"უკრაინა გახდა დამნაშავე პირების დასაქმების ადგილი - ბუნებრივია, ომის დასრულების შემდეგ უკრაინასთან გვექნება მთელი რიგი კითხვები" - კვირის პალიტრა

"უკრაინა გახდა დამნაშავე პირების დასაქმების ადგილი - ბუნებრივია, ომის დასრულების შემდეგ უკრაინასთან გვექნება მთელი რიგი კითხვები"

„ლელოს“ რადიკალური კონგლომერატის სათავეშიც ერთი დირიჟორია, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახლავთ - მათ არცერთ საერთაშორისო და „უსაფრთხოების“ ინიციატივას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, პარტია „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ თავად მოამზადოს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე რეზოლუციის ახალი პროექტი, ვინაიდან უკვე 43 დღეა მეგობარ სახელმწიფოში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ღუდუშაურის თქმითვე, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელწერა არ არის „პოლიტიკური კეკლუცობა".

"ლელოს“ ამ რადიკალური კონგლომერატის სათავეშიც ერთი დირიჟორია, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახლავთ. ადამიანი, რომელიც თავისი მოქმედებით, დღენიადაგ სასირცხვილო ნაბიჯებით გამოირჩევა, ეს არის დირიჟორი. ამ ადამიანის დირიჟორობით შესრულებულ რაიმე ინიციატივას, რომლის მიზანი არის პოპულიზმი, ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობა - მკაფიოდ ვუთხარით, რომ მათ არცერთ საერთაშორისო და „უსაფრთხოების“ ინიციატივას არ განვიხილავთ, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე: ზოგადად, ესენი ერთი ქოლგის ქვეშ მოიაზრებიან.

„ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის პოლიტიკური კეკლუცობა თუ პოპულიზმით გაჯერებული, ვიწროპარტიული, მდარე ხარისხის სარეკლამო კამპანია. ამას ჩვენ არ ვაკეთებდით არასოდეს, არ ვაკეთებთ და მომავალშიც არ ვაპირებთ. ჩვენ ვმოქმედებთ როგორც მაღალი პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა, რომლის თითოეული ნაბიჯი არის შედეგზე ორიენტირებული“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი უსწრებს რიგ საკითხებში, კერძოდ კი არჯანსაღ, რადიკალურ თუ საბოტაჟურ მოქმედებებში“.

რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის საკითხს, ღუდუშაურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, „ქართულ ოცნებას“ უკრაინასთან მთელი რიგი კითხვები ექნება ბევრ საკითხთან მიმართებაში.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ უკრაინაში მალე დამთავრდება საომარი მოქმედებები და უკრაინა მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რეჟიმს და ბუნებრივია, გვექნება მთელი რიგი კითხვები ბევრ საკითხთან მიმართებაში. იმ რეჟიმში, რაშიც უკრაინის მთავრობა მუშაობს, არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან, რომ მოვითხოვოთ პასუხები იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების და მათი მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან იყო გაჟღერებული. უკრაინამ გადადგა ძალიან არამეგობრული ნაბიჯი, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან ელჩი გაიწვია, მაშინ, როდესაც არცერთი ქვეყნიდან ეს არ გაუკეთებია. რატომ მაგალითად საქართველო? ჩავთვალეთ, რომ ომის რეჟიმში არიან და ამიტომ, არ ეგების, რომ ამ დროს, ღირსების მქონე ქვეყანამ გადადგას ეს ნაბიჯი და ჩვენ ღირსეულად მოვიქეცით, ძალიან ვაჟკაცურად და მეგობრულად. უკრაინა გახდა ჩვენი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, მსჯავრდებულების, დამნაშავე პირების თავშესაფარი და დასაქმების ადგილი“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

IPN