„მერკელის შხამიანი მემკვიდრეობა“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

„მერკელის შხამიანი მემკვიდრეობა“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „მერკელის შხამიანი მემკვიდრეობა“: გერმანია რუსეთთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომების გამო ისჯება“ (ავტორი - ოლივერ მუდი, კორესპონდენტი ბერლინში). მასში გაანალიზებულია გერმანიის კანცლერის - ანგელა მერკელის მიერ გატარებული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით - ნაჩვენებია ის შეცდომები, რომლებიც მან დაუშვა და ის ნეგატიური შედეგები, რომლებიც დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას.

ოთხი თვის წინათ, როცა ანგელა მერკელმა გერმანიის კანცლერის კაბინეტში მდგომი თავისი სამუშაო მაგიდიდან რუსეთის იმპერატორის - ეკატერინე დიდის (იგი გერმანელი, პრუსიელი იყო) ვერცხლისჩარჩოიანი პორტრეტი აიღო და ოთახიდან საბოლოოდ გავიდა, მისი რეპუტაცია საკმაოდ საიმედო ჩანდა: კანცლერი 16 წლის განმავლობაში უმკლავდებოდა უამრავ კრიზისს და, სხვა სახელმწიფოების ფონზე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობას და სტაბილურობას ინარჩუნებდა - გამოკითხვის შედეგებით, გერმანელების 80%-მა მისი მმართველობის პერიოდი დადებითად შეაფასა.

რამდენიმე კვირის შემდეგ მომხდარმა ვლადიმერ პუტინის შეჭრამ უკრაინაში გააშიშვლა მერკელისეული სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოჩვენებითობა და მისი სიცარიელე აჩვენა. დღეს გერმანული პრესა ყოველდღიურად ბეჭდავს სტატიებს და აანალიზებს იმას, რასაც ერთმა ცნობილმა კომენტატორმა „მერკელის შხამიანი მემკვიდრეობა“ უწოდა. ექსკანცლერს ბრალს სდებენ იმაში, რომ მან უყურადღებობა გამოიჩინა და კრემლს შეატოვა როგორც უკრაინა, ასევე - ევროპა და თვითონ გერმანიაც, დაუშვა რიგი სერიოზული შეცდომები მოსკოვთან ურთიერთობებში, იაფი რუსული ნავთობისა და გაზის საფუძველზე.

მართალი იყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი, როცა მან ანგელა მერკელს უსაყვედურა - „სწორედ გერმანიამ მისცა რუსეთს ის ძალა, რომელსაც კრემლი დღეს ფლობსო“. ცოტა მოგვიანებით ვლადიმერ ზელენსკიმაც მიიწვია ყოფილი კანცლერი ბუჩაში მომხდარი მხეცობა ენახა და თვითონ დარწმუნებულიყო იმაში, თუ სადამდე მიიყვანა გერმანულმა დათმობებმა რუსეთი ბოლო 14 წლის განმავლობაში.

67 წლის ანგელა მერკელი, რომელიც დღეს თავის მემუარებზე მუშაობს, ომის დაწყებიდან მხოლოდ ორიოდე წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა, რომელშიც დაგმო უკრაინაზე თავდასხმა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ისევ ერთგულია თავისი გადაწყვეტილებისა, უკრაინის ნატოში მიღების დაბლოკვის თაობაზე 2008 წელს. არადა, იმ გაურკვევლობის მიზეზი, რომელშიც დღეს გერმანია იმყოფება, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ისტებლიშმენტის მიერ დაშვებული კოლექტიური შეცდომების შედეგია.

1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, გერმანელი პოლიტიკური და საქმიანი ლიდერების ორი თაობა თანმიმდევრობით ცდილობდა რუსეთის მიზიდვას ევროპასთან და ამით საკუთარი სარგებლის მიღებას, რუსული უდიდესი ბუნებრივი რესურსების გამოყენებით.

სწორედ ჰელმუტ კოლი, გაერთიანებული გერმანიის პირველი კანცლერი მოითხოვდა დაბეჯითებით რუსეთის მიღებას „დიდ რვიანში და ევროპის საბჭოში, სწორედ ჰელმუტ კოლი ეწინააღმდეგებოდა პირველ ხანებში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და 1997 წელს აცხადებდა, რომ „აუცილებელია რუსეთთან მტკიცე პარტნიორული ურთიერთობა გვქონდესო“.

