"ამ დროს ერის მოღალატე ხარ, ჩემთვის ასეა!" - კვირის პალიტრა

"ამ დროს ერის მოღალატე ხარ, ჩემთვის ასეა!"

"გუშინ, მაგალითად, ერთმა კიეველმა მეგობარმა მთელი დღე ვერ მიპასუხა, რაც აქამდე არ მომხდარა და ძალიან ვინერვიულე... თურმე, ძალიან ცუდად გამხდარა ბუჩას ამბების გამო და აბა, რა იქნებოდა?! - ჩვენ დავწყდით აქ, რაც ბუჩაზე ვნახეთ. ახალგაზრდა გოგოს მაღალი წნევა ჰქონდა, ფაქტობრივად, ჰიპერტონიული კრიზი...", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" მსახიობი - ეკა ნიჟარაძე , რომელმაც თავისი აღშფოთება ვრცლად და გულწრფელად გაგვიზიარა.

- საქართველოში ამდენი უბედურება გამოვიარეთ, რაც რუსეთმა თავს დაგვატეხა, მაგრამ სულ რომ არაფერი გამოგვეცადა, დღეს მაინც იმდენად რთულია იმაზე საუბარი, რაც უკრაინაში ხდება, ცრემლების გარეშე ყოვლად შეუძლებელია... სიტყვებსაც - საშინელებას, ჯოჯოხეთს რომ ვამბობ, თითქოს არ არის საკმარისი, არ მყოფნის სიტყვები, ვერ ვპოულობ...

მგონია, რომ დედამიწაზე ავთვისებიანი სიმსივნეა რუსეთის სახით დამკვიდრებული, თავისი მეტასტაზებით, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არავის აძლევს... მით უმეტეს, ჩვენს ორსაუკუნოვან ისტორიას თუ გავიხსენებთ: დაწყებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის გასაბჭოება, 1989 წლის 9 აპრილი, შემდეგ აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომები... ჩვენი რამდენი საუკეთესო ახალგაზრდა დაიღუპა, პირადად ვიცნობდი როგორი რჩეული ახალგაზრდები იყვნენ... რუსები ამოსუნთქვის საშუალებას არც ჩვენ, არც არავის აძლევენ. თვითონაც არ შეუძლიათ მშვიდად ცხოვრება და არც არავის აცდიან.

- როგორც ხელოვანი, იტყოდით, რომ ორი რუსეთი არსებობს?

- ვერა! სამწუხაროდ, ვეღარ ვიტყოდი, რომ ორი რუსეთი არსებობს... არსებობენ ადამიანები, რომლებიც ალბათ თითზე ჩამოსათვლელები არიან, ვინც გააპროტესტა, ხმამაღლა თქვა სათქმელი და ქვეყანა დატოვა, ან არ დატოვა და იცის, იქ რაც მოელის. დღეს ერთი რუსეთია - სიბოროტის განსახიერება, მათი აღარაფერი მინდა!

- არიან ქართველი ხელოვანები, რომლებიც რუსეთს მხარს უჭერენ...

- აღარ არიან ისინი ქართველები! მხოლოდ სახელი, გვარი აქვთ ქართული და გადაიკეთონ, გახდნენ - ივანოვები, პეტროვები - უფრო მოუხდებოდათ...

- უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან სიახლოვე გაკავშირებთ?

- დიახ... მეგობრები მყავს კიევში, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ... დილით ადრე ვიღვიძებ, ისინი ჩვენზე უკან არიან დროის მიხედვით, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ნორმალურად არც სძინავთ, თავშესაფარში არიან და მაშინვე ვურეკავ. ღამეც ისე ვერ ვიძინებ, თუ არ გავიგებ, როგორ არიან... გუშინ, მაგალითად, ერთმა კიეველმა მეგობარმა მთელი დღე ვერ მიპასუხა, რაც აქამდე არ მომხდარა და ძალიან ვინერვიულე... თურმე, ძალიან ცუდად გამხდარა ბუჩას ამბების გამო და, აბა, რა იქნებოდა?! ჩვენ დავწყდით აქ ნერვიულობით, რაც ბუჩაზე ვნახეთ. ახალგაზრდა გოგოს იმდენად მაღალი წნევა ჰქონდა, ფაქტობრივად, ჰიპერტონიული კრიზი... ვერც ექიმს იძახებენ, არ არის ნორმალურად სასწრაფო დახმარება, მოხუცი მშობლები, ჩავარდნილი მამა ჰყავს და ურთულეს მდგომარეობაში იყო.

- თქვენი აზრით, საქართველოდან რამდენად არის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ?

- ხალხის მხარდაჭერა ნამდვილად არის! დანარჩენი არ ვიცი...

- ითქვა, რომ ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზეც არ იყო სათანადო თანაგრძნობა...

- დიახ, მაგრამ ამერიკის 20% არ აქვს რუსეთს ოკუპირებული... საქართველოდან აბსოლუტურად სხვა მიდგომა და ხედვა უნდა იყოს, რადგან ჩვენ ვიცით, რუსეთი რასაც ნიშნავს! უილ სმიტს ან სხვებს იგივე არ მოეთხოვებათ... ჰოლივუდიც ხომ ის აღარ არის, რაც იყო. კი, კარგი ჰონორარები აქვთ, კარგი ფილმები, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვალდებულები არაფერში არიან. უბრალოდ, ადამიანური მომენტია და ვხედავთ - შონ პენი რამდენად დიდ მხარდაჭერას გამოხატავს. ომის დაწყებიდან ცხელ წერტილშია და ახლა საქველმოქმედო ფონდიც შექმნა უკრაინის დასახმარებლად.

