"სოხუმთან კოდორის ხიდი გვყოფდა. ღამე წავედით, თანასოფლელის გადმოსასვენებლად. გუშაგებმა გაგვაფრთხილეს, შეიძლება გზაში აფხაზები დაგხვდნენო..." - კვირის პალიტრა

"სოხუმთან კოდორის ხიდი გვყოფდა. ღამე წავედით, თანასოფლელის გადმოსასვენებლად. გუშაგებმა გაგვაფრთხილეს, შეიძლება გზაში აფხაზები დაგხვდნენო..."

"მე თუ ვერ დავბრუნდები აფხაზეთში, მჯერა, ახალგაზრდები აუცილებლად დაბრუნდებიან"

მხატვარი ხუტა (არვე) კვარაცხელია ამჟამად ფოთში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად. ოჩამჩირეშია დაბადებული და გაზრდილი. 37 წლისა იყო, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და როგორც სხვების, ისე მისი ცხოვრებაც თავდაყირა დააყენა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"38 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთიდან წამოვედი. ძნელი იყო იქაურობის დატოვება. რამდენიმე დღე ალყაში ვიყავით, ჩვენ უკან ზღვა იყო, წინ რუსები და კაზაკები იდგნენ და ულტიმატუმებს გვიყენებდნენ. ბავშვები ჯერ კიდევ არ გვყავდა გაყვანილი, ქაოსი იყო, არავინ იცოდა, სად წასულიყვნენ. თეთრი დროშით მოვიდა აფხაზების წარმომადგენელი, დაყარეთ იარაღი და ჩაგვბარდითო, მაგრამ არავინ ნებდებოდა, დიდი და პატარა თავს იცავდა..." "ფოთში აღმოვჩნდი ჩემს ოჯახთან, მეუღლესა და 2 ბავშვთან ერთად. 5 წელი სხვის სახლში ვიცხოვრეთ. ხომ იცით, ცხოვრება გრძელდება, ნელ-ნელა დავუბრუნდი ხატვას, რაც ყველაფერზე მეტად მსიამოვნებდა, პატარა სახლიც ვიყიდე, სახელოსნოც გავაკეთე. მაშინ ყველას გვიჭირდა, არც სამსახური იყო, არც შემოსავალი, მაგრამ იმ გაჭირვების წლებშიც არ დამინებებია თავი ხატვისთვის. ეს რომ არა, შეიძლებოდა, გული გამსკდომოდა..."

270849707-4697016623746710-1670317063523593256-n-1649311810.jpg

"უდანაშაულო ხალხი ეწირება ომს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ბავშვები მეცოდება. კაცი იარაღს რომ აიღებ ხელში, გააზრებული გაქვს, რომ ან შენ მოგკლავენ, ან შენ უნდა მოკლა. ეს თავდადებაა, მაგრამ ამდენმა ბავშვმა რა დააშავა, ან ქალმა, ან მოხუცმა. ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ვინც და სადაურიც არ უნდა იყოს ის..."

"სოხუმთან კოდორის ხიდი გვყოფდა. ღამე წავედით, თანასოფლელი დაიღუპა და უნდა წამოგვესვენებინა. გუშაგებმა გაგვაფრთხილეს, შეიძლება გზაში აფხაზები დაგხვდნენო. სულ ხუთნი ვიყავით, მე და ჩემს დისშვილს გვქონდა იარაღი. ხიდზე როგორც გადმოვედით, მართლაც გაგვიხსნეს ცეცხლი, ფეხში დავიჭერი მაშინ, მაგრამ გადავრჩი. წელიწადზე მეტხანს ლამის ტანზე არ გამიხდია, ტანსაცმლით ვიძინებდი, ასე იყვნენ ჩემი თანასოფლელებიც..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 7 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი