"როგორც დამინახავდნენ, ჩემკენ გამორბოდნენ..." - კვირის პალიტრა

"როგორც დამინახავდნენ, ჩემკენ გამორბოდნენ..."

სალომე ლომიძე ჯავახეთში, სომხურენოვან სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. წარმოშობით ჭიათურელია. პედაგოგების ოჯახში გაიზარდა, რამაც მის პროფესიულ არჩევანზე იმოქმედა. „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის საშუალებითაც სალომე ჯავახეთში დასაქმდა.

- დედაჩემი წარმოშობით კახელია, გვარად ვაჩნაძე. დიდი ბაბუა, გიორგი ვაჩნაძე 1924 წელს თანასოფლელებს გამოუპარებიათ თბილისში. საბჭოთა ხელისუფლებამ მაშინ თელავში უამრავი ადამიანი დახვრიტა. ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ყველამ იცოდა, რომ „ხალხის მტრებს“ გიგოს გორაზე ხოცავდნენ და იქვე მარხავდნენ. მე ვსწავლობდი მამას მიერ დაარსებულ სკოლაში, „ქართულ გიმნაზიაში“. ამაჟმადაც დირექტორია, ისტორიას ასწავლის, დედა - მათემატიკას. ასე რომ, ამ გარემოს ბავშვობიდანვე მიჩვეული ვიყავი. მათი კოლეგები ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან. თავდაპირველად იურისტობა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე. მამას თავისმა კოლეგამ, ქართულის მასწავლებელმა შესთავაზა, თუ ბავშვს წინასაგამოცდო პერიოდში დახმარება დასჭირდება, დავეხმარებიო. წელიწად-ნახევარი დავდიოდი ქალბატონ რუსუდან ლეჟავასთან. იმდენად საინტერესო და კარგი პედაგოგი იყო, რომ საბოლოოდ ფილოლოგიურზე ჩაბარება გადავწყვიტე. ბიოლოგიასაც კარგად ვსწავლობდი, ამ საგანშიც კარგი პედაგოგი მყავდა. ერთი პერიოდი ექიმობაც მინდოდა, მაგრამ არ მიყვარს, ადამიანები რომ წუწუნებენ და როდესაც გავიაზრე, ყოველდღე მომიწევდა ამის მოსმენა, გადავიფიქრე.

- მშობლები რომ პედაგოგები იყვნენ, ეს უხერხულობას გიქმნიდათ სკოლაში?

- მამაც მასწავლიდა და დედაც, რაც მართლაც ქმნიდა ჩემთვის უხერხულობას. როცა დირექტორის შვილი ხარ, გაკვირდებიან და მეტი პასუხისმგებლობა გაქვს - ეს კარგად მქონდა გაცნობიერებული და ცოტა არ იყოს, მბოჭავდა კიდეც, მაგრამ თან მიხაროდა, როდესაც მათზე კარგს ამბობდნენ. ამას წინათ ჭიათურაში ჩავედი და ტაქსის მძღოლს ვთხოვე, მე-4 საჯარო სკოლაში მივეყვანე. - მე ვიცნობ მაგათ დირექტორს, იცით, რა კარგი ადამიანიაო? - მამას ქება დაიწყო. მესიამოვნა. სულ მესმოდა, რომ საამაყო მშობლები მყავდა და მეც ვცდილობდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ისე მოვქცეულიყავი, მათკენ თითი არასდროს არავის გაეშვირა. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეტი თავისუფლება კი მინდოდა.

- რატომ გადაწყვიტეთ სომხურენოვან სკოლებში გესწავლებინათ ქართული ენა?

- როდესაც მშობლიურ ენას ასწავლი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვს. ამით არა მხოლოდ საგანს, არამედ სხვა ბევრ რამეს აყვარებ. საერთოდ, რთულია ჩვენი პროფესია, მაგრამ საინტერესო.

2013 წელს მაგისტრატურა დავამთავრე. ჩემი მეგობარი ჩართული იყო პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ და მეც დავინტერესდი. მიყვარს სიახლეები და საკუთარი თავის გამოცდა. დავრეგისტრირდი, გავიარე გასაუბრება. ამ დროს უკვე სერტიფიცირებული მასწავლებელი ვიყავი. როდესაც გასაუბრებაზე განვაცხადე, - გამიხარდება, თუ ჯავახეთში გამანაწილებთ-მეთქი, გაუკვირდათ.

- რატომ გინდოდათ მაინცდამაინც ჯავახეთში წასვლა?

