"შეიძლება ვლადიმერ პუტინი და იოსებ სტალინი ერთმანეთს შევადაროთ?" - რას წერს ფრანგული გამოცემა - კვირის პალიტრა

"შეიძლება ვლადიმერ პუტინი და იოსებ სტალინი ერთმანეთს შევადაროთ?" - რას წერს ფრანგული გამოცემა

ფრანგულ პოპულარულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ლ’ექსპრესში“ (L’express) სათაურით - „პუტინიზმი - ავაზაკების კლეპტოკრატია, რომლებიც თავს ცივილიზებულ ადამიანებად ასაღებენ“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორ სტივენ კოტკინთან, რომელშიც იგი, რუსეთის ისტორიის ცნობილი მკვლევარი და სწავლული, ჟურნალის კორესპონდენტ თომას მალერთან საუბრისას, ვრცლად აანალიზებს უკრაინის კონფლიქტს და ვლადიმერ პუტინის სტრატეგიას.

„რუსეთის ბევრი მოქალაქე იზიარებს პუტინის ხელისუფლების პროპაგანდისტულ დებულებას, რომლის თანახმად, „რუსეთს მსოფლიოში განსაკუთრებული მისია აქვს და რომ მხოლოდ რუსეთი წარმოადგენს ცივილიზაციას“. სინამდვილეში რუსეთს ავტორიტარული რეჟიმი მართავს. რადგანაც ლიბერალურ დემოკრატიას უფრო მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე ავტორიტარულ რეჟიმებს, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში გამეფებულია კორუფცია და ადამიანის უფლებების სრულყოფილად დაცვა გამორიცხულია“, - ამბობს სტივენ კოტკინი.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

"- შეიძლება ვლადიმერ პუტინი და იოსებ სტალინი ერთმანეთს შევადაროთ?

- იოსებ სტალინი მიეკუთვნება სიკვდილის მთესველ იმ მცირერიცხოვან დესპოტთა ჯგუფს, რომლებშიც, მის გარდა, ადოლფ ჰიტლერს და მაო ძედუნს ვხედავთ. ვლადიმერ პუტინი კი, მათთან შედარებით, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის აღდგენის განზრახვა მის შესაძლებლობებს აღემატება. ალბათ, რუსეთის „დიდი ადამიანების პანთეონში“ მას სურდა, ადგილი იოსებ სტალინის, ალექსანდრე პირველისა და პეტრე დიდს შორის დაეკავებინა - პეტრე დიდმა შვედეთის მეფე კარლ მეთორმეტე დაამარცხა და რუსეთს „ევროპის ფანჯარა“ მოუპოვა (გასასვლელი ევროპისკენ ბალტიის ზღვის მეშვეობით) და იმპერია ევროპული საქმეების არბიტრად გადააქცია; ალექსანდრე პირველმა ნაპოლეონ ბონაპარტი დაამარცხა და პარიზი დაიკავა; იოსებ სტალინმა კი რაიხსფიურერ ადოლფ ჰიტლერზე გაიმარჯვა და ბერლინი დაიკავა. ვლადიმერ პუტინი კი მხოლოდ იმ პიროვნებად დარჩება, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და კიევის დაკავებას წარუმატებლად შეეცადა, დახოცა უამრავი მშვიდობიანი ადამიანი, დაანგრია უამრავი ისტორიული ძეგლი და სლავური კულტურის სიმბოლო, რომლებიც იმავდროულად რუსული კულტურის სიმბოლოებსაც წარმოადგენენ.