ამერიკელებს, ჰოლივუდს რა უნდა მოვთხოვოთ, როცა აგერ, საქართველოში, 30 კილომეტრშია რუსის ჯარი განლაგებული და ქვეყანაში პრორუსული არხები გვაქვს?! საოცარია, დაუჯერებელი რამ! ამ დროს ერის მოღალატე ხარ, ჩემთვის ასეა!

ისმის, - აბა ომი გინდათო? ეს სისულელეა, ომი ვის უნდა უნდოდეს? ომი, მიშა გინდათო და ათი წელი შეიძლება ერთი და იგივე ვიძახოთ, მეტი არაფერი ხდება? დღეს ვინც ამბობს, პოლიტიკაში არ ვერევიო, ეგ არის ტყუილი! პოლიტიკაში არ ვერევიო და ეგრე რა გამოდის, სად ხარ აბა, რას აკეთებ? ზიხარ სადღაც წყნარად და ქსოვ, ხატავ?

ადამიანი არ მეგულება, რომელსაც შეიძლება დღეს წყნარად ეძინოს, მუშაობდეს, ცხოვრობდეს. ჩემ გარშემო ასეთი არავინაა... ყველა უკრაინის ამბებით არის შეძრული და ზოგი საერთოდ ვერც იძინებს. მეც ძალიან ცუდად მძინავს ომის მერე...

დღეს რუსეთის მხარეს ყოფნა წარმოუდგენელი სიბნელე და გაუნათლებლობაა... მხოლოდ გაუნათლებლობასაც ვერ დაარქმევ! რაღაცას აქაც ხლართავენ და, მგონი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველ ერს ჩვენი არჩევანი გაკეთებული გვაქვს და ეს არის დასავლეთი!

რუსეთი ხვალ აღარ იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული! უკრაინელი ხალხი იმდენად მამაცი აღმოჩნდა, მათ ვერ დაამარცხებენ. ამ ერს რამდენი უბედურება აქვს გამოვლილი, ხომ ყველამ კარგად ვიცით... ამიტომ, დღეს ოპტიმიზმით ვარ სავსე და მგონია, სიბოროტე მათი ერთიანობით აუცილებლად დამარცხდება! ესეც რუსეთის ნარატივია - დასავლეთმა უკრაინას რა გაუკეთა, ომი დააწყებინა და სეირს უყურებენო...

- პოლონეთზე რას იტყოდით, რომელიც საოცარ თანადგომას გამოხატავს უკრაინის მიმართ?

- გმადლობთ, რომ პოლონეთზე მკითხეთ, რადგან პოლონეთისნაირი მეგობარი ჩვენთვისაც კი იშვიათი მეგულება. პოლონეთი და ბალტიისპირეთი, ეს არის ქვეყნები, რომლებიც მუდმივად გვერდით გვიდგანან, მიუხედავად ჩვენი მთავრობის ყოვლად გაუგებარი პოზიციისა, ქართველ ხალხს უდგანან სულ გვერდით.

აღარაფერს ვამბობ, რაც პოლონელებმა უკრაინის მიმართ ახლა გამოიჩინეს... ძალიან ბევრი ინიციატივა, რაც დღეს ევროკავშირს ეხება, პოლონეთიდან მოდის...

ნაცნობი შემხვდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იმყოფებოდა და ჰყვებოდა, პოლონეთში როგორი აწყობილი სისტემა აქვთ უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად. ერთი ადამიანიც რომ შედის, მას აღარც შია, აღარც სწყურია და დაცულიაო... ეხუმრებით თქვენ? სამ მილიონზე მეტი ლტოლვილია დღეს პოლონეთში. ჯვარი გვწერია და, ფაქტობრივად, მთელი საქართველო რომ ავიყაროთ და სხვაგან გადავსახლდეთ, იმხელა ციფრია...

უკრაინაზე ძალიან ბევრ ინფორმაციას ვეცნობი და დღეს წავიკითხე, ლტოლვილებიდან თითქმის ყველა ამბობს, უკრაინაში დავბრუნდებითო... ახლაც უნდათ უკვე დაბრუნება, მაგრამ ჯერ არ უშვებენ. დანგრეული, დანაღმულია მთელი ქალაქები.

დიდება გმირებს, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს! უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის!

ჩვენი ქართველი მებრძოლები მინდა, დავლოცო და მადლობა ვუთხრა მათ, დღეს რომ იქ იბრძვიან, ჩვენი უვაჟკაცესი ბიჭები და მეომრები. ღმერთმა ინებოს, მტერი დაამარცხონ, გაანადგურონ და შინ მშვიდობით დაბრუნდნენ...

ძალიან გულდასაწყვეტია, ვინც დავკარგეთ... აქ რომ ჩამოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე არ დაკრძალეს... ამ დროს, სტალინის დედა კეკე პანთეონშია დაკრძალული... დრო გავა და ისტორია ისე დაიწერება, როგორც სინამდვილეში იყო. ისინი გმირები არიან, მტერს, თავიანთ სამშობლოს, უკრაინის თავისუფლებას შეეწირნენ და სულ გმირებად დარჩებიან!

(სპეციალურად საიტისთვის)