"ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება": ახლა მთავარია რომელი “ციხე” გატყდება პირველი, კიევის თუ მოსკოვის? - კვირის პალიტრა

"ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება": ახლა მთავარია რომელი “ციხე” გატყდება პირველი, კიევის თუ მოსკოვის?

უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიიხვდა პუტინი, რომ სწრაფი და ყოვლისმომცველი გამარჯვება არ ექნება. მას ხომ უკრაინის სრული განადგურება უნდოდა: ხელისუფლების, არმიის, ხალხის. ამის შემდეგ რუსეთის დიქტატორის უახლოეს “კრიმინალურ კლანს” დიდი საფიქრალი გაუჩნდა: საჯაროდ გაცხადებული გეგმებიც უნდა შეასრულოს, დანაკარგები შეამციროს და “გამარჯვებულის სახეც” არ უნდა დაკარგოს. პუტინს 9 მაისს უკრაინაში „გამარჯვების აღლუმის“ გამართვა სურს.

აი, აქ კი იწყება ფარული საიდუმლო ოპერაციების დროც: ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე შიგნიდან, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის საშუალებით განხორციელდება. ამისთვის კი რუსეთი მას შემდეგ ემზადება, რაც ყოფილმა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ახლა მთავარი ამოცანაა უკრაინის დრევანდელი ხელისუფლების ყველაზე აქტიური წევრების გადაბირება ან განეიტრალებაა (ლიკვიდაციის ჩათვლით). დღეს უკრაინის სპეცსამსახურებზე ვისაუბროთ.

მთავარი კითხვა ასეთია: გაუძლებენ კი ისინი რუსეთის გაცილებით მრავალრიცხოვანი და უფრო გამოცდილი სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციებს? ვფიქრობ, რომ უკრაინას ღია ბრძოლებში უფრო აქვს წარმატების შანსი, ვიდრე სპეცსამსახურების ფარულ “პოზიციურ” დაპირისპირებაში. რატომ? იმიტომ, რომ ათწლეულების მანძილზე რუსეთი აქტიურად ნერგავდა საკუთარ აგენტურას უკრაინის არმიაში, სპაეცსამსახურებში, დიპლომატიურ კორპუსში, პოლიტიკურ პარტიებში და ა.შ. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს ეს იმდენად ღიად კეთდებოდა და რომ გაგიკვირდებათ. ერთად გავიხსენოთ უკრაინის უახლესი წარსული და თავადაც დარწმუნდებით.

არსებობს ერთი სფერო, სადაც გატარებული საკადრო ცვლილებები ნათლად მიანიშნებს ნებისმიერი ქვეყნის საგარეო ორიენტირებს. ესაა “ძალოვანი” სამინისტროებისა და სპეცსამსახურების სტრუქტურის ცვლილება და ახალი კადრებით დაკომპლექტება.

ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკურ სიმპატიებს უცბად მიხვდებით, თუ მისი უშიშროების, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ბიოგრაფიებს გაეცნობით.

რუსეთის ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ 2010 წლის გაზაფხულზე უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს შესუსტებული პოზიციების გაძლიერება. 2010 წლის მაისის ბოლოს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის შესვლა ამ ეტაპზე მოხსნილია დღის წესრიგიდანო. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად კი რუსეთი დაასახელა. იანუკოვიჩის მიერ 2010 წელს უკრაინაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, ძალზე წააგავს საქართველოში 1993-1994 წლებში ედუარდ შევარდნაძის მიერ განხორციელებულ “რუსეთის კადრების” წინ წამოწევის გადაწყვეტილებებ ს, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს ყველა პოსტზე კადრები რუსეთის ხელისუფლების “რეკომენდაციით” ინიშნებოდა.

ვიქტორ იანუკოვიჩმა საპრეზიდენტო ბრძოლაში გამარჯვებისთანავე, 2010 წლის მარტში, ყველა ქვეყნისთვის საკვანძო – უშიშროების სამსახურის უფროსის პოსტზე, ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს კადრის, ვალენტინე ნალივაიჩენკოს ნაცვლად 41 წლის ვალერი ხოროშკოვსკი დანიშნა. ის იყო ბიზნესმენი, უკრაინის რადას დეპუტატი, პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრი. მედია-ჰოლდიმგ “ინტერის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. უკრაინის საბაჟოს უფროსი. შემდეგ ერთი წელი იყო უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე. როგორც ვხედავთ ხოროშკოვსკი სპეცსამსახურებში მუშაობის გამოცდილებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა და ამიტომაც ადვილად მართვადი იყო. პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს ხოროშკოვსკიმ უკრაინა დატოვა. ზელენსკის პრეზიდენტად არჩევისთანავე კი კიევში ჩავიდა და ამჟამად უკრაინის მთავრობის კონსულტანტია.

