"უფრო გაბედული იყავით, საკუთარ სურვილებს ნუ დაბლოკავთ!" - კვირის პალიტრა

"უფრო გაბედული იყავით, საკუთარ სურვილებს ნუ დაბლოკავთ!"

"...არ ვარ ტენდენციებს აყოლილი, ჩემთვის მთავარი ესთეტიკაა, კონკრეტულ ადამიანზე მისთვის მორგებული და მოხდენილი სამოსი. მოსაზრება - რაც მოდაშია, ყველას ის უნდა ეცვას, - ჩემთვის მიუღებელია", - ამბობს დიზაინერი ლაშა ჯოხაძე, რომელსაც სასაუბროდ ესპანეთში დავუკავშირდით...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"თაობების ცვლაა და რა თქმა უნდა, ბევრი პროგრესია, რაც უფროსი თაობებისგან განსხვავებულ სტილს ამკვიდრებს... ვერ წარმომიდგენია, ბებაჩემის პერიოდში როგორი ჩაცმულობაც იყო (თუნდაც მათი მენტალობა), ახლაც იგივე რომ იყოს. სხვა თაობა მოდის, სხვა მოთხოვნილებები და სურვილები გვაქვს. სრულებით მესმის, მათთვის მისაღები შეიძლება არ არის დღევანდელი ახალგაზრდების ჩაცმულობა და ესთეტიკა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, დროს ვერ შევაჩერებთ..." "არ მომწონს დაბალწელიანი შარვლები და ქვედაბოლოები, მომხრე ვარ მაღალწელიანების, რომელიც ქალის წელს უსვამს ხაზს და თეძოს, მკერდის უტრირებას ახდენს. ამიტომაც არ მივყვები თანამედროვე ტენდენციებს, რადგან რაღაცები არ მომწონს. რაც ჩემს თვალს არ მოსწონს, იმას სხვას არასოდეს შევთავაზებ! ვისაც მოსწონს, აუცილებლად უნდა ჩაიცვას, მაგრამ ერთი პირობაა: უნდა უხდებოდეს!.."

277712107-917905348889850-2908866813223453639-n-1649311237.jpg

"ვეცადოთ, ფერადები ვიყოთ. თბილისი ბოლო წლებია საგრძნობლად გაფერადდა, მაგრამ მეტია საჭირო... ზოგადად, ხალხშია პრობლემები, რაც შორიდან კიდევ უფრო მეტად ჩანს. ყველაფერს ვაკრიტიკებთ, არაფერი მოგვწონს და ყველაფრის ექსპერტები ვართ. ჯობია ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს საქმეში ვიყოთ კომპეტენტური და მერე უფრო კარგი განწყობა გვექნება..."

276958157-520002439476721-811620066409966768-n-1649311274.jpg

"საყურე უბრალოდ არ მოსწონს ქართველ ხალხს, მორჩა და გათავდა! ისიც ვიცი, რომ ბევრს სურს გაიკეთოს, მაგრამ ვერ ბედავს; სოციუმი რას იტყვის, ამაზე ვართ დამოკიდებული. ათი წლის წინ გავიკეთე საყურე და სახლში რომ მივდიოდი, ვიხსნიდი, რადგან არ მსურდა ოჯახის წევრები გამეღიზიანებინა. ქუჩაშიც იგივე პრობლემა მქონდა... შემდეგ გადავლახე, ხალხი მიეჩვია რომ საყურე მეკეთა, მაგრამ ამით არაფერი შავდებოდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 7 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე