„ყოველი მეხუთე - ოფიცერი. რაზე მეტყველებს რუსეთის დადასტურებული დანაკარგები უკრაინასთან ომში“ - კვირის პალიტრა

„ყოველი მეხუთე - ოფიცერი. რაზე მეტყველებს რუსეთის დადასტურებული დანაკარგები უკრაინასთან ომში“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის (BBC Russian) რედაქციამ მოამზადა ანალიტიკური მიმოხილვა სათაურით - „ყოველი მეხუთე - ოფიცერი. რაზე მეტყველებს რუსეთის დადასტურებული დანაკარგები უკრაინასთან ომში“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

„რუსეთში ყოველდღიურად ხდება უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვა. დაღუპულთა 20%-ს ოფიცრები შეადგენენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სულ ბოლოს, 25 მარტს განაცხადა და დაასახელა რიცხვი - 1351 დაღუპული. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი სხვა რაოდენობას აჩვენებენ - დაღუპულია 18,300 რუსი სამხედრო მოსამსახურე.

ოფიციალურ წყაროებში, 5 აპრილის მონაცემებით, გამოქვეყნებულია მინიმუმ 1083 დაღუპული რუსი მებრძოლის ვინაობა. ყველაზე ხშირად ამის შესახებ იტყობინებიან როგორც რუსეთის რეგიონების და რაიონების ხელმძღვანელები, აგრეთვე - ადგილობრივი მასმედია.

მეტი ყურადღება - მეთაურებს...

1083 დადასტურებული დაღუპული სამხედრო მოსამსახურიდან 217 ოფიცერია - უმცროსი ლეიტენანტიდან გენერლამდე ანუ მთლიანი დანაკარგების 20% („ბი-ბი-სი“ ომის დაწყების დღიდან დაღუპულთა რაოდენობას ყურადღებით ითვლის).

„რუსულ არმიაში არსებული ტრადიციის მიხედვით, დაღუპული მეთაურების

(ოფიცრების) ცხედრების საცხოვრებელ ადგილებში (სახლებში) გაგზავნას უფრო მეტი უპირატესობა ენიჭება და მათი სიკვდილის შესახებ ხშირად საჯაროდაც აცხადებენ", - ამბობს სამუელ კრენ-ევანსი, ლონდონის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევის სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი, - "უფრო დაბალი ჩინის მქონეებს კი - შედარებით ნაკლები. ეს ბუნებრივიცაა, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალების „ხერხემალს“ სწორედ ოფიცრები შეადგენენ“.

დაღუპულთა სიაშია 10 პოლკოვნიკი (I რანგის კაპიტნის ჩათვლით), 20 პოდპოლკოვნიკი, 31 მაიორი და სხვადასხვა წოდების მქონე 155 ოფიცერი (უმცროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე).

უკრაინის მტკიცებით, საომარი მოქმედებების დროს მოკლულია უკვე 7 რუსი გენერალი, მაგრამ რუსეთმა მხოლოდ გენერალ-მაიორ ანდრეი სუხოვაცკის სიკვდილი დაადასტურა.

ნატოს ქვეყნების არმიებში ბრძოლის ველზე ბევრ საკითხს სერჟანტები, კაპრალები და სხვა უმცროსი ჩინის მქონე სამხედროები წყვეტენ, რუსეთის არმიაში კი ანალოგიური დონის საკითხების მოგვარება ოფიცრებს ევალებათ, რომელთა სამხედრო ჩინი ლეიტენანტის წოდებაზე ნაკლები არ უნდა იყოს.

„რუსი ოფიცრები უზრუნველყოფენ საომარი ოპერაციების ტაქტიკურ ხელმძღვანელობას და თავიანთი ქვედანაყოფების - ოცეულების, ასეულების, ბატალიონების მომზადებას. სერჯანტები კი უფრო ხშირად ტექნიკას მართავენ და ოფიცრების ბრძანებებს ასრულებენ, ანუ ისინი, პრაქტიკულად, არავის მეთაურები არ არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ოფიცრები იძულებულნი არიან, საკუთარ თავზე აიღონ ბრძოლის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ფრონტის წინა ხაზზე. შესაბამისად, რუს ოფიცრებს შედარებით უფრო მეტი შანსები აქვთ, ბრძოლაში დაიღუპონ, ვიდრე სხვა ქვეყნების არმიების ოფიცრებს“, - ამბობს სამუელ კრენ-ევანსი.