- არასდროს ვიყავი ამ მხარეში, ჩემთვის ეს სიახლეც იყო და გამოწვევაც, რადგან ბევრს არ უნდოდა აქ მუშაობა. 2013 წელსვე, სექტემბერში ჩამოვედი და მუშაობა დავიწყე დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში. თითქმის ყველა კლასში მიწევდა შესვლა. რომ გითხრათ, პირველ გაკვეთილზე განსაკუთრებული ემოციები მქონდა და დღემდე მახსოვს-მეთქი, ასე არ არის. ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს გაკვეთილზე. არ ვკომპლექსდები არც მაშინ, როდესაც ვინმე მესწრება. ბავშვები მალე შემეჩვივნენ. როგორც დამინახავდნენ, ჩემკენ გამორბოდნენ, მეხუტებოდნენ და მკოცნიდნენ. უფროსკლასელებზე რამდენიმე წლით უფროსი ვიყავი და უკვირდათ, უნივერსიტეტი მართლა დამთავრებული გაქვთო? ისე ვინ გამომიშვებდა-მეთქი მასწავლებლად, ვპასუხობდი. 2 წელი ვიმუშავე, როგორც დამხმარე მასწავლებელმა, შემდეგ გავიარე გასაუბრება და გადავინაცვლე კონსულტანტ მასწავლებელთა რიგებში. 2015 წელს უკვე ფოკის საჯარო სკოლაში გადმოვედი.

- როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, როგორ უნდა დააინტერესოს მოსწავლეები?

- ყველაზე რთულია მოიპოვო ბავშვის ნდობა. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვამბობ, არასდროს ვცვლი გადაწყვეტილებას და ეს კარგად იციან ჩემმა მოსწავლეებმა. ვმეგობრობ მათთან და მენდობიან. იციან, რასაც მეტყვიან, ჩვენ შორის დარჩება. მასწავლებელი მაგალითი უნდა იყოს მოსწავლისთვის. უნდა იგრძნოს ბავშვმა, რომ გიყვარს; მთავარი ურთიერთობებია, მარტო საგანი კი არ უნდა ასწავლო, უნდა დაეხმარო სოციუმში ინტეგრირდეს; გვერდში უნდა დაუდგე, როდესაც კონკრეტულ მომენტში შენი იმედი აქვთ. თუმცა, ზოგჯერ მკაცრიც ვარ. ვცდილობ, არ გავბრაზდე, ვიყო მშვიდი და საკუთარი თავი ვაკონტროლო. ეს მეხმარება არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ცხოვრებაშიც.

- იცოდით ინგლისური და შვედური ენა, ახლა უკვე სომხურიც.

- ბავშვობიდან გატაცებული ვიყავით სკანდინავიური მითოლოგიით, მიყვარდა ამბები ვიკინგებზე, ვკითხულობდი ბევრს, ნორვეგიაში ვიყავი კიდეც. გადავწყვიტე, ჯერ შვედური მესწავლა. აქ ჩამოსვლის შემდეგ კი სომხური ენის შესწავლაც დავიწყე. ერთ საღამოს მასპინძელს ვთხოვე, ჩამოეწერა სიტყვები, თანდათან ყურიც შეეჩვია. არაფერია რთული, თუ მოინდომებ.

- თვითონ თუ არიან დაინტერესებულები ქართული ენის შესწავლით?

- მშობლები დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორ სწავლობენ მათი შვილები. ერთი მოსწავლის ბებია მოდიოდა ხშირად სკოლაში და სულ აინტერესებდა, როგორ კითხულობდა მისი შვილიშვილი, როგორ იცოდა გაკვეთილი. როდესაც ოჯახის წევრი ასეა ჩართული სწავლის პროცესში, ბავშვსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ეს თემი მზადაა, მოხდეს მათი ინტეგრირება ქართულ სოციუმში.

- დღეს ბევრს საუბრობენ განათლების სისტემის ხარვეზებზე, ბევრს არ მოსწონს ზოგადი განათლების რეფორმები, სიახლეები...

- სიახლეები ყოველთვის აუცილებელია, ნებისმიერ სფეროში და მით უფრო, განათლების სფეროში. ციფრულ თაობას ვერ მოსთხოვ, დაიჭიროს წიგნი და იკითხოს, რადგან ისინი მარტივად იღებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან. გარდა ამისა, როდესაც სახლში ერთ წიგნს ვერ ნახავ, როდესაც მშობელს ვერ ხედავენ წიგნით ხელში, რანაირად შეიძლება ბავშვს კითხვა შეუყვარდეს? მახსოვს, ოჯახში კითხვის საღამოები გვქონდა ხოლმე. მამა გვიკითხავდა ნაწარმოებებს მე და ჩემს დებს, მერე ერთად ვარჩევდით, ვმსჯელობდით. ასე ერთად უნდა იზრუნოს მომავალი თაობის წიგნიერებაზე ოჯახმაც და სკოლამაც, მაგრამ გაუცხოება დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა თაობებს შორის. ალბათ სწორი იქნება, დრო ისე დავგეგმოთ, რომ ყურადღება არ მოვაკლოთ შვილებს და ახლობელ ადამიანებს.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"