიერი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს.

„რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენთვის, ყველასთვის, უაღრესად შემაშფოთებელია. 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთან არის გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და ამ ომით დაისჯებოდა, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. ხედავთ, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია, ხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება და, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების პოზიციებზე, უკრაინის ომთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით უფრო ვრცლად გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- ძალიან ნუ იჩქარებს ღარიბაშვილი დასკვნების გაკეთებას, რუსეთ-უკრაინის ომის მთავარი წყალგამყოფი 9 მაისი იქნება. ეს დღე არის რუსეთის მთავარი იდეოლოგიური საყრდენი, რომლის ზეიმიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, თუნდაც, ახალი წლის. თუ მათ ამ დღისთვის ვერ შეძლეს, თუნდაც, ფსევდო, შუალედური, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატების გამოცხადება და, შესაბამისად, ჩაეშალათ „ფაშიზმზე“ გამარჯვების აღლუმი, ეს იქნება იმის პირდაპირი სიმპტომი, რომ ომს წააგებენ. ამიტომ, 9 მაისამდე პერიოდი იქნება ომის გადამწყვეტი ეტაპი. რაც შეეხება ღარიბაშვილის პოზიციას, არ ვიცი, შეთქმულების თეორიებს ვერ განვავითარებ, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მით უმეტეს - ქვეყნის ღალატს, მაგრამ ბევრი არაფერი იცვლება, სიმხდალით და არაკომპეტენტურობით დააზიანებ საკუთარი ქვეყნის ინტერესს თუ მიზანმიმართული შეთქმულებით.

საქართველოს ხელისუფლების ნარატივი და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, კაპიტულაციის წინაპირობას ქმნის. თუ საზოგადოებას წინასწარ დათრგუნავ და კაპიტულაციისთვის განაწყობ, ნიშნავს იმას, რომ თუ მოსკოვი გვიბრძანებს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, ჩვენ უსიტყვოდ შევასრულებთ ბრძანებას. ეს კი თანამედროვე პირობებში იგივეა, რაც ტრაქტატი-2. დიახ, ღარიბაშვილი ამზადებს ტრაქტატი-2-ს. პრემიერი პირდაპირ გვეუბნება, მთავარია მშვიდობა გვქონდეს, დანარჩენს აზრი არაფერს აქვსო. მრჩება შთაბეჭდილება, ხვალ ან ზეგ რუსეთი რომ შემოგვიტრიალდეს (და ეჭვიც არ შეგეპაროთ, თუ უკრაინაში მიზანს მიაღწევს, ჩვენც აუცილებლად შემოგვიტრიალდება) და ჩვენც უკრაინის მსგავსად შემოგვთავაზოს - როგორ გნებავთ, ტანკებით გადაგიაროთ თუ პირდაპირ მოაწერთ კაპიტულაციაზე ხელსო, ჩვენი მთავრობა უყოყმანოდ მოაწერს.

სხვათა შორის, ზალკალიანის გადადგომა ძალიან ცუდად მენიშნა. ჩვენი ხელისუფლება უპრინციპობით გამოირჩევა, მათი ერთადერთი ღირებულება ძალაუფლებაა. შესაბამისად, მიჰყვებიან ისტორიის დინებას და საითაც დინება უბიძგებთ, იქით გაირიყებიან, პრობლემა არ აქვთ. ზალკალიანს, მათგან განსხვავებით, დასავლური პოზიცია მეტ-ნაკლებად მყარად ეჭირა და შეიძლებოდა, საკვანძო, კრიტიკულ მომენტში, „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა გამხდარიყო, ამიტომ მარტივად და უმტკივნეულოდ ჩამოიშორეს თავიდან.

- საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შესახებ თუ იცით რამე?

- მის შესახებ არავინ არაფერი იცის. როდესაც მე ვიყავი „ქართულ ოცნებაში“, ის მაშინ იქ არ იყო. არ ვიცი, საიდან მოვიდა და რა მსოფლმხედველობა აქვს.

- თქვენ ამბობთ, რომ ამ ხელისუფლებას ღირებულება არ გააჩნია და საკუთარი ინტერესების მიხედვით მიჰყვება დინებას. თქვენი ვერსიით, ახლა ხელისუფლებას მისი ინტერებისთვის მაინც ხელსაყრელი კურსი აქვს არჩეული, ადეკვატურად აფასებს არსებულ მოცემულობას?

- არა, ადეკვატურად ნამდვილად ვერ აფასებს. „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ახლა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი არ არის, ვერც იმას ხვდება, რომ ჩვენ ახლა ფრონტის წინა ხაზზე ვართ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით აღმოვჩნდით იქ. თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, შემდეგი ჩვენ ვიქნებით, შესაბამისად, დღეს უკრაინაში საქართველოსთვისაც იღვრება სისხლი. ვინაიდან, ეს ჩვენი ომიცაა, ჩვენი პოზიცია უფრო ღირსეული და უფრო კარგად გამოკვეთილი უნდა იყოს. ისე არ არის საქმე, ღარიბაშვილმა რომ თქვა - ომი უკრაინაშია და ეგ ჩვენი საქმე არ არისო.

- ქალაქ ბუჩაში გადაღებულმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო შეძრა, რუსული არმია მხოლოდ ადამიანებს კი არა, ვოლიერებში მყოფ ცხოველებსაც სასტიკად გაუსწორდა. როგორ გგონიათ, როგორ შეაფასებს ამას მსოფლიო და რა გავლენას იქონიებს იმ მსოფლიო ლიდერებზე, ვისაც საბოლოო პოზიცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული, რუსეთთან მიმართებით?

- ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მთელი დასავლეთი, ცივილური სამყარო სათანადოდ აფასებს რუსეთს. ისინი ხვდებიან, რუსული აგრესია მხოლოდ უკრაინისთვის კი არა, მსოფლიოსთვის წარმოადგენს საფრთხეს, ამიტომ უკვე ყველა ჩაერთო ამ ომში, რაღაც ფორმით, რაღაც მასშტაბით. ჯერჯერობით სიტუაცია სტაბილიზაციისკენ არ მიდის, რუსეთი კიდევ უფრო აგრესიული გახდება, იმიტომ, რომ დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს და მან ეს იცის.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)