"პირველად ის უნივერსიტეტის ეზოში დავინახე, არ ვიცოდი, მასთან როგორ მივსულიყავი" - როგორ გახდა შვიდი შვილის დედა მსოფლიო პოლიტიკოსი
ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. ის პირველი ევროპელი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში, ბუჩაში მომხდარის შემდეგ ჩადავიდა.
გერმანელი პოლიტიკოსი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს 2019 წლის დეკემბრიდან იკავებს. ისტორიაში, ის პირველი ქალია, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ისტორიაში, ის იყო პირველი ქალი, რომელიც თავდაცვის მინისტრი გახდა. ურსულა ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსის, ერნესტ ალბრეხტის შვილია და თუ მის ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იგი ბრემენელი ბარონის - ლუდვიგ კნოპის შთამომავალია, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში მოაღვაწეობდა. როგორც ცნობილია, ლუდვიგ კოპი რუსეთში 18 წლის ჩავიდა, ის ქსოვილით ვაჭრობდა, რუსეთის მეფე ალექსანდრე მეორემ კი ბარონის წოდება მიანიჭა, რადგან რუსეთში ქსოვილით ვაჭრობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.
მომავალი პოლიტიკოსი ბრიუსელში დაიბადა. იმ პერიოდში პოლიტიკოსის მამა ევროკომისიაში მუშაობდა. 13 წლამდე ის ბელგიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჰანოვერში გადავიდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მან ეკონომიკის ფაკულტეტი დაასრულა. გარდა ამისა, ჰანოვერში, მედიცინის უმაღლეს სკოლაში, მედიცინაც შეისწავლა და ექიმი გახდა. ურსულა 1988-1992 წლებში ექიმის პოზიციაზე ჰანოვერის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გინეკოლოგიის განყოფილებაში მუშაობდა. 1992-96 წლებში ოჯახთან ერთად აშშ-ში, სტენფორდში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი მეუღლე სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა.
მომავალი ევროკომისიის პრეზიდენტი პოლიტიკაში 1990 წლიდან ჩაერთო. 2003 წელს კი ქვედა საქსონიის პარლამენტშიც აირჩიეს. 2003-2005 წლებში ის ქვედა საქსონიის სოციალური საკითხების მინისტრი იყო, 2005 წელს კი ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით ოჯახის, ქალთა და სხვა სოციალური საკითხების ფედერალურ მინისტრად აირჩიეს. რამდენიმე წელში ბუნდესტაგშიც მოხვდა და შემდეგ, შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურ მინისტრად დაინიშნა, სადაც ფრანც იოზეფ იუნგი შეცვალა.
პირადი ცხოვრება
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი პოლიტიკური რანგის გარდა, ევროკომისიის პრეზიდენტი მრავალშვილიანი დედაა, მას 7 შვილი ჰყავს. მომავალი პოლიტიკოსი დიდ ოჯახში, 5 ძმასთან და ერთ დასთან ერთად გაიზარდა. ყველაზე ახლო ურთიერთობა მამასთან ურსულას ჰქონდა. მამა გოგონას მოფერებით Röschen - ვარდსაც ეძახდა. წლების შემდეგ პოლიტიკოსის მამას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მას ალცჰაიმერი დაემართა.
„43 წლის განმავლობაში ის Röschen-ს მეძახდა, ახლა კი ეს დაავიწყდა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია“, - თქვა პოლიტიკოსმა.
ის სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს, ასევე, უყვარს ველოსიპედით სეირნობა. ბავშვობისას შეისწავლა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრაც.
უნივერსიტეტში სწავლისას მან საყვარელი მამაკაციც გაიცნო და 27 წლის ასაკში ცოლადაც გაჰყვა. ურსულა ფონ დერ ლაინის მეუღლე მედიცინის პროფესორი ჰაიკო ფონ დერ ლაინია.
„პირველად ის უნივერსიტეტის ეზოში დავინახე, არ ვიცოდი მასთან როგორ მივსულიყავი. ერთხელაც დავინახე, ველოსიპედის ბორბალს ცვლიდა, მივედი და დახმარება შევთავაზე, ამ საქმეში კი არაფერი გამეგებოდა“, - იხსენებს პოლიტიკოსი მეუღლესთან პირველ შეხვედრას.
ქორწინების პირველი 10 წლის განმავლობაში მათ 7 შვილი შეეძინათ. ბავშების გამო ურსულას გარკვეული პერიოდი საქმიანობის შეწყვეტა მოუხდა. როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ამერიკაში ცხოვრებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა, იქ წყვილს ტყუპები შეეძინა:
„ამერიკაში რომ არ გვეცხოვრა, ვერ გავხდებოდი პოლიტიკოსი და ვერც ბავშვებს გავაჩენდი, იქ დავინახე, რომ ყველაფერი ბავშვებისთვის კეთდება და ყველა მიესალმება, როცა დედები აქტიურად მუშაობენ“.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს, მას ყოველთვის სურდა ბევრი შვილი ჰყოლოდა და ოჯახი ბავშვების გარეშე ვერ წარმოუდგენია. პირველი შვილი 28 წლის ასაკში შეეძინა, ორ წელში კი მეორე შვილი - სოფი გაჩნდა. პოლიტიკოსს თავისუფალი დროის გატარება მეუღლესთან და შვილებთან ერთად უყვარს. მაშინ, როცა სხვა გერმანელი პოლიტიკოსები შვებულებას მთაში თუ ზღვისპირა ქალაქებში დასასვენებლად იყენებდნენ, ურსულა ამ დროს ოჯახში, ბავშვებთან ერთად ატარებდა.
როგორ პოლიტიკოსი ამბობს, მისი პოლიტიკური კარიერის აღმავლობისას, ბავშვებს მეუღლე ზრდიდა:
„რომ არა ჩემი მეუღლე და ჩვენი ბავშვების ძიძა, ჩემი მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა“. როგორც ის აღნიშნავს, მისთვის სახლი ყველაზე მყუდრო ადგილია:
„სახლი - ერთადერთი ადგილია, სადაც ჩუმად ყოფნის საშუალება მაქვს. მეუღლესთან მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის“, - აღნიშნავს პოლიტიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში.