“არ მაქვს ის პრობლემა, თითქოს, თბილისელი, მუხლებდალურჯებული გოგონა მოსკოველ ქალბატონად იქცა, რომელმაც დაივიწყა საკუთარი წარსული" - კვირის პალიტრა

“არ მაქვს ის პრობლემა, თითქოს, თბილისელი, მუხლებდალურჯებული გოგონა მოსკოველ ქალბატონად იქცა, რომელმაც დაივიწყა საკუთარი წარსული"

ქართული წარმომავლობის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და კრემლის პოლიტიკასაც ღიად უჭერს მხარს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებდა და უკრაინაში შეჭრას აკრიტიკებდა, კანდელაკმა დონბასისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღსანიშნავ კონცერტზე საზოგადოებას მიმართა და პუტინს მხარი დაუჭირა.

"ახალი დღე დადგა, მოდი, გავიხსენოთ კრიტიკული აზროვნების წესები:

1. არ დაუჯეროთ ტყვეების ფოტოებსა და ვიდეოებს. არის მაგალითები იმისა, რომ პირობითად, რუსული ქურთუკი უკრაინელ სამხედროს ზემოდან აცვია. ეს სასაცილოა, თუმცა ყველა ვერ ხვდება.

2. ახლა უკვე ნათელია, კიდევ ერთხელ, თუ ვინ არის მოღალატე. არ ვიტყვი, "ტელეგრამ"-არხებისა და სატელევიზიო არხების სიას, თუმცა "თეთრი ძაფი მათ უჩანთ, როგორც თეთრი ზონარი".

3. ვიდეოები ყვირილითა და ტირილით: ააა, ისინი კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას - ვირუსია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ თავგზა აგიბნიოთ. ამ სიყალბის ავტორებმა კარგად იციან თქვენი სუსტი წერტილი.

4. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ცივი გონება და ნუ ახდენთ საკუთარი თავის გადაბირებას, ნუ გახდებით ანგლოსაქსური პროპაგანდის მსხვერპლი. ხან სასარგებლოა საკუთარ თავს უთხრათ - მე არაფერი ვიცი, ვიდრე, თქვენთვის გამზადებული ტყუილი იცოდეთ", - დაწერა სოციალურ ქსელში თინა კანდელაკმა უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღეს.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუს სპორტსმენებსაც, რომლებმაც უკრაინაში მიმდინარე ვითარების გამო, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება დაკარგეს:

"მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რუს სპორტსმენებს ამ რთულ დროს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის ლოზუნგს უღალატა - „სპორტი პოლიტიკის მიღმა.“

tinakandelaki1-1649327403.jpeg

ამას მშვიდად ვერ ვუყურებ. 6 წელია სპორტულ არხს ვხელმძღვანელობ. ოდესმე, როცა ყველაფერი დალაგდება და დაწყნარდება, სპორტი იქნება ის, რაც კვლავ გაგვაერთიანებს. სპორტსმენები იქნებიან პირველები, რომლებიც გარე სამყაროსთან ინტეგრირებას დაიწყებენ”.

“დიახ, მე არ ვარ ამ ომში რუსეთის არმიის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა.

მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კიევში და ვიყავი უკანასკნელი ადამიანი, ვისაც სურდა უკრაინული მხარის ყველა ინფორმაცია გადმოეცა.

იმ აგრესიის კორიანტელი, რაც მე და ჩემს ოჯახს დაგვატყდა, გასაგები იყო, მაგრამ ძალიან უსაზღვრო. ბოდიში, თუ ვინმეს გრძნობები შეურაცხვყავი”, - დაწერა ტელეკომპანია ТНТ-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინა კანდელაკმა.

მომავალი ჟურნალისტი 1975 წელს თბილისში დაიბადა. როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, კანდელაკის დედა, ელვირა ალავერდიანი სომხური წარმომავლობისაა, მამა კი, გივი კანდელაკი, ქართველია. თინა ავლაბარში გაიზარდა, თბილისის 64-ე სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, აქ ის ყბა-სახის ქირურგიას შეისწავლიდა.

პირველ კურსზე მან ერთ-ერთი მედიასაშუალების შესარჩევი ეტაპი გაიარა, კანდელაკის პრობლემა ქართული ენის არცოდნა იყო, თუმცა ქართული ენა სწრაფად შეისწავლა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ჩააბარა.

ის უამრავ ტელეარხზე მუშაობდა, თუმცა СТС-ზე მუშაობისას ქართველი ჟურნალისტი მთელმა რუსეთმა გაიცნო.

