"ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და "ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

"ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და "ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

"ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლევან ბრეგვაძისა და კიდევ ერთი მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს - ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს 1-წლიანი პატიმრობა, ვანო ბურდულს კი, 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა .

აღნიშნული ბრალდებულებიდან გიორგი ნიკოლიშვილის ეპიზოდში მონაწილები არიან - ბაქარ მაისურაძე, ნიკოლოზ დადვანი, თორნიკე გაბელიანი.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ყველა პირს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა მოუხსნა და ის ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარმოდგენილი, პროკურატურამ არაერთი მოწმე დაკითხა, მათ შორის, სამართალდამცავები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპოდენტსა და "ტვ პირველის" ოპერატორს 5 ივლისს, მაშინ როცა, ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, აქციის მონაწილეები სასტიკად გაუსწორდნენ. გიორგი ნიკოლიშვილი თავზე არსებული დაზიანებებით კლინიკაში თითქმის, ერთი თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სულ 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალდობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი.

დაკავებული 27 პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ 27-ვე დამნაშავედ ცნო, 26 პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი, ერთ პირს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.