იგივე პოლიტიკა გააგრძელა სოციალ-დემოკრატმა გერჰარდ შრიოდერმა, რომელმაც გერმანია ბირთვული ენერგეტიკის გარეშე დატოვა და რუსულ გაზზე გადაიყვანა, დაუმეგობრდა ვლადიმერ პუტინს და დათანხმდა გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადის“ პირველი რიგის მშენებლობას.

ანგელა მერკელი გერმანიის ხელისუფლებაში 2005 წელს მოვიდა. გერჰარდ შრიოდერისაგან განსხვავებით, რომლის დამოკიდებულება ვლადიმერ პუტინთან ხშირი სადილებით, საუნების მთვრალ მდგომარეობაში სტუმრობით და ერთობლივი საშობაო ზეიმებით გამოიხატებოდა, ანგელა მერკელის ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტთან საქმიანი ხასიათი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ სოციალისტურ გერმანიაში და ორივემ კარგად იცოდა ერთმანეთის ენა; მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ გერმანულად (ანგელას რუსული ენა ავიწყდებოდა), მათი შეხვედრები, როგორც წესი, საკმაოდ „ეკლიანი“ იყო და გარკვეული უნდობლობაც შეიმჩნეოდა. და მაინც, მისი კანცლერობის დროს ინერციამ გაიმარჯვა - გერმანიის დამოკიდებულება რუსეთთან ჩვეულ კალაპოტში ჩაჯდა, გამოხატულ იდეალიზმში, სიმპათიასა და სიფრთხილეში, ასევე - იაფი რუსული ნავთობისა და გაზით აღძრულ მადაში.

რუსეთ-გერმანიის ასეთ პოლიტიკას უკრაინისადმი სერიოზული შედეგები ჰქონდა: ეჭვით უყურებდა რა მოსკოვი კიევის პროდასავლურ გადახრებს (რუსული გაზის სამი მეოთხედი ევროპისაკენ სწორედ უკრაინის მილსადენებით მიდიოდა), უკრაინას რამდენჯერმე შეუწყვიტა გაზის მიწოდება. თავის მხრივ, ანგელა მერკელი კრემლის ასეთ სტრატეგიას ეთანხმებოდა. ნატოს ბუქარესტის სამიტის დროს, 2008 წლის აპრილში, გერმანიის კანცლერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ვლადიმერ პუტინის სურვილი განხორციელებულიყო - ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ წავიდა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების საკითხში.

რასაკვირველია, იყო მომენტები, როცა ანგელა მერკელი გარკვეულ პრინციპულობას იჩენდა რუსეთის მიმართ და ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით ბუნდესტაგში უჩვეულოდ მკაცრი სიტყვით გამოვიდა. იგი დაეთანხმა რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გარიცხვას და მკაცრი სანქციების დაწესებას, გაზარდა გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი და, ნატოს ეგიდით, ლიეტუვაში გერმანიის სამხედრო ქვედანაყოფი განათავსა.

და მაინც, ჰელმუტ კოლისდროინდელი ილუზიები ანგელა მერკელს ბოლომდე მაინც არ გაქრობია: სანქციების პარალელურად, რუსეთთან ეკონომიკური პარტნიორობა გრძელდებოდა. მოსკოვში ხშირად სტუმრობდა მერკელის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი... ბოლოს კი ბერლინი დიდსულოვნად დათანხმდა რუსეთის გაზის სახელმწიფო კომპანიის - „გაზპრომის“ წინადადებას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის შესახებ - მეორე გაზსადენისა უკრაინის გვერდის ავლით. 2018 წელს ბერლინმა ნება დართო „გაზპრომს“ ევროპის ყველაზე დიდი გაზსაცავის ყიდვაზე, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე მდებარეობს, მეორე მსხვილმა რუსულმა კომპანიამ - „როსნეფტმა“ კი გერმანიის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, რომლითაც გერმანიისათვის საჭირო ბენზინისა და სხვა სატრანსპორტო საწვავის 95% იწარმოება.

გერმანია კიდევ უფრო ძლიერ „მიეჯაჭვა“ რუსულ გაზს იმ ენერგეტიკული პოლიტიკით, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად დაიხურებოდა ან ბუნებრივ გაზზე გადავიდოდა ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები. 2011 წელს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თანმიმდევრულად შეწყვეტდნენ მუშაობას ატომური ელექტროსადგურები... სხვათა შორის, დღეისათვის გერმანიაში მხოლოდ სამი ატომური ენერგობლოკი (აესი) მუშაობს, წინა წლებისგან განსხვავებით, როცა 15-მდე აესი მუშაობდა.

