„ომი 22 თებერვლის დილის 4 სთ-ზე დაიწყება...“ - დასასრული რუსი „პოლიტიკური ნოსტრადამუსის“- ჟირინოვსკის, რომელმაც ქართველების გამოძევება მიწინასწარმეტყველა - კვირის პალიტრა

„ომი 22 თებერვლის დილის 4 სთ-ზე დაიწყება...“ - დასასრული რუსი „პოლიტიკური ნოსტრადამუსის“- ჟირინოვსკის, რომელმაც ქართველების გამოძევება მიწინასწარმეტყველა

ჩემს ყურებს და თვალებს არ დავუჯერებდი, მაგრამ ამ ვიდეოში, რუსეთის სახელმწიფო დუმაში ტრიბუნაზე გამოსვლისას რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი უკრაინელებს მიმართავს: „...უარზე ხართ? მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სხვა პროგრამა. თუ როგორი? - თქვენ იგრძნობთ... დილის 4 სთ-ზე... 22 თებერვალს...“ და ეს ვიდეო... 2021 წლის 27 დეკემბერსაა ჩაწერილი!

მართალია, ჟირინოვსკი მხოლოდ ორი დღითა და ერთი საათით შეცდა და რუსეთი უკრაინას მართლაც დაესხა თავს 2022 წლის 24 თებერვლის დილის 5 სთ-ზე, მაგრამ ჟირინოვსკი რუსების (და არა მარტო) მოგონებაში მაინც დარჩება „პოლიტიკურ ნოსტრადამუსად“, რომლის ნაწისწარმეტყველები პოლიტიკური თუ სამხედრო სახის მოვლენები ძალიან ხშირად მართლდებოდა...

მოგონებაში დარჩება იმიტომ, რომ 6 აპრილს ჟირინოვსკი გარდაიცვალა, რაც შეიძლება რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ეწყინა, მაგრამ მსოფლიოს ბევრ კუთხეში პირიქით - შვებით ამოისუნთქეს...

არაორდინარული პოლიტიკოსი, უცნაური გამოხტომებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგვარად ახალისებდა რუსულ პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ის კრემლის ერთგვარი წინასწარი „რუპორი“ გახლდათ და ხშირად აანონსებდა იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რასაც რუსეთის ხელისუფლება მოგვიანებით ხორცს შეასხამდა ხოლმე.

2-1649316430.jpg
ჟირინოვსკის კაბინეტი რუსეთის სახელმწიფო დუმაში

შორს რომ არ წავიდე, ამის თვითმხილველი თავად გავხდი 2005 წელს, როდესაც ჟირინოვსკის მის კაბინეტში, რუსეთის სახელმწიფო დუმაში, ლატვიელ, სომეხ, აზერბაიჯანელ, რუს და ყაზახ ჟურნალისტებთან ერთად შევხვდი და სამი საათის განმავლობაში გვერით მჯდომს, ბევრის მოთმენამ მომიწია.

მოთმენამ, იმიტომ, რომ როგორც გაიგო ჟირინოვსკიმ, საქართველოდან ვიყავი, „შემოტევა“ დაიწყო - ამერიკელებს მიჰყიდეთ სული, თურქებს ძირს დაუწექით, ერთადერთი ქვეყანა რუსეთია, რომელმაც თქვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებად გადაგარჩინათ და ასე შემდეგ...

ჩუმად არც მე ვმჯდარვარ და ალაგ-ალაგ საკმაოდ მკვახედ ჩავურთავდი ხოლმე, ისე, რომ სხვა ჟურნალისტებს (განსაკუთრებით კი - სომეხს, რუსს და ყაზახს, თორემ ლატვიელი გაბრწყინებული თვალებით ცდილობდა, მხარი დაეჭირა ჩემთვის) თვალები შუბლზე ასდიოდათ...

ხელჩართულ დაპირისპირებამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ არც არაფერი დააკლდა - სიტყვიერი დაპირისპირების ზენიტში, უცბად, ჟირინოვსკი, იცით, რას მეუბნება? - თქვენ ჯერ არ იცით, მაგრამ მალე ქართველებს მთელ რუსეთში მოგხიკავთ, ჩაგყრით „სტოლიპინის“ სატვირთო ვაგონებში და, როგორც სტალინმა ერთ ღამეში ჩეჩნები ყაზახეთში გაასახლა, ისე გაგიშვებთ, ოღონდ - თქვენს საქართველოშიო...

