ქალაქის დამსახურებული სპეკულანტები და მათთან დამყარებული ნაცნობობა - კვირის პალიტრა

ქალაქის დამსახურებული სპეკულანტები და მათთან დამყარებული ნაცნობობა

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არასოდეს ცდილობდა, თავისი მოქალაქეებისთვის თავისუფლების და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყო, პირიქით, ის ყოველთვის იყო ჰეგემონი ძალა. ალბათ, არც უნდა მიკვირდეს, რატომ არ იფიქრა პოზიტიური განვითარების წესზე 21-ე საუკუნეში მაინც და რატომ დამართა ის, რაც დამართა, არა მარტო უკრაინას, არამედ თავის თავსაც და მსოფლიოსაც. აი, რომ შევადაროთ მსოფლიო და რუსი მილიარდერები, დასავლელები ფიქრობენ და ახალს ქმნიან, რუსები ყოველთვის შიდა რესურსის გაყიდვით მდიდრდებიან...

რუსეთს რომ თავი დავანებოთ, მართლა არ მესმის, რატომ არ გვსურს ჩვენ, პოზიტიური განვითარების გეგმაზე ვიფიქროთ. რატომ მდიდრდებიან ქართველი ჩინოვნიკები ქვეყნის შიდა რესურსის გაყიდვით მუდამ, რატომ აქვთ საკუთარი ხალხის მიმართ ჰეგემონიური დამოკიდებულება და რატომ ვერ გამოდიან ურთიერთრევანშისტული განწყობებიდან?

ამას წინათ მწერალ დავით ჩიხლაძის საბჭოთა ამბების მოსაგონარ წერილებში საინტერესო ამბები ამოვიკითხე და თქვენც მინდა, გაგიზიაროთ.

ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, მან ნაკლებად იცის, რა სქემით ხდებოდა მაშინ „ფულის კეთება", მით უმეტეს კი - „გაქაფვა“, რაც უფრო ძველი ტერმინია და სწორედ სტალინის პერიოდში გამოიყენებოდა. აი, როგორ განმარტებას გვაძლევს მწერალი დათო ჩიხლაძე თავის ჩანაწერებში. „გაქაფვა“ ტკბილი წყლების გამყიდველების პროფესიას ეწოდება. ამ სიტყვას ხმარობენ მაშინაც, როცა ვინმეზე ამბობენ: „ამა და ამ კაცმა ამდენი მანეთი გაქაფაო. თვით „გაქაფვა“ ქაფისაგან არის ნაწარმოები. ტკბილი წყლების სავაჭრო გამყიდველები, როცა მომხმარებელს წყალს უსხამენ, ჭიქაში წყალი ქაფს იყენებს და გეგონებათ ჭიქა სავსეაო. სინამდვილეში კი წყალი ჭიქაში ნახევრამდეა. ქაფი კი, რომელიც წყალს აქვს მოყენებული, წყლის ფასად იყიდება. ცხადია, ქაფის საფასურს გამყიდველები იჯიბავდნენ. ყველა ასეთ პროცესს გამყიდველებმა „გაქაფვა“ უწოდეს.“

საბჭოთა დროს ხშირად წყლის გარდა სხვა, არათხევადი საქონელიც კი „იქაფებოდა“ „ქაფისტების“ მიერ... მწერალს ასეთი მაგალითი აქვს მოყვანილი: ვინმე ჭრელაშვილმა სახვაჭრობის ჭურჭლის მაღაზიაში ქაფი ადინა საგნებს, ფანჯრის მინებსა და სხვა ჭურჭლეულობას (ჯილდოდ კი, დასჯის ნაცვლად, უვადო შვებულება მიიღო) საზკვების სასადილოს გამგემ, სხვადასხვა ნივთებისგან მიიღო „ქაფი“, წმინდა მოგება დარჩა 3000 მანეთი.

სწორედ ამ პერიოდიდან მოდის ასეთი გამოთქმა - "მაგარი ტიპია, ფულს კარგად ქაფავს", ასევე, ქალაქის დამსახურებული სპეკულანტები და მათთან დამყარებული ნაცნობობა. დამსახურებულად ყვაოდა კორუფცია და ვინც ფულს არ "ქაფავდა", დასაცინი იყო საზოგადოების თვალში. სავარაუდოდ, ამ პერიოდიდან შემორჩა ჩემს ბებიას სიტყვა „ხაფვა“, რომელიც აშკარად ქაფიდან მოდიოდა. საიდან აქვს ამდენი? ჰკითხავდა ვინმე და ეს უპასუხებდა, -ეტყობა ფულს კარგად ხაფავსო.

