უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ფაქტებს ეყრდნობოდა, თუ მხოლოდ პრევენციის მცდელობა იყო? - კვირის პალიტრა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ფაქტებს ეყრდნობოდა, თუ მხოლოდ პრევენციის მცდელობა იყო?

უკრაინა უთანასწორო ომშია აგრესორთან და ამიტომაც ყველა ვცდილობთ ძალზე მოზომილად ვისაუბროთ: ან მხოლოდ კარგი ვთქვათ, ან არაფერი. თუმცა ისეც არ უნდა მოხდეს, რომ საქართველოს დაუმსახურებლად შეელახოს სახელი და სულ თავის მართლების რეჟიმში ვიყოთ. ეს ჩვენ არ დაგვიმსახურებია. უკვე მერამდენედ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსნები საქართველოსთან პრეტენზიებს, მეგობრულად, ორმხრივი კონსულტაციებისა და პრობლემის განხილვის გზით კი არ არკვევენ, არამედ მთელი მსოფლიოს გასაგონად და კონკრეტული ფაქტების გარეშე გვდებენ ბრალს და თან აქეთ გვთხოვენ თავის მართლებას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ქართველ კოლეგებს არ იცნობენ და არც კომუნიკაცია აქვთ მათთან.

მეგობრებო, არ შეიძლება ჯერ პრობლემა (თუ რეალურად არსებობს და მტრის შემოგდებული ფეიკი არ არის) ორმხრივად შევისწავლოთ და დასკვნა-განცხადებები მერე გავაკეთოთ? ზოგადად სპეცსამსახური იმიტომ არსებობს, რომ ჯერ “დახურული არხებით” გაარკვიოს მეგობარ ქვეყანასთან საკითხი, არ დაემსგავსოს “ყვითელ მედიას” და მსოფლიოს არ მოსდოს გადაუმოწმებელი სენსაციური ინფორმაცია.

კარგი, თუ ჩვენი “გერიდებათ”, მაშინ ჩვენი საერთო მეგობრები ჩააყენეთ საქმის კურსში და ერთობლივად გავერკვეთ პრობლემაში. საერთაშორისო პარტნიორებს არ მოერიდებათ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადებენ სიმართლეს.

მორიგი სკანდალის ავტორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო (შემდგომ – “სამხედრო დაზვერვა”) გახდა, რომელმაც 4 აპრილს “ფეისბუქზე” შემდეგი ტექსტი განათავსა:

❗ “რუსები საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ.

▪საერთაშორისო სანქციების შემოღებით რუსეთმა დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოზეც. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

▪დღეს ჩვენ ვიცით რუსეთისთვის სამხედრო მიწოდების კიდევ ერთი არხის - აღმოსავლეთ აზიის შესახებ. მისი მეშვეობით ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება მანქანების, ელექტრონიკის და ოპტიკური მოწყობილობების სათადარიგო ნაწილები.

▪განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაც”.

ძალზე საინტერესო ტექსტია კიდევ უფრო საინტერესო ქვეტექსტებით. შეეცდება თუ არა რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის გზების გამონახვას? - რა თქმა უნდა! შეეცდება თუ არა ამისთვის ჩვენი ტერიტორია გამოიყენოს? – რა თქმა უნდა!

აამოქმედებს თუ არა თავის აგენტურას საქართველოში? – რა თქმა უნდა! უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებიდან პირდაპირ გამოდის, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სპეცსამსახურები უკვე (!) რუსეთის სასარგებლოდ მუშაობენ – ეს ძალზე, ძალზე მძიმე ბრალდებაა და ასევე ძალზე კონკრეტული ფაქტები და მყარი მტკიცებულებები სჭირდება. ამის ცოდნა უპირველესად ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაა საჭირო. ეს ერთი. ახლა მეორე: საინტერესოა რა წყაროებზე დაყრდნობით გააკეთა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ეს დასკვნა? აგენტურა ჰყავთ საქართველოს ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებში? აბა სხვანაირად როგორ გაიგებდნენ არსებული თუ არ არსებული “რუსეთის დავალების” შესახებ?

მეორე დღეს უკვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ გააკეთა “უცნაური” განცხადება: “"ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ რა ნაბიჯებს გადადგამთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება . . . თუ უკრაინას და მის მოკავშირეებს არ ექნებოდათ გავლენა საქართველოზე, რუსები უკვე შექმნიდნენ მარშრუტებს ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ავლისთვის”.

1622064492-kuleba-1649411135.jpg
დმიტრო კულება

მტერს რომ გაუხარდება ისეთი მუქარაა უკრაინის პირველი დიპლომატისგან. ვერ მოითმენ და იკითხავ: “უკრაინელო მეგობრებო, თუ რამე კონკრეტული იცით, თქვით, რას თამაშობთ? “დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო” – მსოფლიოს თვალწინ “საქმის გარჩევას” არ სჯობია კონკრეტული ფაქტები შესაბამისი არხებით გაგვაცნოთ ჩვენცა და მოკავშირეებს”?

