"ერთი წუთით ადრე რომ მივსულიყავი, ხომ გადავარჩენდიო" - შარტავაზე დაშავებულ 8 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"ერთი წუთით ადრე რომ მივსულიყავი, ხომ გადავარჩენდიო" - შარტავაზე დაშავებულ 8 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 31 მარტს შარტავას ქუჩაზე დაშავებული 8 წლის დავითი, რომელიც მძღოლის დაუდევრობის გამო დაშავდა. ცნობილია, რომ დილით ბავშვი სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ტროტუარზე ელოდებოდა, როცა სწრაფად მიმავალი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. ექიმები თვლიან, რომ მისი გადარჩენა უფლის სასწაულია, რადგან უმძიმესი დაზიანებები აქვს. მას იაშვილის კლინიკაში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის - ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. დავითი ამ დრომდე იბრძვის სიცოცხლისთვის. ექიმები მართლა ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი. ამ დროისთვის მისი სრული რეაბილიტაციისთვის იგეგმება ისრაელის კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

დავითი წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლე იყო და განცხადება სკოლის "ფეისბუქ-გვერდზე" დაიდო. ბავშვის მდგომარეობას ყველა ძალიან განიცდის. ახლა მართლაც საზოგადოების ერთიანობას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ასეთ დროს თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.

დავითის თანაკლასელის დედა:

- ყოველ დილას ბავშვი იმ ადგილას იდგა, სახლთან, ტროტუარზე და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, რითაც ჩემი შვილიც გადაადგილდება ხოლმე. ბავშვის მამა ამერიკაშია, ამ კონკრეტული შემთხვევის დროს დედაც მეუღლესთან იყო ცოტა ხნით ჩასული და ბავშვები ბებოსთან იყვნენ. დათი ძალიან დამოუკიდებელი ბავშვია, 8 წლის არ გეგონება, ზრდასრული, ჩამოყალიბებულია. ჩვენი შვილები კალათბურთზეც ერთად დადიოდნენ. თავისი მეგობრებისგან ძალიან გამორჩეულია, მართლა განსაკუთრებული და ამას სკოლაშიც ყველა აღნიშნავს. დათი უზომოდ თბილი და მოსიყვარულეა, ხშირად ასაჩუქრებდა მეგობრებს და მისი ნაჩუქარი ნივთი პირადად მეც მაქვს სახლში. კლასში საუკეთესო ბავშვი ასეთ განსაცდელში რომ აღმოჩნდა, ამიტომ გამოიწვია ასეთი განსაკუთრებული ემოციები ჩვენში. იმდენად განვიცდით, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.

სკოლის ავტობუსი რომ მივიდა იქ, ეს უმძიმესი ფაქტი უკვე მომხდარი იყო და ბავშვებიც შეესწრნენ. "სამარშრუტოში" ბავშვებთან ერთად ორი მასწავლებელი იჯდა, რომლებიც იმდენად განადგურებულები იყვნენ, სამედიცინო დახმარება მათაც დასჭირდათ. სკოლის მძღოლი ადგილიდან ვერ იძვროდა, ისე ტიროდა და ისეთი ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, ვერ წარმოიდგენთ. ამბობდა, ერთი წუთით ადრე რომ მივსულიყავი, ხომ გადავარჩენდიო. ბავშვები ტიროდნენ მანქანაში, მართლა ძალიან განვიცადეთ. ჩემი შვილი დღემდე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მანქანაში მყოფ ბავშვებს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ.

მთელი საქართველო ლოცულობს დათის გადარჩენაზე. სკოლის დირექტორი დილიდან საღამომდე ათენებდა კლინიკასთან. ბავშვს 5 ოპერაცია ჩაუტარდა და სასწაულის მომსწრეები ვართ. ბავშვი რომ ცოცხალია ეს უფლის სასწაულია, თან ჩვენი სკოლა არის წმინდა გიორგის სახელობის, იქ მღვდელიც ჰყავთ და სამლოცველოც აქვთ და უნდა ნახოთ, როგორ ლოცულობენ პატარები მეგობრის გადარჩენისთვის. ყველა ვლოცულობთ და უფალს შევთხოვთ, უსაყვარლესი ბიჭის კარგად ყოფნას.

