რა არის ლენდ-ლიზის პროგრამა და როგორ დაეხმარება ის უკრაინას ? - კვირის პალიტრა

რა არის ლენდ-ლიზის პროგრამა და როგორ დაეხმარება ის უკრაინას ?

აშშ-ის სე­ნატ­მა ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად და პუ­ტი­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 1941 წელს მიღებული "ლენდ-ლიზის" კანონის მსგავსია.

აღნიშნული კა­ნონპ­რო­ექ­ტი აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე უკრაინას, დახმარების სახით, იარაღი გაუგზავნოს.

რა თქმა უნდა, აშშ უკრაინას აქამდეც ეხმარებოდა, თუმცა ახლა იარაღის მიწოდება გაცილებით ეფექტიანად მოხდება. ლენდ-ლი­ზის ამოქ­მე­დე­ბა და­აჩ­ქა­რებს კრი­ტი­კუ­ლი სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­რა­გე­ბის გა­და­ცე­მას უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის.

კანონი ლენდ-ლიზის შესახებ აშშ-მა პირველად 1941 წლის მარტში მიიღო და ის ითვალისწინებდა ომში ჩართული იმ ქვეყნების უანგარო სამხედრო დახმარებას, რომელთათვის ხელის შეშველებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, თავისი სამშობლოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვლიდა.

ლენდ-ლიზის პროგრამით გადაცემული და ბრძოლებს გადარჩენილი სამხედრო ტექნიკა თუ სამოქალაქო პროდუქცია ომის დამთავრების შემდეგ, წესით, უკან უბრუნდებოდა აშშ-ს, თუმცა დარჩებოდა იმ ქვეყანას, რომელიც მას მთლიანად ან ნაწილობრივ გამოისყიდდა, მათ შორის - ხანგრძლივი უპროცენტო ამერიკული სესხის საშუალებით. ომში აფეთქებული ტანკები, თვითმფრინავები თუ საზღვაო ხომალდები კი ჩამოიწერებოდა და მათი საფასურის გადახდას თეთრი სახლი არ მოითხოვდა.

რომ არა ლენდ-ლიზის პროგრამა, სტალინს ძალიან გაუჭირდებოდა ან საერთოდ ვერ შეძლებდა ჰიტლერის არმიის მოგერიებას 1942-43 წლებში, როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთში ევაკუირებული საბჭოთა ქარხნები ჯერ კიდევ ვერ უშვებდა ფრონტისთვის საკმარის საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველს.

პირველმა ამერიკულმა ლენდ-ლიზმა 80 წლის წინ მაშინდელი კრემლის ხელისუფლება გადაარჩინა (დღევანდელი რუსეთის პროპაგანდა ყველანაირად ცდილობს დააკნინოს მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელების უდიდესი დახმარების მნიშვნელობა), მაგრამ ახალმა ლენდ-ლიზმა შეიძლება კრემლის დღევანდელ რეჟიმს უდიდესი პრობლემები შეუქმნას.

მოამზადა ირაკლი ალადაშვილმა