მედესანტეები მხარდაჭერის გარეშე

რუსეთის არმიის დადასტურებული დანაკაგების სიის შესწავლის დროს შესამჩნევია ტენდენცია, რომ დაღუპულთა 15% საჰაერო-სადესანტო ძალებში მსახურობდა.

„ბი-ბი-სის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსი მედესანტეები ხშირად მონაწილეობენ რიგი ამოცანების გადაწყვეტაში, მათ შორის - იმ დავალებების შესასრულებლადაც კი, რომელთა მოგვარება ჩვეულებრივ ქვეითთა ქვედანაყოფს შეუძლია. მაგრამ რუსული არმიის სარდლობა მაინც უპირატესობას მედესანტეებს ანიჭებს იმდენად, რამდენადაც ისინი უფრო კარგად არიან მომზადებულნი როგორც ფიზიკურად, ისე - მორალურად.

„დაღუპულებს შორის მედესანტეთა დიდი წილი გასაკვირი არ არის", - ამბობს რობ ლი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, - "დესანტის სამხედრო ქვედანაყოფები ფრონტის ყველაზე რთულ უბანზე იბრძოდნენ - მაგალითად, გოსტომელის აეროდრომის შტურმის დროს, კიევთან ახლოს მომხდარ ბრძოლებში და უკრაინის სამხრეთში“.

ომის პირველივე დღეს რუსეთის არმიამ დესანტი გადასხა უკრაინის არმიის გოსტომელის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, „ანტონოვის“ აეროდრომზე. მედესანტეები ელოდნენ, რომ ბელარუსის მხრიდან უკრაინაში შესული რუსული ჯარის სახმელეთო ქვედანაყოფები მათთან კავშირს დაამყარებდნენ და ტყვია-წამლით მოამარაგებდნენ, მაგრამ რადგანაც სრულყოფილად ეს ვერ მოხერხდა, ერთთვიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ უკრაინის ჯარმა ალყაშემორტყმული რუსი მედესანტეები გაანადგურა და აეროდრომის კონტროლი დაიბრუნა.

სამუელ კრენ-ევანსი განმარტავს, რომ რუსეთი შედარებით ნელა ახორციელებდა საერთო-საჯარისო ოპერაციებს და ამიტომ მოწინააღმდეგის ზურგში ან ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნილი მედესანტეები რეგულარული ჯარისა და ავიაციის მხარდაჭერის გარეშე რჩებოდნენ.

არსებობს მონაცემები რუსეთის არმიის სხვა ელიტური ქვედანაყოფების დანაკარგების თაობაზეც: როგორც „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტებმა დაადგინეს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) სპეციალური დანიშნულების რაზმმა 15 მებრძოლი დაკარგა (ხუთი ოფიცრის ჩათვლით), ხოლო „როსგვარდიამ“, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება - 10 მებრძოლი. დაღუპულთა შორის არიან „კრაპის ბერეტების“ ცნობილი მფლობელები: რუსლან გალიამოვი, ოლეგ კირილოვი და ვიაჩესლავ აქთაშევი, რომლებიც რუსული „სპეცნაზის“ ელიტას წარმოადგენენ. „კრაპის ბერეტის“ ტარების უფლებისათვის დადგენილი გამოცდა მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს გამოცდად ითვლება.

დადასტურებულ დაღუპულთა სიაში არიან, ერთი შეხედვით, მოულოდნელი სპეციალობის მქონე პირები. ასე, მაგალითად, 28 მარტს ბრიანსკელმა ჟურნალისტებმა გამოაცხადეს, რომ დაიღუპა სამხედრო ორკესტრის სერჟანტი ალექსანდრე კარპეევი. იგი მესაყვირე იყო და რა მოვალეობას ასრულებდა უკრაინის ფრონტზე, ნახსენები არ არის.