„ჩემმა მეგობარმა ერთხელ ერთი ისტორია მიამბო. ერთ ცნობილ ტელეპროდიუსერს, რომელიც ახლა უცხოეთშია, ეკრანზე დავუნახივარ და უთქვამს: - რა კარგი გოგოაო, ჩემს მეგობარს კი უპასუხია: - ეს გოგო თინა კანდელაკია, სამი წლის წინ შენთან იყო მოსული, სამსახურს ეძებდაო... მას კი გავუხსენებივარ და უთქვამს: - მე ის მხოლოდ ლამაზი თოჯინა მეგონაო.

tina-1649327402.jpg
თინა კანდელაკი მეუღლესთან, ვასილი ბროვკოსთან ერთად

„ამბობენ, რომ ადამიანები არ იცვლებიან - ეს არ არის სიმართლე. ყველაფრის მიუხედავად, იცვლება შეხედულება ცხოვრებაზე, ორიენტირი, შემეცვალა სურვილები და მიზნებიც“, - ამბობს კანდელაკი ერთ-ერთ ინტერვიუში.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის PR კომპანია Апостол-ის თანამფლობელია, რომელიც რუსული არხებისთვის სხვადასხვა სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. 2011 წელს კანდელაკი ბანკ Вятка-ს დირექტორთა საბჭოს წევრიც გახდა, ასევე - შვედური კოსმეტიკური კომპანიის სახეც, მის მფლობელობაშია სარესტორნო ქსელი „თინათინი“ და, როგორც რუსული სააგენტოები წერენ, რესტორნის რეცეპტები თავად კანდელაკის დედის დაწერილია. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ კანდელაკმა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი "AnsaLigy" შექმნა.

2013 წელს მას ტელეარხ НТВ-ზე ჟურნალისტ მარგარიტა სიმონიანთან ერთად, პოლიტიკური ტოკშოუ მიჰყავდა. ასევე, არის სპორტული ტელეარხის მთავარი პროდიუსერი. ამჟამად კანდელაკი ტელეკომპანია ТНТ-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

როგორც ცნობილია, კანდელაკის პირველი მეუღლე ანდრეი კონდრახინი იყო, რომელიც მრავალპროფილური კლინიკის - АСКОН-ის თანამფლობელი და ბიზნესმენია. მათ ორი შვილი ჰყავთ - მელანია და ლეონტი.

tina2-1649327403.jpg
თინა კანდელაკი შვილებთან ერთად

„როცა ბავშვები არ გყავს, მხოლოდ საკუთარ სურვილებზე და შიშებზე ფიქრობ... თუ ადრე თავს სხვადასხვა ემოციის უფლებას ვაძლევდი, ახლა უარყოფითი ემოციების უფლება არ მაქვს. ახლა ბავშვები ნეგატივს უფრო მკვეთრად გრძნობენ. შეიძლება დეტალებს ვერ ხვდებიან, თუმცა ამ ენერგიას მაინც გრძნობენ“.

„არასენტიმენტალური ქალი - ნაკლებია, ვიდრე ქალი. არასდროს არავითარი კავშირი არ მქონდა ემანსიპაციასთან. მე ქალი ვარ, ქალი და კიდევ ერთხელ, ქალი“, - ამბობს საკუთარ თავზე კანდელაკი.

როგორც კანდელაკი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ის არა მხოლოდ უბრალოდ იხსენებს თბილისში გატარებულ ბავშვობას, ამ მოგონებას მუდამ თან დაატარებს. მას ახლაც აქვს კავშირი ძველ მეგობრებთან.

“არ მაქვს ის პრობლემა, თითქოს, თბილისელი, მუხლებდალურჯებული გოგონა მოსკოველ ქალბატონად იქცა, რომელმაც დაივიწყა საკუთარი წარსული და მას საგულდაგულოდ მალავს“.

„ჩემთვის, როგორც ნებისმიერი სხვა თანამედროვე ადამიანისთვის, საქართველო აღარ არის ის შორეული ადგილი, საიდანაც წამოვედი. ტექნოლოგიების წყალობით, მე 24 საათის განმავლობაში ვუკავშირდები ჩემს ახლობლებს“.

2016 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი და პროდიუსერი თინა კანდელაკი 10 წლით უმცროს მამაკაცს გაჰყვა ცოლად. მისი რჩეული ვასილი ბროვკოა.

როგორც ცნობილია, კანდელაკმა ბროვკო მაშინ გაიცნო, როცა ჯერ კიდევ პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა.

„როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, ის სტუდენტი იყო და არაფერი გააჩნდა. დამერწმუნეთ, სხვა არჩევნის გაკეთების საშუალებაც მქონდა. მე კი ის ერთი თვისების გამო ავირჩიე: მასთან ყოფნა ჩემთვის საინტერესო იყო... არ არის საჭირო მამაკაცს „ფრთები დააჭრა“, - ამბობს მეორე ქმარზე საუბრისას თინა კანდელაკი.

„მე და ჩემი მეუღლე პარტნიორები ვართ, თუმცა ოჯახში ამ სიტყვის გამოყენება ცოტა საფრთხილოა. მამაკაცი ყოველთვის მამაკაცად უნდა დარჩეს, ქალი კი - ქალად“.

კანდელაკი ყოველთვის ღიად აფიქსირებდა კეთილგანწყობას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ:

"პუტინი - ისტორიული ეპოქაა", - ამბობს ჟურნალისტი.

"მე ვარ პუტინის მომხრე იმიტომ, რომ მინდა, რუსეთს ჰყავდეს ძლიერი ლიდერი. მე მისი მხარდამჭერი ვარ, რადგან ვერ ვხედავ მის კონკურენტს, ძლიერ ძალას. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც აერთიანებენ ქვეყანას და არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მას შლიან. პუტინმა რუსეთი შეკრა", - განაცხადა კანდელაკმა.