„ვოლოდიმირ ზელენსკი - რონალდ რეიგანის რიმეიკი“ - როგორ უნდა გაიმარჯვო მონსტრთან ომში - კვირის პალიტრა

„ვოლოდიმირ ზელენსკი - რონალდ რეიგანის რიმეიკი“ - როგორ უნდა გაიმარჯვო მონსტრთან ომში

აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „ვლადიმერ ზელენსკი - რონალდ რეიგანის რიმეიკი“ (ავტორი - ენდრიუ სკოტი/ოტო ინგლიში).

გთავაზობთ პუბლიკაცის შემოკლებულ ტექსტს:

ომის წარმოება, გარკვეულწილად, ნარატივის შექმნასაც ჰგავს. ეს ყველაზე უკეთ უინსტონ ჩერჩილმა იცოდა. 1940 წლის ზაფხულში, დიუნკერკიდან უკანდახევის შემდეგ, მან ბრწყინვალედ მოახერხა ომის ისეთი სურათი შეექმნა, რომ ბრიტანეთი სრულად გახდა მობილიზებული ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.

ექვსი კვირა გავიდა რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ იმის დემონსტრირება მოახდინა, როგორ უნდა შეიქმნას მართალი ისტორია. მან თავისი მოქმედებით არა მარტო დათრგუნა პრეზიდენტობის პირველი წლების პოლიტიკური მოწინააღმდეგები, არამედ - უკრაინისთვის მომგებიანი ნარატივი შექმნა, როგორ უნდა გაიმარჯვო მონსტრთან ომში.

630-360-1646764433-774-1649408909.jpg
ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს მიმართავს

ვლადიმერ ზელენსკი მოხერხებულად იყენებს თავის ტალანტს. მისი ვიდეოები და ფოტოები „ტელეგრამში“ უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე პუტინის მრავალმილიარდიანი პროპაგანდა „რაშა თუდეის“ საშუალებით. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მაისურიანი ვლადიმერ ზელენსკის წვერგაუპარსავი სახე რთულ პირობებში მყოფი ნორმალური ადამიანის სახეა, ვლადიმერ პუტინის სახეს კი ნორმალურს ნამდვილად ვერ უწოდებ.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო გაძნელდება მასზე საერთაშორისო აუდიტორიის და მასმედიის ყურადღების მიპყრობა. სწორედ ამიტომ ვლადიმერ ზელენსკი ხშირად სტუმრობს ვირტუალურად სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მან იცის, რომ საზოგადოება მის გამოსვლას ელოდება.

ევროპარლამენტში უკრაინის ლიდერი ლაპარაკობდა პროგრესული, დემოკრატიული ფასეულობების გამარჯვებაზე პუტინის ტირანიასთან ბრძოლაში; ბრიტანეთის პარლამენტში ვიდეოგამოსვლისას - უინსტონ ჩერჩილს ციტირებდა; გერმანიის ბუნდესტაგში კი - დეპუტატებს მოუწოდა, [რუსული] „კედლის დანგრევაში დამეხმარეთო“ - რონალდ რეიგანის მსგავსად.

ერთადერთი შეცდომა მან ისრაელის პარლამენტში გამოსვლისას დაუშვა, როცა უკრაინელი ხალხის მდგომარეობა ჰოლოკოსტის დროს ებრაელების მდგომარეობას შეადარა, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენ სიტუაციაში - იაპონიის, კანადის, იტალიის, საფრანგეთის პარლამენტებში პირდაპირი ჩართვებისას იგი აუდიტორიას თავის სასარგებლოდ განაწყობდა.

