უფრთხოდნენ თუ არა ოდესელები სეპარატისტული დნესტრისპირეთიდანაც თავდასხმას? - კვირის პალიტრა

უფრთხოდნენ თუ არა ოდესელები სეპარატისტული დნესტრისპირეთიდანაც თავდასხმას?

6 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა კვლავ მიიტანა სარაკეტო იერიშები ოდესაზე, რაც იმას მეტყველებს, რომ უკრაინის ამ მნიშვნელოვანი ქალაქის დაპყრობა და, შესაბამისად, უკრაინისთვის შავ ზღვაზე გასასვლელის მთლიანად ჩაკეტვის (როგორც კრემლმა ეს უკრაინის აზოვის ზღვის სანაპიროს გასწვრივ გააკეთა) იდეა რუსეთის გენერალიტეტის ოპერატიულ რუკებზე კვლავ „ცოცხლობს“...

მართალია რუსეთმა ვერ შეძლო ოდესა-ოჩაკოვის მონაკვეთზე საზღვაო დესანტის გადასხმა და ამიტომაც უკვე დაკავებული ხერსონიდან ნიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით ცდილობს სახმელეთო შეტევების განვითარებას, მაგრამ რჩება კიდევ ერთი საშიში მიმართულება, რომლის გამოყენება შეიძლება სცადოს რუსეთის არმიამ ოდესაზე თავდასასხმელად.

ეს არის უკრაინის მეზობელი მოლდოვას ტერიტორიაზე არსებული პრორუსული სეპარატისტული დნესტრისპირეთი, რომელიც მოსკოვმა კიშინიოვს მაშინ „აუფეთქა“, როდესაც თბილისს - ცხინვალი და სოხუმი.

ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით - რუსეთის ფედერაციას სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფანი საერთოდ არ აქვს, მაგალითად, როგორც როკის გვირაბი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ან სანაპირო გზა და რკინიგზის ხაზი - ოკუპირებულ აფხაზეთთან.

მიუხედვად ამისა, კრემლმა მაინც მოახერხა დნესტრისპირეთის „აჯანყებით“ დამოუკიდებლობა გამოცხადებული მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაშიც ელცინის რუსეთს მნიშვნელოვნად წაეხმარა... უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების პრორუსული პოზიციაც.

სეპარატისტული დნესტრისპირეთი მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზეა და ეკვრის უკრაინის საზღვარს. ადგილობრივი სეპარატისტების დედაქალაქიდან - ტირასპოლიდან უკრაინის ოდესამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 80 კმ-ია, ხოლო საზღვრის ხაზიდან ოდესამდე კი კიდევ უფრო ნაკლები - 60 კმ-მდე.

2-1649251119.jpg
რუკაზე წითლად გამოსახულია სეპარტისტული დნესტრისპირეთის მდებარეობა და მისი სიახლოვე უკრაინის ოდესასთან

რატომ აქვს ამ მანძილს დიდი მნიშვნელობა?

საქმე ის არის, რომ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში განთავსებულია რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები, რომელიც ეუთოს 1999 წლის სტამბულის შეთანხმებით, რუსეთს ჯერ კიდევ 2001 წლისთვის უნდა გაეყვანა მოლდოვადან, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ იქ არიან (იმავე ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წელს საქართველოდან გაყვანილ იქნა რუსეთის სამხედრო ბაზები, მაგრამ რად გინდათ? - ერთ წელში ისევ უკან „დაგვიბრუნდნენ“ და მერე - რა სახით...).

ამ რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“, რომლებიც ოფიციალურად ასე იწოდებიან - „დნესტრისპირეთის მოლდოვას რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ოპერატიული ჯგუფი“, საერთო რაოდენობა დიდი არ არის - 1,7 ათას კაცამდე (ისინი გაერთიანებულნი არიან ორ მოტომსროლელ ბატალიონში და ერთ დაცვისა და უზრუნველყოფის ბატალიონში), მაგრამ სამაგიროდ, ისინი აკონტროლებენ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილ უდიდეს სამხედრო საწყობებს, სადაც 20 ათას ტონამდე საბრძოლო საჭურველი ინახება.