2010 წლის ივნისის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა არმიის გენერალი ნიკოლაი მალომუჟი გაათავისუფლა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან და ამ პოსტზე დანიშნა გენერალ-მაიორი გრიგორი ილიაშოვი.

iliashovi-1649147657.jpg

გრიგორი ილიაშოვი

ნ. მალომუჟი 2005 წლამდე უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მრჩეველი იყო საზოგადოებრივ საწყისებზე, ხოლო 2005 წლის აპრილიდან 2010 წლის ივნისამდე უკრაინის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. მას უშიშროების და დაზვერვის ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. გენერალ-მაიორმა გრიგორი ილიაშოვმა 1990 წელს დაამთავრა სსრკ სუკ-ის უმაღლესი კურსები ნოვოსიბირსკში და ჯერ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, 1992-2005 წლებში კი უკრაინის უშიშროების სამსახურის ლუგანსკის ოლქის სამმართველოში მუშაობდა. იუშჩენკოს პრეზიდენტობისას კი კადრების განკარგულებაში გაუშვეს. ამიტომაც ილიაშოვმა საკუთარი პოლიტიკური მომავალი იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიას” დაუკავშირა. გ. ილიაშოვი იანუკოვიჩის (ანუ რუსეთის) ერთგული კადრი იყო – ის “რეგიონთა პარტიიდან” გახდა სახალხო დეპუტატი და 2007 წლის ნოემბრიდან ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობდა. ილიაშოვის მთელი კარიერა კონტრდაზვერვას უკავშირდებოდა და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად მისი დანიშვნა, ბუნებრივია ნაკლებეფექტიანი გამოდგა. ალბათ ასეც იყო ჩაფიქრებული. გ. ილიაშოვი ამჟამად იმყოფება რუსეთში.

ამ საკადრო ცვლილებებს უკრაინის სპეცსამსახურების საქმიანობის რადიკალური ცვლილებები მოჰყვა და 2010 წლის ივნისისდან უკრაინის სპეცსამსახურების პრიორიტეტებში აშშ უკვე #1 მტერი გახდა. “მითხარი ვის წინააღმდეგ აპირებ ჯაშუშობას და გეტყვი ვინაა შენი მთავარი მტერი” – ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა საყოველთაოდ ცნობილმა ფრაზამ: “მითხარი ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი თუ ვინა ხარ შენ”. 2010 წლის 19 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურისა და რუსეთის ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელებმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პარალელურად ხორციელდებოდა უკრაინის სპეცსამსახურების ძირეული გაწმენდა პროდასავლურად განწყობილი კადრებისგან და უკრაინის კონტრდაზვერვის საქმიანობის მთავარი მიმართულებებიდან რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ მუშაობა ფაქტიურად გაქრა და მისი ადგილი აშშ დაიკავა. ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის საგარეო-პოლიტიკური

კურსის კარდინალური ცვლილებებით იყო გამოწვეული. კონტრდაზვერვის ელიტარული, #1 განყოფილება, რომელიც იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ მუშაობდა, 2010 წლის მაისიდან, რუს კოლეგებთან ერთად, მთლიანად აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების საწინააღმდეგო ოპერაციების დაგეგმვაზე გადაერთო. რუსეთისთვის კი უკვე #4 განყოფილებას სიმბოლურად უნდა “მიხედა”, რომლის შტატიც მეოთხედით შეამცირდა.

2010 წლიდან რადიკალური და ნიშანდობლივი ცვლელებები მხოლოდ უკრაინის სპეცსამსახურებს არ შეხებია. სახელმწიფოს მართვის ყველა სტრატეგიულ სფეროში ახალი მინისტრების დანიშვნა მოსალოდნელიც იყო, თუმცა გასაკვირი მხოლოდ მათი აშკარა პრორუსული წარსული და პოლიტიკური ორიენტაცია იყო, რასაც ისინი არც მალავდნენ. 2012 წლის თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა დიმიტრი სალამატინი, რომელიც უკრაინის მოქალაქე მხოლოდ 2005 წლის ბოლოს გახდა და მანამადე მისი მოღვაწეობა მთლიანად რუსეთის ბიზნეს-სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული. ამჟამად იმყოფება რუსეთში.

