"ნებისმიერი განსხვავებული აზრი დანაშაულად ითვლება. ჩვენ ყველას 15 წლით დაგვიჭერენ" - რუსი "ჩამშვები" მოსწავლეების ჩანაწერებით დასჯილი მასწავლებლები - კვირის პალიტრა

"ნებისმიერი განსხვავებული აზრი დანაშაულად ითვლება. ჩვენ ყველას 15 წლით დაგვიჭერენ" - რუსი "ჩამშვები" მოსწავლეების ჩანაწერებით დასჯილი მასწავლებლები

"მე ახლა 15 წლით დამიჭერენ", - რუსმა მოსწავლეებმა მასწავლებლები ომის საწინააღმდეგო სიტყვებისთვის პოლიციას გადასცეს.

ბოლო პერიოდში რამდენიმე რუსულ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში ერთმანეთის მსგავსი ინციდენტი მოხდა. მასწავლებლებს, ლექტორებსა თუ პროფესორებს, რომლებმაც უკრაინასთან ომი უარყოფითად შეაფასეს, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა პოლიციაში უჩივლეს.

„ჩვენ ტოტალიტარული სახელმწიფო გვაქვს“

ქალაქ პენზის მასწავლებელ ირინა გენს, რუსეთში შემოღებული ახალი კანონის მიხედვით, მალე გაასამართლებენ. ადგილობრივი „მემარცხენე ფრონტის“ აქტივისტის, სერგეი პადალნიკის ინფორმაციით, მასწავლებელს მოსწავლეებმა უჩივლეს და რუს სამხედროებზე „ფეიკის“ გავრცელებაში ადანაშაულებენ.

55 წლის ირინა გენი პენზის ოლქის ოლიმპიური სასწავლებლის ინგლისური ენის პედაგოგია. მისი სახელი სკოლის საიტზეც გვხვდება.

როგორც ცნობილია, მასწავლებელს მერვეკლასელმა სპორტსმენებმა შესჩივლეს, რომ რუს სპორტსმენებს ევროპის ტურნირებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, სანამ რუსეთი ცივილიზებულად მოქმედებას არ დაიწყებს, ეს მუდამ ასე გაგრძელდება“, - აუხსნა მასწავლებელმა მოსწავლეებს.

მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერიც, რომელიც, სავარაუდოდ, მოსწავლეებმა ჩაწერეს. ჩანაწერის მიხედვით, მასწავლებელი ბავშვებს უხსნის, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა და რუსეთს ამ ქვეყნის მთავრობის დამხობა სურს, რომ რუსეთი ახლა განდეგილი ქვეყანაა, რადგან „მსოფლიო გაოცებულია, როგორ შეიძლება ცივილიზებულ სამყაროში ასე მოქცევა“.

„ჩვენ ტოტალიტარული ქვეყანა გვაქვს", - ამბობს მასწავლებელი ჩუმად, - "ნებისმიერი განსხვავებული აზრი დანაშაულად ითვლება. ჩვენ ყველას 15 წლით დაგვიჭერენ, მეც 15 წლით დამაკავებენ“, - ამბობს მასწავლებელი გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

როგორც ცნობილია, 30 მარტს მასწავლებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მას რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მასწავლებელს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებლის აუდიოჩანაწერი ჰეშთეგით გაავრცელეს: #პრეზიდენტისთვის.

დაფიქსირდა შემთხვევები, როცა „ჩაშვებულ“ მასწავლებელს ჯარიმა დააკისრეს.

ინგლისური ენის პედაგოგს მარინა დუბროვას, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრას მხარი არ დაუჭირა, ვიდეო გადაუღეს და გაავრცელეს. როგორც ერთ-ერთ სააგენტოსთან თავად დუბროვა ამბობს, შესვენებაზე მოსწავლეებმა სთხოვეს, აზრი გამოეთქვა „სპეცოპერაციის“ შესახებ.

„ბავშვებს ვუპასუხე, რომ საომარი მოქმედება შეცდომად მიმაჩნია. როგორც აღმოჩნდა, ჩემს ნათქვამს ტელეფონით იწერდნენ, ეს ჩანაწერი შემდეგ პოლიციაში აღმოჩნდა“, - განმარტავს მასწავლებელი.

როგორც დუბროვა ამბობს, გაოცებულია იმ აგრესიით, რომელსაც ბავშვები უკრაინაზე საუბრისას გამოხატავენ, ასევე, იმ მეთოდიკით „სპეცოპერაციის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს გაკვეთილები უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, საბოლოოდ, ეს მეთოდიკა არ გამოუყენებიათ.

დაჯარიმდა ამურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ევგენია პაიგინაც, რომელიც, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, სტუდენტებს უხსნიდა, რომ რუსეთმა ყირიმის ოკუპირება განახორციელა და არაკანონიერად დაიპყრო. მან ის ადამიანები, ვინც მანქანებსა თუ მაისურებზე Z და V სიმბოლოებს გამოსახავენ, არაადეკვატურებად შეაფასა და სტუდენტებს უთხრა, რომ რუსული არმია უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავს.

„რუსული არმია ისე იქცევა, როგორც ნაცისტური გერმანია 1941 წელს“, - ამბობს მასწავლებელი.

სასამართლომ პაიგინა 30 ათასი რუბლით დააჯარიმა. მან ბრალი არ აღიარა:

„112-ში ერთ-ერთი სტუდენტის დედამ დარეკა და მიჩივლა, თუმცა ის თავად არ ესწრებოდა ჩემს ლექციას და თავად მას არაფერი მოუსმენია. სტუდენტები, რომლებიც ამ ფაქტზე დაკითხეს ამ ქალისა და მისი მეგობრის შვილები არიან“.

მათემატიკის მასწავლებელს, ელენა ბაიბეკოვას კი სასამართლომ 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც მასწავლებელმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, მას მოსწავლეებთან პოლიტიკურ თემაზე არ უსაუბრია და ყველაფერი დააბრალეს, რადგან სკოლის ადმინისტრაციას ოპოზიციური განწყობის გამო მისი სამსახურიდან გაშვება დიდი ხანია, სურდა.

რუსული პროპაგანდა სკოლებში

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, რუსულ სკოლებში აქტიურად ატარებენ გაკვეთილებს თემაზე - „არა ომი“, მოსწავლეებს კი უხსნიან, რომ რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე ფაშისტური რეჟიმის დასამხობად შევიდა და იძულებულია, დაიწყოს „არა ომი“, არამედ - მშვიდობა დაამყაროს.

ჩატარდა ღია გაკვეთილიც: „სამყაროს მცველები“, რომელიც 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. გაკვეთილზე საუბრობდნენ, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს უქმნის. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის გადაიღეს მულტფილმი, სადაც ბიჭი, რომელსაც რუსული დროშის ფერი მაისური აცვია, უკრაინის დროშის ფერში გამოსახულ ბიჭს ჯოხს ართმევს, რადგან მან სხვა - დონბასისა და ლუგანსკის ფერებში შემოსილი ბავშვები არ დაჩაგროს.

მკაცრი პროპაგანდის მსხვერპლნი გახდნენ რუსი სტუდენტებიც, რომლებიც აქამდე ხელმოწერებს აგროვებდნენ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე ომი შეწყვეტილიყო. 4 მარტის შემდეგ, ყველა გამოსვლა, რომელიც რუსული არმიის წინააღმდეგაა მიმართული, სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა.

(წყარო)