რამდენი ადამიანი გაგახსენდათ, ვინც ჩვენს თანამედროვეობაში ფულს ისევ ხაფავს და არანაირ ვალდებულებას არ გრძნობს საზოგადოების წინაშე?

ფულის კეთების ერთ-ერთი გავრცელებული გზა იყო პრემიების გამოწერაც, რაც დღემდე მყარ ტრადიციად შემოგვრჩა. აი, როგორ მარტივი და გასაგები ენით არის ახსნილი იმდროინდელ „ნიანგში“ ეს ხერხი, რომელსაც დღესაც ხალხი თავსა და ბოლოს ვერ უგებს:

„ჯილდო ანუ პრემია, ბუღალტერიაში ფულის გატარების ხერხი. მაგალითად, პეტრემ ქსნის ქარხნიდან გამოუგზავნა პავლეს თბილისში ერთი ვაგონი ქოთანი. პეტრე იღებს პავლესგან ჯილდოს 1500 მანეთს „ვაგონის ქოთნებით სასწრაფოდ დატვირთვისთვის. ან, პირიქით, პავლე პეტრესგან - პრემიას „ქოთნებიანი ვაგონის სასწრაფოდ განტვირთვისთვის“.

ჩერჩილს ერთხელ სტალინისთვის უთქვამს - კარგ ქვეყანას კი აშენებთ, მაგრამ ნუთუ ადამიანები ანგელოზები გახდებიანო? მწერალი ამ ძველი ჩანაწერების ანალიზის ფონზე ასკვნის, რომ ასეთი მანკიერი, თუმცა, ბევრისთვის სარგებლის მომტანი ცხოვრების წესის დამკვიდრება ხრუშჩოვს მიეწერება ხოლმეო. ზემოთ ეს საბჭოთა ჟურნალი - „ნიანგი“ ვახსენეთ და, თურმე, ერთ ნომერში ისიც კი ეწერა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მაშინ დიდი წარმატებით ართმევდნენ თავს ათასგვარი ხრიკით ფულის კეთების რთულსა და სახალისო ხელოვნებას. ასეთი ცხოვრება დღემდე შეუცვლელ ადგილს იკავებს უბოროტო თაღლითობის სახელმძღვანელოში.

ჰო, ეს თავად თუ არ გამოგიცდიათ, გადმოცემით მაინც იცით, როგორი იყო მაშინდელი ცხოვრება და მთავარი ის არის, რა შევცვალეთ დღეს? ადამიანი, ვისაც შეუძლია მოკლე ხანში ბევრი ფული იშოვოს ანუ „მოქაფოს“, გაცილებით პატივდებულია, ვიდრე - მთელი ცხოვრება პატიოსნად მშრომელი. თანამედროვე განვითარებული ქვეყნები 10 წუთსაც აღრიცხავენ და დამატებითი წუთებისთვის თანხას გაძლევენ. ჩვენთან კი ისევ ფულადი ჯილდოები გაიცემა, ისიც - ვიღაცის ხასიათზე დამოკიდებული. თუ უნდა, მიზეზს მოგიძებნის და მთელი ენთუზიაზმით და ენერგიით გაკეთებულ საქმეს წყალში ჩაგიყრის...

გათამამებული სიბრიყვე „შავი პოლიტიკოსებისა“ და მასზე მიბმული მედიისა, დიდზე დიდ ზარალს აყენებს ქვეყანას. „მაშინდელი“ მთავრობის ერთ-ერთი ცნობილი დეპუტატის ნათქვამი გამახსენდა - „უბედურო საქართველოვ, რა შორსა ხარ ღმერთისგან და რა ახლოს შევარდნაძესთან“. ეჰ, მას შემდეგ არსებითად არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ფულით და საკუთარი ნაკვეთებით შეგიძლიათ განსაზღვროთ ქვეყნის საქმე... თუ ჩვენს ყოველდღიურობას რადიკალურად არ შევცვლით, მანამდე აზრი არა აქვს არც ამ გაუთავებელ აქციებს, არც იმის ძახილს, რომ ვიღაც რუსეთუმეა და შენ კი - მაგარი განვითარებული.