ტანკსაწინააღდეგო რაკეტით შვეულმფრენის ჩამოგდება - უკრაინელების წარმატებული "საბრძოლო ექსპერიმენტი“, რომელიც ქართველებსაც შეუძლიათ გაიმეორონ... ათასჯერ - კვირის პალიტრა

ტანკსაწინააღდეგო რაკეტით შვეულმფრენის ჩამოგდება - უკრაინელების წარმატებული "საბრძოლო ექსპერიმენტი“, რომელიც ქართველებსაც შეუძლიათ გაიმეორონ... ათასჯერ

ომში ყველაფერი ხდება, მაგრამ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით შვეულმფრენის, თანაც რომლის, რუსული შეჯავშნული „ალიგატორის“ ჩამოგდება, მაინც უნიკალური შემთხვევაა.

უკრაინის არმია ავრცელებს ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს, უკრაინული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსიდან „სტუგნა-პ“-დან გაშვებული მართვადი რაკეტა რამდენიმე წამში როგორც ხვდება ერთ ადგილზე ჩამოკიდებულ რუსულ დამრტყმელ შვეულმფრენს „კა-52“ „ალიგატორს“, ჰაერშივე აფეთქებს მას და ძირს შვეულმფრენების ნამსხვრევები ცვივა...

ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი (თანაც ტანდემური) რაკეტა დინამიკური დაცვის მქონე ტანკის ჯავშანს ხვრეტს გამჭოლად და შვეულმფრენი „ნაფლეთებად“რომ აქციოს, რა არის ამაში გასაკვირი - მხრებს აიჩეჩს მკითხველი, მაგრამ ნაწილობრივ იქნება მართალი.

მართლაც, „სტუგნას“ რაკეტის ორთავიანი კუმულაციური ქობინი დინამიკური დაცვის აფეთქების შემდეგ, კიდევ ერთ მეტრამდე სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს, მაგრამ მთავარი შვეულმფრენზე ზუსტად მორტყმაა რამდენიმე კმ-ის სიშორიდან, იმ შვეულმფრენზე, რომელიც ტანკზე ბევრად სწრაფად გადააადგილდება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში „სტუგნას“ ოპერატორს გაუმართლა, რადგან რუსული „ალიგატორი“ თითქმის ერთ ადგილზე იყო ჩამოკიდებული და მხოლოდ გვერდზე ტრიალებდა. ეტყობა „საკბილოს“ ეძებდა, მაგრამ თავად გახდა მსხვერპლი.

რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობამ აჩვენა, რომ უკრაინელების „სტუგნა“ თავისი საბრძოლო ეფექტიანობით არათუ ჩამოუვარდება ამერიკულ „ჯაველინს“, არამედ რაღაცაში ჯობნის კიდეც.

მართალია „სტუგნას“ არ შეუძლია „ჯაველინივით „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპით იმოქმედოს და ვერც ზემოდან პიკირებს მტრის ტანკის კოშკურაზე, მაგრამ იმავე „ჯაველინზე“ ორჯერ შორ მანძილზე-5 კმ-ზე შეუძლია მიზნის დაზიანება, ხოლო მოწინააღმდეგის ტანკის შეჩერება მანამდე, სანამ ის შენამდე ჭურვს მოაღწევს ( ტანკები ჭურვებს დამიზნებით, როგორც წესი, 2,5-3 კმ-ზე შორიდან ვერ ისვრიან), ბევრს ნიშნავს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ოპერატორისთვის, რომელიც ტანკის ეკიპაჟისგან განსხვავებით, სრულიად დაუცველი იმალება გაშლილ ადგილას.

ისე, უკრაინული „სტუგნა“ ამ მხრივაც უფრო მოსახერხებელია ოპერატორისთვის, რადგან დისტანციური მართვის პულტის დაცილება 50 მ-ით შეიძლება რაკეტის გასაშვები დანადგარიდან. რაკეტის სტარტისას მოწინააღმდეგეს შეუძლია მისი ადგილსამყოფელის დაფიქსირება და ზუსტი საპასუხო ცეცხლის გახსნა, მაგრამ რამდენიმე ათეული მეტრით დაშორებულ ოპერატორს გადარჩენის ბევრად მეტი შანსი რჩება, ვიდრე „ფაგოტსა“ ან სულაც იმავე „ჯაველინს“ „მიჯაჭვულ“ მსროლელს, თუ ამ უკანასკნელმა დროზე არ მოასწრო გაქცევა.