salamatini-1649147585.png

დიმიტრი სალამატინი

2012 წლის დეკემბერში უკრაინის თავდაცვის მინისტრად, კრასნოდარის მხარეში დაბადებული, ეროვნებით რუსი, ხოლო განათლებით ფინანსისტი პავლე ლებედევი დაინიშნა. მისი ბრძანებით 2014 წლის 19 თებერვალს კიევში, “მაიდანის” მომხრეების წინააღმდეგ დნეპროპეტროვსკში დისვოცირებული 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა გაიგზავნა, რამაც უკიდურესად გამწვავა ვითარება. ამჟამად ცხოვრობს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

lebedevi-1649147531.jpg

პავლე ლებედევი

განსაკუთრებით კურიოზული იყო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად სპეციალობით ფიზიკოსის და ეროვნებით რუსის, ანატოლი მოგილიოვის დანიშვნა, რომელიც უკრაინაში 30 წელზე მეტი ცხოვრობდა და . . . . უკრაინული ენა საერთოდ არ იცოდა.Aეტყობა ამ სიტუაციის უხერხულობას მაშინ უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩიც მიხვდა და ერთ-ერთ სხდომაზე მოგილიოვს კატეგორიულად მოსთხოვა ორ თვეში სახელწიფო ენის სრულყოფილად შესწავლა. 2011 წლის 8 ნოემბერს იანუკოვიჩმა რუსულენოვანი გენერალი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნა. მან 2014 წელს წყნარად და მშვიდად ჩააბარა ყირიმი რუსეთს.

magiliovi-1649147314.jpg

ანატოლი მოგილიოვი

ერთი შეხდევით საკმაოდ დიდი დრო გავიდა და “რუსული დესანტი” უკრაინის “ძალოვან ბლოკში” უკვე გამოვლენილი და განეიტრალებული უნდა იყოს. ეს ხელმძღვანელობას ეხება, თუმცა სპეცსამსახურების სპეციფიკაც ისაა, რომ აგენტურა საშუალო და ქვედა რგოლებში უფრო შეუჩნევლად და ეფექტიანად მოქმედებს. მერწმუნეთ, რუსეთის სპეცსამსახურები ყველაფერს იღონებდნენ, რომ მათი აგენტურა არა მარტო დარჩენილიყო უკრაინის სპეცსდამსახურებში, არამედ დაწინაურებულიყო კიდეც. რუსეთზე ორიენტირებული ჩინოვნიკები აუცილებლად დატოვებდნენ “ღრმა დაშიფრვის ოფიცრებსაც” და არა მარტო სპეცსამსახურებში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, არამედ ყველა სტრატეგიულ სამინისტროში და უწყებაში, ასევე პოლიტიკურ პარტიებში. ვინ შეიძლება იყოს “ღრმა დაშიფრვის ოფიცრი”?

ესაა სპეცსამსახურების შტატში მყოფი ფარული ოპერატიული თანამშრომელი, რომელიც წარგაზავნილია ოპერატიულად მნიშვნელოვან მიმართულებებზე ფარული ოპერატიული საქმიანობის წარმართვის მიზნით. კადრების, საფინანსო და სხვა სამსახურები მას აფორმებენ დაშიფრული მონაცემებით. “ოფიცრის” პირადი საქმე და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინახება მის უშუალო ხელმძღვანელთან. დაზვერვასთან მისი კავშირი ცნობილია მხოლოდ მისი უშუალო და პირდაპირი ხელმძღვანელებისთვის. ასე, რომ “ღრმა დაშიფრვაში” შეიძლება იმყოფებოდეს სპეცსამსახურების არაოპერატიული დანაყოფების: სამეურნეო ან საფინანსო სამმართველოს, არქივის რომელიმე თანამშრომელი, ან კადრების განყოფილების მომხიბლავი ქალბატონი, რომლებიც ღრმა კონსპირაციაში მოქმედებენ და მხოლოდ ერთეულებმა იციან მათი რეალური დავალება.

უკრაინის წინაშე დიდი პრობლემები, რომ ღალატთან იქნება დაკავშირებული, ამაზე შემდეგი ფაქტიც მეტყველებს. გაირკვა, რომ 23 თებერვალს რუსული არმიის შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (ეს ფაქტიურად “შიდა კონტრდაზვერვაა”) ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრეი ნაუმოვმა რამდენიმე ადამიანის თანხლებით დატოვა უკრაინა. მისი ოჯახი კი უფრო ადრე წასულა. სავარაუდოდ მათი კვალი რუსეთში აღმოჩნდება.

როგორ ფიქრობთ ნაუმოვი ხელცარიელი წავიდოდა, თუ საიდუმლო დოკუმენტებითა და ინფორმაციით დატვირთული? ანდრეი ნაუმოვისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის ხერსონის ოლქის სამართველოს ყოფილი უფროსის, სერგეი კრივორუჩკოს წინააღმდეგ აღიძრა საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით („ღალატი“).

31 მარტს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით ორივეს ჩამოართვეს გენერლის სამხედრო წოდება. ზელენსკიმ ასევე განაცხადა” „დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორ ანტიგმირთან დაკავშირებით. ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს გავუმკლავდე, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ყველა დაისჯებიან“. შეძლებს კი ზელენსკი ამას? რამდენად არიან მზად რუსეთის აგენტურის გამოსავლენად უკრაინის სპეცსამსახურები?

(პირველი ნაწილის დასასრული)