რა არის ლენდ-ლიზის პროგრამა და როგორ დაეხმარება ის უკრაინას ?
აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა უკრაინის დასახმარებლად და პუტინის დასამარცხებლად კანონპროექტი, რომელიც 1941 წელს მიღებული "ლენდ-ლიზის" კანონის მსგავსია.
აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე უკრაინას, დახმარების სახით, იარაღი გაუგზავნოს.
რა თქმა უნდა, აშშ უკრაინას აქამდეც ეხმარებოდა, თუმცა ახლა იარაღის მიწოდება გაცილებით ეფექტიანად მოხდება. ლენდ-ლიზის ამოქმედება დააჩქარებს კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას უკრაინელებისთვის.
კანონი ლენდ-ლიზის შესახებ აშშ-მა პირველად 1941 წლის მარტში მიიღო და ის ითვალისწინებდა ომში ჩართული იმ ქვეყნების უანგარო სამხედრო დახმარებას, რომელთათვის ხელის შეშველებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, თავისი სამშობლოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვლიდა.
ლენდ-ლიზის პროგრამით გადაცემული და ბრძოლებს გადარჩენილი სამხედრო ტექნიკა თუ სამოქალაქო პროდუქცია ომის დამთავრების შემდეგ, წესით, უკან უბრუნდებოდა აშშ-ს, თუმცა დარჩებოდა იმ ქვეყანას, რომელიც მას მთლიანად ან ნაწილობრივ გამოისყიდდა, მათ შორის - ხანგრძლივი უპროცენტო ამერიკული სესხის საშუალებით. ომში აფეთქებული ტანკები, თვითმფრინავები თუ საზღვაო ხომალდები კი ჩამოიწერებოდა და მათი საფასურის გადახდას თეთრი სახლი არ მოითხოვდა.
რომ არა ლენდ-ლიზის პროგრამა, სტალინს ძალიან გაუჭირდებოდა ან საერთოდ ვერ შეძლებდა ჰიტლერის არმიის მოგერიებას 1942-43 წლებში, როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთში ევაკუირებული საბჭოთა ქარხნები ჯერ კიდევ ვერ უშვებდა ფრონტისთვის საკმარის საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველს.
პირველმა ამერიკულმა ლენდ-ლიზმა 80 წლის წინ მაშინდელი კრემლის ხელისუფლება გადაარჩინა (დღევანდელი რუსეთის პროპაგანდა ყველანაირად ცდილობს დააკნინოს მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელების უდიდესი დახმარების მნიშვნელობა), მაგრამ ახალმა ლენდ-ლიზმა შეიძლება კრემლის დღევანდელ რეჟიმს უდიდესი პრობლემები შეუქმნას.
მოამზადა ირაკლი ალადაშვილმა