„სტუგნის“ პოპულარობა ამ ომში იმ ფაქტორმაც გაზარდა, რომ დისტანციური მართვის პულტი დიდი მონიტორითაა აღჭურვილი და რაკეტის მიზანში მოხვედრის ეფექტური მომენტი ვიზუალურად ფიქსირდება,მათ შორის ფოტო-ვიდეო ფიქსაციით და ამ კადრების ინტერნეტით ფართოდ გავრცელება „სტუგნას“კიდევ უფრო მაღლა უწევს საბრძოლო რეიტინგს, მაშინ, როდესაც „ჯაველინის“ მართვის პულტის ვიწრო ვიდეოოკულარში ასეთ ეფექტურ კადრებს ვერ დააფიქსირებ.

„სტუგნას“ რაკეტის დამიზნებაც საინტერესოდ ხდება: ლაზერის სხივით ნახევრადავტომატურ რეჟიმში, როდესაც ოპერატორმა მხოლოდ სამიზნე უნდა მონიშნოს, რაკეტა თავად იმართება, მიჰყვება ლაზერის სხივს.

samx2-1649171980.jpg
"სტუგნა-პ“ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის გასაშვები დანადგარი და დისტანციურად მართვის პულტი მონიტორით

ალბათ გაინტერესებთ, რატომ გამოვიტანე სათაურში, რომ უკრაინელების მიერ „სტუგნით“ მიღწეული წარმატებების, იქნება ეს ათობით რუსული ტანკის აფეთქება თუ თვით „მფრინავი ტანკის“-„ალიგატორის“ ჩამოგდება, ქართველებმა...ათსჯერ შეგვიძლია გავიმეოროთ, თუ დაგვჭირდა და მოვინდომეთ!

იმიტომ, რომ ქართული არმიის არსენალში უკრაინული „სტუგნის“ საექსპორტო ვარიანტის - „სკიფის“ ათასამდე რაკეტა შეიძლება იყოს...

ეს არ არის სამხედრო საიდუმლოება, რადგან ეს ინფორმაცია აღებულია რუსული სამხედრო საიტებიდან, სადაც მესამე წელია დევს და ის სავარაუდოდ მოპოვებულია თავად უკრაინული სახელმწიფო კიევის საკონსტრუქტორო ბიურო „ლუჩის“ მიერ გასაჯაროებული მასალებით, თუ რომელ ქვეყანას რამდენი „სკიფი“ მიჰყიდეს...

samx3-1649171980.png
ამ დროისთვის 10 ერთეული რუსული "კა-52“ "ალიგატორის“ ჩამოგდებაა დაფიქსირებული, მათგანის ერთ-ერთის ფრაგმენტები ასე გამოიყურება

თუ დავუჯერებთ ამ ინფორმაციას, ჯერ კიდევ 2007 წლის 27 ნოემბერს „ლუჩმა“ სახელმწიფო კომპანია „უკრსპეცექსპორტთან“ დადო ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ოთხ ეტაპად „სკიფის“ სარაკეტო კომპლექსის 25 დანადგარისა და 400 რაკეტის მოწოდებაზე, საერთო ფასით - 11,52 მლნ დოლარი.

2009 წლისთვის „სკიფის“ რვა რაკეტა ჩამოიწერა (სავარაუდოდ გამოყენებული იქნა საჩვენებელი და სასწავლო სროლებისთვის), მაგრამ იმავე წელს ორი ახალი ხელშეკრულება გაფორმდა,რომლებიც საერთო ჯამში ქართული არმიისთვის დამატებით კომპლექსის 13 დანადგარისა და 590 რაკეტის მოწოდებას ითვალისწინებდა.

საექსპორტო „სკიფის“ ერთი რაკეტის ფასი 30 ათასს დოლარამდე იყო, თავად უკრაინის არმიისთვის კი 20 ათასს დოლარს არ აღემატებოდა -ეს ბევრჯერ უფრო ნაკლებია 80 ათას დოლარად ღირებულ „ჯაველინის“ რაკეტასთან შედარებით.

თუკი ვენდობით ამ მონაცემებს, გამოდის, რომ ქართულ არმიას „სკიფის“ 38 დანადგარი და 990 რაკეტა შეიძლება ჰქონდეს (განვლილ პერიოდში რაკეტების მარაგი მცირედით შემცირდებოდა სწავლებებზე გამოყენების გათვალისწინებით, თუკი დამატებითი შესყიდვები არ განხორციელებულა), რაც ძალიან კარგია ამერიკული „ჯაველინებისა“ და თვით მოძველებული „ფაგოტების“ მარაგის გათვალსწინებით. ანუ ქართულ არმიას აქვს ის, რითაც შეიძლება გადამწყვეტ მომენტში, პირველ ეტაპზე მაინც, წინ აღუდგეს სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონების შემოტევას და შიგადაშიგ შვეულმფრენებიც კი ჩამოუგდოს...