08042022-1310-1649409018.06_REC.png
ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: "ჩვენ თქვენ გვჭირდებით"

[სცენარისტი] ვლადიმერ ზელენსკი წარმოადგენს იმ ადამიანებიდან ერთ-ერთს, რომელიც მწერლობიდან და, საერთოდ, ხელოვნების სფეროდან პოლიტიკაში გადადის: ინგლისის პრემიერ-მინისტრი ბენჯამინ დიზრაელი პოლიტიკოსობამდე რომანებს წერდა; აშშ-ის პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს სახელი სამხედრო ხასიათის წიგნებმა გაუთქვა; უინსტონ ჩერჩილი პოლიტიკოსობას მხატვრულ და სამეცნიერო-პოპულარული მასალების წერას უთავსებდა; ჩეხი დრამატურგი ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად მას შემდეგ აირჩიეს, რაც მწერლობასა და ჰუმანიზმის პროპაგანდაში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა; თვით ბარაკ ობამასაც რამდენიმე წიგნი ჰქონდა უკვე დაწერილი, სანამ მას კონგრესში აირჩევდნენ.

კარგი მწერალი და ხელოვნების მოღვაწე ძალიან ხშირად კარგი კომუნიკატორია. ალბათ, სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, ბევრი მსახიობი წარმატებული პოლიტიკოსიც რომ გახდა - მაგალითად, ოსკაროსანი ლეიბორისტი პარლამენტარი გლენდი ჯექსონი; კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი; ფილიპინების ექსპრეზიდენტი ჯოზეფ ესტრადა; აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ კარმელას მერი კლინტ ისტვუდი...

და, რა თქმა უნდა, რონალდ რეიგანი, რომლის საქმიანობამ ბევრად განაპირობა ვლადიმერ ზელენსკის მოქმედების გეგმაც. როგორც მსახიობმა, რონალდ რეიგანმა ამერიკელთა გულებში თავისი ადგილი მოიპოვა, როცა კეთილ და დიდსულოვან ამერიკელ კონოგმირების როლს ასრულებდა. მან იმავე როლის შესრულება გააგრძელა კალიფორნიის შტატის გუბერნატორობისა და შემდეგ - აშშ-ის პრეზიდენტობის ორვადიან პერიოდში.

როგორც ვლადიმერ ზელენსკი, რონალდ რეიგანიც ბრწყინვალე კომუნიკატორი იყო, მას ჰქონდა ისეთი უნარი, რომელიც ხალხის გულს სწვდებოდა. უკრაინელი ლიდერის მსგავსად, რონალდ რეიგანიც თვითონ წერდა თავის გამოსვლებს და თავისი საქმიანობით ამტკიცებდა ამერიკას - ქვეყანას, სადაც ყოველთვის შეიძლება საკუთარი შესაძლებლობების, იმედებისა და თავისუფლების რეალიზება, რომელიც მკვეთრად კონსტრასტული იყო „ბოროტების იმპერიასთან“ [იმდროინდელ საბჭოთა კავშირთან და ახლანდელ რუსეთთან].

ვლადიმერ ზელენსკისა და მისი ქვეყნის ბედი, რა თქმა უნდა, ბევრად რთულია იმაზე, რაც რონალდ რეიგანს ხვდა წილად, მაგრამ დისპოზიცია უცვლელი რჩება - ყველას აჩვენო შენი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლა გლობალურ დონეზე - ეს ძალიან ძვირი ჯდება. მისი მსახიობობა კი, რომლის გამოც ბევრი იცინოდა თავდაპირველად, მისივე უდიდესი ძალის მქონე იარაღად იქცა. დღეს მთელი მსოფლიო მას და მის ხალხს გულშემატკივრობს, მაგრამ რაც უკრაინაში ხდება, ის ჰოლივუდის ფილმი არ არის და მისი კეთილად დასრულების არანაირი გარანტია არ არსებობს. საერთაშორისო საზოგადოების აპლოდისმენტები, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის. ვლადიმერ ზელენსკის ჯერ კიდევ მოსაკლავი ჰყავს მონსტრი, მან ომი გამარჯვებით უნდა დაასრულოს, რათა უკრაინელმა ხალხმა ბედნიერად და მშვიდად იცხოვროს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