საქართველოს - ვერა, მაგრამ „ჯორჯიას“ შეუძლია, უკრაინას რუსეთთან ომი მოაგებინოს, მაგრამ ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასი გახდება - კვირის პალიტრა

საქართველოს - ვერა, მაგრამ „ჯორჯიას“ შეუძლია, უკრაინას რუსეთთან ომი მოაგებინოს, მაგრამ ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასი გახდება

რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, კიდევ ერთი, შეიძლება უფრო სახიფათო დაპირისპირება მიმდინარეობს ხმელთაშუა ზღვაში, ოღონდ, საბედნიეროდ, რეალური გასროლების გარეშე, რადგან იქაც თუ ცეცხლი გაიხსნა, ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასი გახდება...

და ამის გაკეთება თეორიულად და პრაქტიკულადაც Georgia-ს შეუძლია, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ჩვენს პატარა საქართველოს, არამედ - USS Georgia-ს (SSGN 729) ტიპის ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავს, რომელმაც რამდენიმე საათის წინ დემონსტრატიულად ამოყვინთა ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კრეტას ჩრდილოეთ სანაპიროსთან, ბერძნული სამხედრო-საზღვაო ბაზის - სუდა-ბეის სიახლოვეს.

სად ხმელთაშუა ზღვის კუნძული კრეტა და სად უკრაინაში მიმდინარე ომიო? - ლოგიკურად დაისმება ეს კითხვა, მაგრამ ატომურძრავიანი „ჯორჯიას“ საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აახლოვებს ამ დიდ მანძილს.

საქმე ის არის, რომ „ოჰაიოს“ კლასის ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ აღჭურვილია 154 გასაშვები კონტეინერით, რომელთა საშუალებითაც წყალქვეშა მდგომარეობიდან სტარტაღებულ ფრთოსან „ტომაჰავკებს“ 1,6 ათას კმ-ზე მეტ მაქსიმალურ მანძილზე შეუძლიათ, გადაიტანონ 5-დან 200-მდე კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინები...

2-1649413171.jpg
ბირთვულქობინიანი „ტომაჰავკის“ სტარტი წყალქვეშა ნავიდან

კუნძულ კრეტადან 1,6 ათასი კმ-ის რადიუსში კი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიც ხვდება, რომელიც რუსეთმა მისი დაპყრობიდან ბოლო რვა წლის განმავლობაში, შეუწყვეტელი მილიტარიზაციის შედეგად, ნამდვილ „ჩაუძირავ ავიამზიდად“ აქცია შავ ზღვაში.

„ჯორჯიას“ სახელი იმედია, არ დაკავშირდება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისა და ჩვენს პლანეტაზე კაცობრიობის განადგურების თეორიულ საფრთხესთანაც კი, მაგრამ ის ფაქტიც, რომ აშშ-ის მეექვსე ფლოტის სარდლობამ თავად გაასაჯაროვა „ჯორჯიას“ ხმელთაშუა ზღვის ამ მონაკვეთში გამოჩენა (როგორც წესი, ყველა ქვეყანა ასაიდუმლოებს თავის წყალქვეშა ნავების პატრულირების რაიონებს), შემთხვევითი არ არის...

ხმელთაშუა ზღვაში უკვე ერთ თვეზე მეტია, ასევე იმყოფება ამერიკული ავიამზიდების ჯგუფი ატომური ავიამზიდის - „ჰარი ტრუმენის“ მეთაურობით.

თავის მხრივ, იტალიის „ჩექმის“ ძირის სიახლოვეს დრეიფობს ორი რუსული სარაკეტო ხომალდი, ხოლო ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში დაცურავს არა ნაკლებ ორი-სამი რუსული წყალქვეშა ნავი, როგორც დიზელის, ისე - ატომურძრავიანები.

ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი იქცა რუსეთისა და ნატოს სამხედრო-საზღვაო ესკადრების ერთგვარი „ჩუმი“ დაპირისპირების არენად, სადაც დღეს კი არის სიმშვიდე, მაგრამ ერთ „ცუდ“ დღეს, თუკი რუსეთ-უკრაინის ომში მაინც მოხდა ნატოს წევრი ქვეყნების ჩარევა-ჩათრევა (მაგალითად, პოლონეთიდან შეტანილი ამერიკული რაკეტებით უკრაინელებმა რუსული აეროდრომი გაანადგურეს, საპასუხოდ კი, რუსეთმა პოლონეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტი დაბომბა), მაშინ ხმელთაშუა ზღვაშიც შეიძლება „გაიღვიძოს“ „მძინარე დაპირისპირებამ“ და ამერიკულმა და რუსულმა საზღვაო ესკადრებმა ერთმანეთს კბილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით „მოუსინჯონ“ ან უფრო უარესი - რუსულმა სარაკეტო ხომალდებმა და წყალქვეშა ნავებმა იტალიის ტერიტორიაზე ნატოს ბაზებისკენ „სტუმრად“ ფრთოსანი „კალიბრები“ გაუშვან...

ისე კი, ამ წუთს საქართველოს დედაქალაქ თბილისს და ამერიკულ ატომურ „ჯორჯიას“ უკრაინული ოდესიდან ერთ და იგივე მანძილი - 1 260 კმ აშორებს...