"სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ პუტინი, შეწყვიტოს ომი და ერთიანობა სანქციების აღსრულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია" - კვირის პალიტრა

"სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ პუტინი, შეწყვიტოს ომი და ერთიანობა სანქციების აღსრულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია"

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებებია და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანია აიძულონ პუტინი, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს, ამ სანქციების აღსრულებაში ერთიანობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ, საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენონ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება. ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია შეწყვიტოს ის დღესვე. ეს სასტიკი, ბარბაროსული თავდასხმა მეზობელ სუვერენულ ქვეყანაზე. სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ ის, შეწყვიტოს ომი და ერთიანობა სანქციების აღსრულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ზეწოლის შესანარჩუნებლად. ეს არის ის, რაც სანქციებს ასეთ ძლიერ იარაღად აქცევს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რომ სანქციების რეჟიმი დარჩეს ძალიან მტკიცე, მჭიდრო ქსელად, რომელიც მოახდენს ზეწოლას კრემლის რეჟიმზე, შეწყვიტოს ომი,“- აღნიშნა ელჩმა.

ელჩს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას კომენტართან დაკავშირებით, რომ უკრაინული მხარე ელოდება ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი არ ეხმარებიან რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

"ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომლის განხილვაც მედიის წინ უნდა მოხდეს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მის გადასაჭრელად აუცილებელია, მოხდეს სამთავრობო არხების გამოყენება. ერთადერთი, ვინც ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებლობს, რუსეთია მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.