მართლაც, არ გადის ერთი წელი და 2006 წელს ახდა ჟირინოვსკის მიერ ჩემთვის ნაწინასწარმეტყველები - მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქების ქუჩებში იჭერენ ქართველებს, აგროვებენ პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში და იძულებით აგზავნიან საქართველოში... ოღონდ რკინიგზის სატვირთო ვაგონების ნაცვლად - სატვირთო თვითმფრინავებით...

3-1649316454.jpg
ასე გამოიყურებოდა ლეიტენანტი ჟირინოვსკი 1971 წელს, თბილისის ქუჩებში სეირნობისას...

თუმცა სიმართლე მოითხოვს გავიხსენო, რომ ჩვენი, თითქმის სამსააათიანი სიტყვიერი პაექრობის პერიოდში, ჟირინოვსკი რაღაცნაირად „მოლბებოდა“ და საქართველოსთან დაკავშირებულ თავის მოგონებებსაც იხსენებდა - 1970-იანი წლების დასაწყისში თბილისში, „ზაკვოში“ ვმსახურობდი (ჟირინოვსკი 1970-72 წლებში მართლაც მსახურობდა თბილისში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, პოლიტსამმართველოში, სპეცპროპაგანდის განყოფილების ოფიცრად თურქეთის მიმართულებით). „ზაპოროჟეცი“ მყავდა და 4 ათას მანეთად გავყიდე, მაგრამ მანამდე თქვენმა ქართველებმა საქარე მინის საწმენდები მომპარეს. მერე „დასასველებლად“ ჩემი ბიჭები „ივერიაში“ ხინკალზე და ჩებურეკებზე დავპატიჟე. გემრიელი კი იყო, მაგრამ 8-კაპიკიან ხინკალში 10 კაპიკი წამართვეს - აი, ეგენი ხართ ქართველებიო...

შეხვედრის დასარულს, როდესაც ჟირინოვსკის კაბინეტის დატოვებას ვაპირებდით (მანამდე ცოტა "წავეღადავე" მის სამუშაო მაგიდაზე გამოფენილი „მაკაროვის“ თეთრი ბუდის გამო, რომელიც იმ ზომის იყო, რომ ერთის ნაცვლად სამი ჩაეტეოდა), სხვა ჟურნალისტებმა ცხვირი ჩამოუშვეს - ჟირინოვსკი უსაჩუქროდ არავის უშვებს და ეტყობა, შენ ძალიან გააბრაზე, რომ ხელცარიელს გვიშვებსო...

ჩამეცინა, ხელჩანთიდან წითელი ღვინის ბოთლი ამოვიღე რუსული წარწერით - „თბილისი“ და დემონსტრაციულად ჟირინოვსკის ვაჩუქე - გაიხსენებთ თბილისში გატარებულ წლებს-მეთქი...

მაშინვე მოლბა და თანაშემწეს უბრძანა, ყველა სტუმრისთვის თითო ექსკლუზიური ბოთლი არაყი წარწერით - „ჟირინოვსკი“ დაერიგებინა, ჩემთან კი სამახსოვრო ფოტო გადაიღო - ხელგადახვეულებს ხელში თითო ბოთლი გვიკავია - მე წარწერით - „ჟირინოვსკი“, მას წარწერით - „თბილისი“...

ასე, მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დავშორდით მე და ჟირინოვსკი, მაგრამ გადის ორიოდე წელი და ტელევიზორის ეკრანზე ვხედავ, მუშტების ქნევით და ყვირილით როგორ მოითხოვს ჟირინოვსკი რუსეთში ქართული ღვინის შეტანის სასწრაფოდ აკრძალვას - ეჭვმა გამკრა, მისთვის ნაჩუქარი ღვინის ბოთლი თბილისის აეროპორტის „დუტი-ფრიში“ ვიყიდე 3 დოლარად მოსკოვში გაფრენამდე და ამ იაფფასიანმა ღვინომ ხომ არ მოწამლა და გააბოროტა ქართულ ღვონოებზე-მეთქი...

მისი ნაჩუქარი არაყი „ჟირინოვსკის“ წარწერით სადღაც საკუჭნაოში დამტვერილი დევს, მაგრამ მასთან ერთად ხელგადახვეული, ღვინოებით ხელში ფოტოს ვერ ვპოულობ, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სერიოზული ზეწოლის პირობებში ისე გულმოდგინედ გადავმალე - ყველაფერთან ერთად ჟირინოვსკის მეგობრობაც არ დამაბრალონ-მეთქი...