ანუ რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში გადასხმის შემთხვევაში, მათ ადგილზე დახვდებათ საბრძოლო საჭურვლის უდიდესი მარაგი, რაც უკრაინაზე დასავლეთი მიმართულებიდან შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს მოსკოვს იმ მთავარი ჩანაფიქრით, რომ ოდესა აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან სახმელეთო შეტევების რკალში მოაქციოს...

...ანუ გაიმეოროს აზოვის ზღვისპირა მარიუპოლის ალყაში მოქცევის გეგმა - მარიუპოლი რვა წელი თავდაცვის ზღუდეებს ამაგრებდა აღმოსავლეთიდან - დონბასელი პრორუსი სეპარატისტების შეტევების მოსაგერიებლად, ხოლო დასავლეთის მიმართულებიდან - ანექსირებული ყირიმიდან, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის თითქმის უბრძოლველად გავლილი რუსი ოკუპანტების შეტევა ამ გმირი-ქალაქის დამცველებისთვის ურთულეს დარტყმად იქცა...

1-1649251169.jpeg
მართლაც დააპირებს რუსეთი სეპარატისტულ დნესტრისპირეთში საჰაერო დესანტის გადასხმას და იქიდან ოდესაზე შეტევის დაწყებას?

დღეს ოდესის დამცველებიც თავდაცვის ზღუდეებს, ძირითადად, სანაპირო ზოლზე და დასავლეთით - ხერსონი-ნიკოლაევის მიმართულებაზე ამაგრებენ და ზურგიდან, მოლდოვას საზღვრიდან, სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან რუსეთის ახალი საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების შეტევების დაწყება (რომლებსაც მხარი შეიძლება თავად დნესტრისპირელი სეპარატისტების15-ათასიანმა „არმიამაც“ კი აუბას), მათ ურთულესს მდგომარეობაში ჩააყენებს.

მაგრამ როგორ შეიძლება აღმოჩნდნენ რუსული საბრძოლო დანაყოფები ტირასპოლში, თუკი სეპარატისტულ დნესტრისპირეთს არც შავ ზღვაზე აქვს გასასვლელი და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდანაც, ყველაზე მოკლე ხაზით, 700 კმ-მდე აშორებს და ისიც - მთელ უკრაინაზე გავლით?

უკრაინის გენშტაბმა დღეს გაავრცელა სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტირასპოლთან არსებული ყოფილი საბჭოთა სამხედრო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბეტონირებული ზოლის გაწმენდა დაუწყიათ ადგილობრივ სეპარატისტებსა და რუს სამხედროებს...

ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთი შეეცდება იმავე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან დიდი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით მედესანტეები გადაისროლოს ტირასპოლში და ადგილობრივ ბატალიონებთან ერთად ოდესას ზურგიდან შეუტიოს?

ტირასპოლის აეროდრომზე, რომელზეც საბჭოთა კავშირის დაშლის წინ „მიგ-29“-ის ტიპის გამანადგურებლებით აღჭურვილი საავიაციო პოლკი ბაზირებდა, ტექნიკურად შესაძლებელია „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების დაჯდომა, რადგან ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, მაგრამ როგორ უნდა მიაღწიონ მედესანტეებით სავსე ამ რუსულმა სატრანსპორტო „ილებმა“ ანექსირებული ყირიმიდან სეპარატისტულ დნესტრისპირეთამდე?

ერთადერთი, ყველაზე მოკლე საჰაერო გზა უკრაინისა და მოლდოვას საჰაერო სივრცეებში გადის და კიშინიოვმა ხელიც რომ არ გაანძრიოს, ოდესასთან თავმოყრილი უკრაინული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მეზენიტეებმა არა მგონია, თვალი მშვიდად გააყოლონ ამხელა „მფრინავ ძროხებს“, როგორც სატრანსპორტო „ილებს“ „მოფერებით“ ეძახიან.

გარდა ამისა, ნატოს წევრი რუმინეთიც გვერდითაა და მის ცაში გამუდმებით ურტყამს წრეებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთი „ავაქსი“ მაინც, რომლის რადიოლოკატორი 600 კმ-ის სიშორეზეც კი აღმოაჩენს ჯერ კიდევ ანექსირებული ყირიმიდან აფრენილი რუსული „ილების“ გუნდს...