კულებას განცხადებაში ჩანს განსხვავება სამხედრო დაზვერვის ინფორმაციისგან: თუ სამხედრო დაზვერვა ამბობს, რომ “ქმნიან კონტრაბანდულ არხებს”, კულება ამტკიცებს ზეწოლა, რომ არა უკვე შექმნიდნენ “რუსეთის სასარგებლო მარშრუტებსო” – ანუ ჯერ არ შეუქმნიათ და დაუწყიათ ‘შავი საქმეების” კეთებაო. მნიშვნელოვანი განსხვავებაა,

რომელს დავუჯეროთ?

მოდით ჯერ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ისტორიასა და მის დღევანდელ ოპერაციებს გავეცნოთ. უკანასკნელი სკანდალის მთავარი “გმირი” უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო 1992 წელს შეიქმნა. ეს სტრუქტურა რუსეთის სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი ყოველთვის იყო და ეს სტრუქტურა დღესაც “დანაღმულია” რუსეთის აგენტურით.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი ფუნქციებია: სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, ანალიტიკური დამუშავება და სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდება;

სპეციალური ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, გარემოსდაცვითი და საინფორმაციო სფეროებში, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარება, სახელმწიფო საზღვრის დაცვა;

ტერორიზმთან, საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, იარაღით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლაში მონაწილეობა;

საზღვარგარეთ უკრაინული დაწესებულებების ფუნქციონირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მასპინძელ ქვეყანაში მათი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე უკრაინის ფარგლებს გარეთ გაგზავნილი იმ პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

შესაბამისი ღონისძიებები გატარება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მისი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უკრაინის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო საკუთრების ობიექტების გარე საფრთხეებისგან დასაცავად.

2014 წლის მოვლენების (რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია, დონბასისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის ნაწილზე პრორუსული ძალების გამარჯვება) დროს სამხედრო დაზვერვას სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-ანალიზით თავი არ გამოუჩენია. იგივე განმეორდა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმის წინ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი ომის დაწყებამდე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა:

"ჩვენ ვიცით მათი (იგულისხმება რუსეთი – ბ.ა.) თითქმის ყველა გეგმის შესახებ. როგორც კი იდეები დაიბადება დიდ, როგორც ამბობენ, კაბინეტებში, ჩვენ თითქმის მაშინვე ვიგებთ მათ შესახებ. ამიტომ, სამხედრო გზით უკრაინის დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა

buda-1649411174.jpg
კირილ ბუდანოვი

წარუმატებელი იქნება". უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაც კატეგორიულად აცხადებდა, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებდა.

rezn-1649411217.jpg
ოლექსეი რეზნიკოვი

ომამდე ერთი თვით ადრე, 26 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი აცხადებდა: “პარტნიორების მიმართ კითხვები გასაგებია, რადგან ისტერია, რომელიც მათ მედიაში მოაწყვეს, ალბათ უპრეცედენტოა. . . დღეს, ფაქტები, რომლებსაც ჩვენ და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ვაკვირდებით, დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც გასული წლის გაზაფხულზე იყო. . . ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არც ერთი დამრტყმელი ჯგუფი არ შექმნილა, რომ ხვალ შეტევაზე გადავიდნენ. ასეთი საფრთხე არ არსებობს“.

იმავეს იმეორებდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულებაც: „ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციის გადაწყვეტილება ნაადრევია. ამის ობიექტური, რეალური პირობები ახლა არ არსებობს“.

მხოლოდ 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, დარწმუნდა უკრაინის ხელისუფლება, რომ საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები ისტერია არ იყო, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებმა, მათ შორის სამხედრო დაზვერვამაც, საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. არაა გამორიცხული ამჯერადაც ცდებოდნენ უკრაინელი დიპლომატები და მზვერავები.

ჩვენო უკრაინელო მეგობრებო, თუ კონკრეტული ფაქტები არ გაქვთ და ეს მძიმე ბრალდება მხოლოდ პრევენციისთვისაა, აღიარეთ, რათა ორი ქვეყნის აწმყოსა და მომავალ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგეს. ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ნუ გავახარებთ მათ! პირდაპირ ვეკითხები ჩვენ უკრაინელ მეგობრებს: თქვით კონკრეტულად, რა შეგვიძლია და რას არ ვაკეთებთ თქვენს დასახმარებლად? სიტყვით დეკლარირებაა მთავარი, თუ საქმით დამტკიცება იმისა, რომ თქვენს გვერდით ვართ?

იხილეთ პირველი ნაწილი

(მეორე ნაწილის დასასრული)