ვლადიმერ პუტინს თაობები დაიმახსოვრებენ იმ მმართველად, რომელსაც უკრაინის დაბრუნება სურდა რუსეთის გავლენის ქვეშ, მაგრამ ამის ნაცვლად მან ხელი შეუწყო უკრაინელი ერის კონსოლიდირებას და მის სწრაფვას დასავლეთისაკენ; რუსეთის პრეზიდენტს იმ ლიდერად დაიმახსოვრებენ, რომელსაც ნატოს დაშლა სურდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მან ნატოს რიგები უფრო განამტკიცა და ალიანსი ისე ააღორძინა, როგორიც იოსებ სტალინის მმართველობის შემდეგ აღარ ყოფილა; ვლადიმერ პუტინი ისტორიის სახელმძღვანელოში შევა როგორც ლიდერი, რომელმაც თავისი მოქმედებით, მაგრამ, იმავდროულად, თავისი ნების წინააღმდეგ, რუსეთის სახელმწიფოს მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია საკუთარი თავი გამარჯვებულად წარმოაჩინოს, მაგრამ მისი შეცდომები შეცდომებად დარჩება, მკვლელის რეპუტაცია მუდამ ექნება.

- როგორც უკიდურესი მემარჯვენეები, ასევე - მემარცხენეები ხშირად თვლიან, რომ რუსეთის პროვოცირება ამერიკის მოქმედებამ გამოიწვიაო...

- რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ აზრთა ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: პირველი - ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის თაობაზე რუსული მარადიული იმპერიალიზმის მხოლოდ ერთ-ერთ ახალ გამოვლინებას წარმოადგენს და რომ რუსეთის იმპერიას, თავისი კულტურის თვალსაზრისით, დაპყრობისკენ მიდრეკილება აქვს. მეორე მიმართულება - ვლადიმერ პუტინმა, უბრალოდ, რეაგირება მოახდინა დასავლურ (ამერიკულ) იმპერიალიზმზე, რომელიც ნატოს გაფართოებაში გამოიხატა და რომ აშშ, თავისი კულტურის საფუძველზე, მსოფლიოში დომინირებისაკენ ისწრაფვის. ასეთი მსჯელობით რუსეთის მოქმედება მართლაც ამერიკის მიერ პროვოცირებული გამოდის.

მაგრამ, ჩემი აზრით, არც ერთი ამ თვალსაზრისებიდან აქტუალური არ არის. პრობლემა, ალბათ, უფრო გეოპოლიტიკური ხაფანგით აიხსნება: რუსეთის შეჭრა კულტურული საფუძვლით ვერ აიხსნება, ეს უფრო არჩევანს ნიშნავს. თუმცა არც ეს შეიძლება ჩაითვალოს კრემლის რეაქციად დასავლეთის მოქმედებაზე: განა ნატოს გაფართოების გამო გზავნის პუტინი ციხეებში თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს? განა ნატოს გამო ასუსტებს იგი პარლამენტს, ზღუდავს და კრძალავს რუსულ მასმედიას? განა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აიძულებს მას პირადი გამდიდრებისაკენ და მის გარემოცვაში გამეფებული კორუფციისაკენ? განა ნატო უბიძგებს დეზინფორმაციის გავრცელებისკენ?

ის, რასაც ჩვენ რუსეთში ვხედავთ, არ არის უპრეცედენტო ფაქტი - ერთი სახელმწიფოს შეჭრა მეორე მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისტორიაში ხშირად ხდებოდა და, ალბათ, კიდევ მოხდება. ვლადიმერ პუტინამდეც, ისტორიულად, სხვა რუსი ლიდერები ყოველთვის თვლიდნენ, რომ მეზობელი პატარა ქვეყნები სინამდვილეში დამოუკიდებლები არ არიან და რომ ისინი მხოლოდ დასავლური ქვეყნების სათამაშოებს წარმოადგენენ, ამიტომაც, სანამ ისინი რუსეთის მტრების დასაყრდენად გადაიქცევიან, უკეთესია მათი ოკუპირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის სახელმწიფოს მოდელი მუდმივად განმეორებადია - არ აქვს მნიშვნელობა, მეფის იმპერიაა თუ საბჭოთა იმპერია, პოსტსაბჭოურია თუ საბჭოურამდელი... მასში ყოველთვის ფიგურირებს შიდა რეპრესიები და საგარეო აგრესია. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