ხანგრძლივი გზა სახლისკენ

ხშირ შემთხვევებში დაღუპულების ცხედრებს სახლებში სიკვდილის შემდეგ ორ-სამ კვირაში გზავნიან, რიგ შემთხვევებში კი - ერთი თვის შემდეგაც.

„პრინციპში, ცხედრების გაგზავნის ასეთი ვადები თანამედროვე, მეტ-ნაკლებად მსხვილი კონფლიქტებისთვის დამახასიათებელ ფაქტორს წარმოადგენს“, - აღნიშნავენ ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტები. „რასაკვირველია, ისეთ სიტუაციაში, როგორიც უკრაინაშია, ცოცხლებს (დაჭრილებს) მკვდრებთან შედარებით მეტი პრიორიტეტი ექნებათ - ძალისხმევა, ძირითადად, გადატანილია იმაზე, რომ სწორედ ცოცხლების მდგომარეობა იქნეს უზრუნველყოფილი, ხოლო დაღუპულთა მდგომარეობა მეორე პლანზე გადადის. სიტუაცია რთულდება ფრონტის ხაზის მუდმივი ცვლილებით. ორივე მოწინააღმდეგე მხარისათვის რთული ხდება ფლანგების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - ამბობს სამუელ კრენ-ევანსი.

უკრაინელ ოფიციალურ პირებს და თვითმხილველებს ხშირად უთქვამთ, რომ რუსეთის არმია უკანდახევის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გვამებს ტოვებს. იმავდროულად, მოსკოვი ხშირად უარს ამბობდა დაღუპულთა გაცვლაზე. ბევრია ამოუცნობი ცხედარი, რომელსაც დნმ-ის ტესტი აქვს ჩასატარებელი (ისინი ტანკებში და ჯავშანმანქანებში დაიწვნენ).

არმია - დამსაქმებელი

ყველაზე ხშირად უკრაინაში დაღუპულების ვინაობას დაღესტანში ამხელენ - ცნობილია უკვე 93 დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, რომელთა სახელები დაარქვეს სკოლებს და ქუჩებს, ასევე, ბურიატეთში - 52 დაღუპული, ვოლგოგრადის ოლქში - 48, ორენბურგის ოლქში - 41 და ჩრდილოეთ ოსეთში - 39.

რა თქმა უნდა, ასეთი გეოგრაფია არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ბრძოლებში სპეციალურად გზავნიდნენ სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთის განსაზღვრული რეგიონებიდან: „საერთოდ, რუსეთის არმიის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები (ე.წ. კონტრაქტნიკები) სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებს მიეკუთვნებიან, უფრო მეტად - პერიფერიების, მაგრამ არა მარტო სამხრეთს ან ჩრდილოეთ კავკასიას, არამედ - მთელ პერიფერიას - საშუალო და მცირე ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს“, - განმარტავს „ბი-ბისისთან" საუბარში რუსეთის რეგიონთმცოდნე, პროფესორი ნატალია ზუბარევიჩი. მისი თქმით, არმიაში საკონტრაქტო სამსახურში ხშირად მიდიან დეპრესიული და მცირედ დეპრესიული რეგიონებიდან, რომელთა შორისაა ბურიატეთი.

ცხოვრებისეული სცენარი - სკოლაში სწავლობდა, არმიაში მსახურობდა, ვერ იპოვა სამოქალაქო სამუშაო, შემდეგ კი ისევ არმიაში დაბრუნდა - დამახასიათებელია ბევრი იმ რუსი ჯარისკაცის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ. „არმია მნიშვნელოვანი დამსაქმებელია იმ ტერიტორიების მოსახლეობისათვის, სადაც სტაბილურ ხელფასს სხვა სფეროში ვერ აიღებ“, - ამბობს ნატალია ზუბარევიჩი.