ცალკე ტრაგედია იყო ამ ამბის დათის მშობლებისთვის თქმა. თავიდან ატყუებდნენ, მაგრამ მაინც გაჟონა ინფორმაციამ და დღემდე მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან. ბავშვს ბევრი ორგანო აქვს დაზიანებული და ამიტომ აუცილებელია მისი ისრაელში გადაყვანა, რომ უფრო კარგად გაიაროს რეაბილიტაცია და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს. ახლა სჭირდება ოჯახს მთელი საზოგადოების დახმარება. ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რა თანხებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს მკურნალობა, ამიტომ ჩვენ, მშობლებმა და ჩვენმა სკოლამ ავიღეთ ინიციატივა, გამოვაქვეყნეთ ანგარიშის ნომერი და საზოგადოების დიდი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ყველამ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ამ მდგომარეობაში... ყველა ვაცილებთ ყოველ დილით ჩვენს შვილებს სკოლაში და არავინ ველოდებით, რომ ასეთი საშინელება შეიძლება მოხდეს. რეალურად, დაცული არავინ არის ასეთი დამნაშავეებისგან, რომლებსაც არც იმის შიში აქვთ, რომ შეიძლება ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან და არც ჯარიმის ეშინიათ. ცალი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა ბავშვს, მუცლის ღრუს ოპერაციები ჩაუტარდა. სასწაული მოახდინეს ექიმებმა. ცვლასაც არ იცვლიდნენ, თურმე, დღედაღამ იქ ათენებდნენ, ბავშვს რამე რომ დასჭირვებოდა, კლინიკაში რომ ყოფილიყვნენ.

არავის ეგონა რომ დათი გადარჩებოდა, ასეთი ტანის რომ არ ყოფილიყო, 12-13 წლის ასაკის ბავშვის აღნაგობა რომ არ ჰქონოდა, უფრო პატარა ტანის - ვერ გადარჩებოდა. უფლის სასწაულია მისი გადარჩენა. დათის უფროსი ძმები საჯარო სკოლაში სწავლობენ, მათი ბებია სკოლის დირექტორია და იმ სკოლაში იმიტომ არ გადაიყვანეს, რომ არ დააშორეს თავის საყვარელ მეგობრებს და კლასს.

ახლა მთავარია, ბევრი ადამიანი დაგვეხმაროს, რადგან თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

გავერთიანდეთ დათისთვის, ხალხის გვერდში დგომით გვჯერა, რომ ჩვენს უსაყვარლეს ბიჭს გადავარჩენთ.

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483

"ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭი ნაწილობრივ გავაღვიძეთ და მისი ცნობიერება ადეკვატურია, მშობლებიც ნახა და იცნო. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის სრული გამოღვიძება არ მომხდარა, რადგან რთული ოპერაციების შემდეგ, მას ტკივილები აქვს.

ექიმის ინფორმაციით, მშობლები შემდგომი მკურნალობის მიზნით, ბავშვის ისრაელში გადაყვანას გეგმავენ.

"ბავშვის ზოგადი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ შედარებით, სტაბილიზაციისკენ წავიდა. ნაწილობრივ გავაღვიძეთ და მისი ცნობიერება არის ადეკვატური. მშობლებიც ნახა და იცნო. ანუ ნევროლოგია ნორმალურად ფასდება და უბრალოდ, ანალგეზია ჯერჯერობთ გრძელდება. ანუ სრული გაღვიძება მაინც არ მომხდარა, იმიტომ რომ ტკივილის მართვა ჯერჯერობით სჭირდება ამხელა ოპერაციის შემდეგ. ჯერჯერობით ბავშვი ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება“, - განაცხადა იაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკა თევზაძემ.

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.