სამ ასოზე გაგზავნილ რუსულ ხომალდს უკან უკრაინული „ნეპტუნი“ „დააწიეს“ ?! - კვირის პალიტრა

სამ ასოზე გაგზავნილ რუსულ ხომალდს უკან უკრაინული „ნეპტუნი“ „დააწიეს“ ?!

სამ ასოზე გაგზავნილ რუსულ ხომალდს უკან უკრაინული „ნეპტუნი“ „დაეწია“ ?!

საოცარი დამთხვევაა - როდესაც გუშინ, 4 აპრილს, ბლოგისთვის ვწერდი სტატიას სათაურით - „რას უზამენ ბრიტანული „ჰარპუნებით“ რუსულ ხომალდებს უკრაინელები?!“, თურმე, ჩემი თეორიული გათვლები რეალობაში სრულდებოდა - ყოველ შემთხვევაში, უკრაინელი ოფიციალური პირების მტკიცებით, 4 აპრილს უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნმა“ რუსული სამხედრო ხომალდი „ადმირალი ესენი“ დააზიანა...

სარაკეტო ფრეგატი „ადმირალი ესენი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი თანამედროვე სამხედრო ხომალდია და მან თავისი ფრთოსანი „კალიბრებით“ არა ერთი დარტყმა მიაყენა უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებსა და ქალაქებს.

შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის გენერალიტეტი, მასზე შურისძიების მიზნით, დიდხანს ნადირობდა და საწადელი უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნით“ აისრულა.

2-1-1649154132.png
უკრაინული „ნეპტუნების“ რაოდენობა მართალია მცირეა, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არაერთი ხომალდი შეიძლება დაუზიანონ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს...

„ნეპტუნების“ რაოდენობა შეზღუდულია და ამიტომაც უკრაინელები მათ თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ იმ კრიტიკული მომენტისთვის, თუკი რუსეთი ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმას დაიწყებდა.

თუმცა, რუსული საზღვაო დესანტი ჰორიზონტზეც კი არ მოჩანს და, დიდი ალბათობით, არც შედგება, ამიტომაც უკრაინელებმა დაიწყეს „ნეპტუნების“ „გამეტება“ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მოდრეიფე რუსული ხომალდებისთვის, მით უმეტეს, რომ ბრიტანელები კიევს „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას შეჰპირდნენ.

5 მ სიგრძის უკრაინული „ნეპტუნი“ ფრთოსან რაკეტას წარმოადგენს, მისი მასა 870 კგ-ს აღწევს, ხოლო საავიაციო ნავთზე მომუშავე ტურბორეაქტიული ძრავი მას 900 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს.

რაკეტის ფრენის მაქსიმალური მანძილი 280 კმ-მდე აღწევს და ფრენის სიმაღლე, მთელ მარშრუტზე, 10-დან 300 მ-მდე მერყეობს, ოღონდ მიზანთან მიახლოებისას „ნეპტუნი“ ზღვის ზედაპირს „ეკვრება“ და მოწინააღმდეგის ხომალდს 3-10 მ-ის სიმაღლეზე „ეპარება“, რათა ადრეულად არ იყოს აღმოჩენილი ხომალდის რადიოლოკაციური საშუალებებით და საზენიტო გადამღობი ცეცხლი არ გაუხსნან.

„ნეპტუნი“ ფრენის სამარშო მონაკვეთზე იყენებს დამიზნების ინერციულ სისტემას, რომელიც „ჯი-პი-ესით“ კორექტირდება, ხოლო სამიზნესთან დაახლოებისას ამოქმედდება რაკეტის თავში დაყენებული აქტიური რადიოლოკაციური თვითდამიზნების სისტემა, რომელსაც ხომალდის უზარმაზარი კორპუსი „შეუმჩნეველი“ ნამდვილად არ დარჩება...

„ნეპტუნს“ 150 კგ მასის მსხვრევად-ფუგასური მოქმედების საბრძოლო ქობინი უყენია, რომლის აფეთქება 5 ათასი ტონა წყალწყვის ხომალდის გარანტირებულად მწყობრიდან გამოყვანას უზრუნველყოფს, შემდგომი ჩაძირვის შესაძლებელი „პერსპექტივითაც“...

რუსული სარაკეტო ფრეგატის - „ადმირალ ესენის“ სრული წყალწყვა 4 ათას ტონამდეა და თუ მას მართლაც მოხვდა უკრაინული „ნეპტუნი“ (რის დამადასტურებელ ფოტოვიდეო მასალას იმედია ადრე თუ გვიან ვიხილავთ, როგორც არ უნდა დამალოს რუსულმა მხარემ), კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა, ხოლო მის 180-კაციან ეკიპაჟში შეიძლება მსხვერპლიც იყოს...

3-1649148032.jpg
ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში, პირსთან, უკრაინელების სარაკეტო დარტყმის შედეგად აფეთქებული და ჩაძირული რუსული დიდი სადესანტო ხომალდის - „სარატოვის“ თანამგზავრული ფოტო

დღემდე, ომის 41-ე დღეს, ფოტოვიდეო მასალით დადასტურებულია, რომ რუსეთმა დაკარგა ერთი დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“, ხოლო ერთი დიდი სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ და „რაპტორის“ ტიპის საპატრულო კატარღა კი - დაზიანდა.

გარდა ამისა, უკრაინული მხარე ამტკიცებდა, რომ „გრადების“ ზალპით მათ, ასევე, დააზიანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „ვასილ ბიკოვი“.

თავად უკრაინელების დანაკარგი შავ და აზოვის ზღვაში 14 ხომალდსა და კატარღას შეადგენს.