„რუსეთის რეგიონებში დაღუპულთა შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციების მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ - ზოგან საკმაოდ აყოვნებენ, მაგალითად, კემეროვოს ოლქში; საერთოდ არ გამოცხადებულა საჯაროდ - ტომსკის ოლქში, ადიღეს რესპუბლიკაში და ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში. შეინიშნება კონკურენციაც, მაგალითად, დაღესტანსა და ჩეჩნეთს შორის, რომლებიც ღიად და ემოციურად აცხადებენ თავიანთი თანამემამულეების მონაწილეობას უკრაინასთან ომში. სხვა რეგიონებში სიკვდილის ფაქტებს უფრო ტრავმული და სევდიანი ხასიათი აქვს“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი ვიქტორ ვინოგრადოვი. მისი თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეგნებულად მოახდინა რეგიონებისადმი იმ ფუნქციის დელეგირება, რომელიც დაღუპულთა ვინაობის გამხელას ემსახურება.

თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა მოსაზრების გამო, ამ ფუნქციას მაინცდამაინც სრულყოფილად არ ასრულებს: ზოგჯერ მასმედიაში ქვეყნდება ომში დაღუპულთა რაოდენობა და მათი ვინაობა, მაგრამ შემდეგ პუბლიკაციები იშლება.

უკრაინაში დაღუპულ რუს სამხედრო მოსამსახურეთა კუბოები არა მარტო რუსეთის რეგიონებში იგზავნება, არამედ - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც, მაგალითად, ყირგიზეთის ისიკ-ყულის ოლქში, რომლის მცხოვრებ ეგემბერდ დობროევს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. იგი კრასნოიარსკში ცხოვრობდა დედასთან ერთად და 2021 წლის შემოდგომაზე ჯარში გაიწვიეს. დაიღუპა 19 წლის ასაკში. დაკრძალეს ისტორიულ სამშობლოში. არის მსგავსი ფაქტები ტაჯიკეთშიც.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - „სამხრეთ ოსეთის“ დედაქალაქში დაკრძალეს უკრაინის ბრძოლებში მონაწილე სერჟანტი ანდრეი ბაკაევი.

„ადრე ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მცხოვრებლები რუსეთის არმიაში სამსახურს ესწრაფვოდნენ, რომ მოქალაქეობა გამარტივებული სქემით მიეღოთ. ამჟამად ასეთი პრეფერენციები აღარ არის“, - განმარტავს უფლებადამცველი სვეტლანა განუშკინა. თუმცა მისი თქმით, დღესაც ბევრი მიგრანტისათვის არმია მიმზიდველ დამსაქმებელად რჩება: „ტაჯიკეთს რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის ხელშეკრულება აქვს დადებული, შესაბამისად, ტაჯიკებისთვის რუსულ არმიაში სამსახური - როგორც გაწვევით, ასევე, საკონტრაქტო - უპირატესობით სარგებლობს“, - ამბობს განუშკინა.

----------------

პუბლიკაციის დასასრულს „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს:

„რუსეთში ყოველდღე ქვეყნდება დაღუპულთა ახალი სახელები და მათი ფოტოსურათები. ეს კეთდება როგორც ოფიციალურად, ასევე - ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხშირად ამ ცნობებს ავრცელებენ ის დაწესებულებები, რომლებშიც დაღუპულები ოდესღაც მუშაობდნენ და სწავლობდნენ.

წინამდებარე ანალიზი მოვამზადეთ მხოლოდ იმ ცნობებზე დაყრდნობით, რომლებიც დაღუპულების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციებს შეიცავენ, მათი სრული სახელის, სამხედრო წოდებისა და დაკრძალვის ადგილის ჩათვლით. არ იქნა მხედველობაში მიღებული მასმედიის ცნობები ასეულობით დაღუპვის ფაქტებზე, რომლებშიც სამხედრო მოსამსახურის არც ვინაობა არაა მითითებული და არც რამე სხვა კონკრეტული მონაცემი. ჩვენ, ასევე, არ გაგვითვალისწინებია ცნობები იმ ადამიანების დაღუპვაზე, რომლებიც რუსეთის კადრის სამხედროები არ არიან და რუსეთის რეგულარულ არმიას არ მიეკუთვნებიან, ანუ მასში არ მსახურობენ. ვგულისხმობთ თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს და „ვაგნერის“ დაქირავებულებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