რუსეთთან ურთიერთობის გაფართოების თვალსაზრისით, უფრო შორს წავიდა ფრანკ-ვალტერ შტაიმაიერი, რომელიც 2017 წელს გერმანიის პრეზიდენტად აირჩიეს. გასულ წელს, როცა იგი ფაშისტური გერმანიის სსრ კავშირზე თავდასხმის 80 წლისთავის აღნიშვნისას სიტყვით გამოვიდა, განაცხადა, რომ ბერლინს მოსკოვის მიმართ ისტორიული ბრალი მიუძღვის და გაზის იმპორტი აუცილებელია, რუსეთისა და გერმანიის (ევროპის) შემაერთებელი ხიდის სახითო.

საინტერესოა, რომ რუსეთი ბოროტად სარგებლობდა გერმანიის ნდობით და პოზიტიურ ურთიერთობას („შემაერთებელ ხიდს“) არაკეთილსინდისიერად იყენებდა: 2019 წელს რუსეთის დაზვერვის აგენტებმა მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაური.

მაგრამ ძველი გერმანული ინსტიქტები რუსეთთან მიმართებით (განმუხტვა, დიალოგი, პარტნიორობა) ძნელად ქრებოდა. გასული წლის აგვისტოში, როცა კანცლერი მოსკოვში თავისი ბოლო ვიზიტით იყო, იგი მაინც იმეორებდა, რომ აუცილებელია „ერთმანეთთან კავშირები“ და „ღია ურთიერთობები“.

რასაკვირველია, ეს არ იყო ანგელა მერკელის პირადი სისუსტე. ეს იყო ღრმა გერმანული ეროვნული მენტალიტეტის, აზროვნების გამოვლენა. იმ დროს, როცა რუსეთი უკვე უკრაინაში შესაჭრელად ემზადებოდა, გერმანიას მაინც სჯეროდა, რომ რუსეთს ცივილიზებული მოლაპარაკებით „აზრზე მოიყვანდა“: ომამდე ორი დღით ადრე მოსკოვში ჩასული ოლაფ შოლცი, შამპანურით სავსე ბოკალით ხელში, უკანასკნელად შეეცადა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას და განაცხადა - „ჩვენთვის, გერმანელებისათვის და საერთოდ, ყველა ევროპელისათვის ნათელია, რომ მდგრადი უსაფრთხოება რუსეთთან წინააღმდეგობით კი არ იქნება მიღწეული, არამედ - მხოლოდ რუსეთთან ერთად“.

ამჟამად შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ბერლინი თავისი გაუფრთხილებლობით გიგანტურ გეოპოლიტიკურ ხაფანგში გაება, კატასტროფული შედეგებით. ანგელა მერკელის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს ბუნებრივი გაზის იმპორტში რუსული გაზის წილი უკვე 55%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ციმბირულ გაზზე დაწესებულმა ემბარგომ ქვეყანა შეიძლება ღრმა რეცესიაში ჩააგდოს - ისეთში, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროიდან არ ყოფილა.

დღეს თვითკრიტიკა მოდურია: ამას წინათ ანგელა მერკელის მრავალწლიანმა ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ თავი იმართლა - „მეც ვფიქრობდი, რომ რუსეთთან უნდა გვეთანამშრომლა, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ მართალი არ ვიყავი. ყველა ვცდებოდით“.

ფინანსთა მინისტრს არ ჩამორჩება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად კი პრეზიდენტი - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „ის, რომ მე მხარს ვუჭერდი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეორე მილსადენს, აშკარა შეცდომა იყო. მეგონა, რომ იმპერიული ზრახვებით შეპყრობილი ვლადიმერ პუტინი თავისი ქვეყნის ბედით არ გარისკავდა. გამოდის, რომ ამ საკითხში მეც და სხვებიც მართალნი არ ვიყავით“.

ანგელა მერკელი ჯერ კიდევ არ გამოსულა მსგავსი ბრალდებებით რუსეთის წინააღმდეგ. რასაკვირველია, მას პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს გერმანიის საგარეო, თავდაცვით და ენერგეტიკულ პოლიტიკაში. თუ გერმანიას სერიოზულად სურს დასკვნების გაკეთება 30-წლიანი დოქტრინის კრახთან დაკავშირებით, მაშინ ბერლინმა ჩინეთთან თავის ახლანდელ და სამომავლო პოლიტიკასაც უნდა გადახედოს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