"თუ საქართველო გახდა კონტრაბანდული დერეფანი, ეს არ დაიმალება, მტკიცებულებებიც დაიდება - გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო" - კვირის პალიტრა

"თუ საქართველო გახდა კონტრაბანდული დერეფანი, ეს არ დაიმალება, მტკიცებულებებიც დაიდება - გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო"

თუ საქართველო გახდა კონტრაბანდული დერეფანი, ეს არ დაიმალება, მტკიცებულებებიც დაიდება - გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, ზოგადად, გამორიცხული არაფერია.

„უბრალოდ, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას უფრო მეტი დეტალიზაცია სჭირდება და ალბათ, თუ საქართველო გახდა კონტრაბანდული დერეფანი, ეს არ დაიმალება. მტკიცებულებებიც დაიდება და ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საქმეში გარეულები არიან. ამიტომ დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვისურვებდი, არ ამხდარიყო ის პროგნოზი, რაზეც ვსაუბრობთ. გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო, ჩემი აზრით ამას ნიშნავს, ეს განცხადება. მე მგონია, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაც ექნება უკრაინულ მხარეს და პირიქით - უკრაინული ინფორმაცია ექნება ამერიკულ მხარეს, უბრალოდ, ვინ გაახმოვანებს ამ ინფორმაციას, ეს სხვა გარემოებაა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს.

„საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“,- განაცხადეს უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქტების მიწოდების კიდევ ერთი წყაროს შესახებ, მათი მტკიცებით, ეს აღმოსავლეთ აზიის არხია.

ინტერპრესნიუსი