"ზვიად გამსახურდიამ წერილიც კი გამოგვიგზავნა... ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებული იყო, ამაზე წლების განმავლობაში არ ვლაპარაკობდით" - კვირის პალიტრა

"ზვიად გამსახურდიამ წერილიც კი გამოგვიგზავნა... ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებული იყო, ამაზე წლების განმავლობაში არ ვლაპარაკობდით"

"9 აპრილს ჩვენც ვიცოდით, რომ დაგვარბევდნენ, მაგრამ გალესილი ნიჩბებით თუ აგვკუწავდნენ, ამას ვინ წარმოიდგენდა?! მიტინგს რომ ასე არბევ, ომში რაღას იზამ?! ეს არის ბრძანება, რომ აჩვენეთ სისასტიკე და შეაშინეთო... ეგ არის გათვლილი, რომ ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე, ყველას გვეშინოდეს და გვეშინია კიდეც!", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და სერიალ "ჩცდ"-ში ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ქეთი ჩხეიძე... მან უკრაინელი ხალხისადმი ვიდეომიმართვა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა, რომელსაც უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა...

- ქალბატონო ქეთი, იფიქრებდით, რომ ოცდამეერთე საუკუნეში იმ ყველაფრის მომსწრე გავხდებოდით, რაც დღეს უკრაინაში ხდება?

- რა ვანდალიზმსაც ვხედავთ, მთლად ამდენი ვერ წარმომედგინა, მაგრამ, დაახლოებით, მსგავსს ვფიქრობდი... ქვეყანა, რომელსაც ასეთი პოზიცია უჭირავს - ყველაფერი ჩემია, ყველა ჩემი მონაა! იმ ადამიანების ერთობამ, რომელიც დღეს რუსეთს მართავს, ჩანს, თავის შედეგი მოიტანა...

ბოლოსდაბოლოს, ადამიანებზეა დამოკიდებული ყველა გადაწყვეტილება. თუ როგორ უნდა ჩატარდეს ოპერაცია, რა ბრძანებასაც გენერალი იძლევა, ჯარისკაცები ისე მოქმედებენ.

გვახსოვს, აფხაზეთშიც რა წარმოუდგენელი სისასტიკე ჩაიდინეს და ეს არის შიშის დათესვის მეთოდი... გეშინოდეთ ჩემი, მე არ დავინდობ არც ბავშვს, არც მოხუცს, არავისო... არ ვიცი, ამ საშინელი ურჩხულის მოსპობა რამდენად შესაძლებელია, მაგრამ დღეს ეგ უკრაინამ თავის თავზე სიცოცხლის ფასად აიღო.

- თქვენ ხართ ხელოვანი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე იდექით და საკუთარი თვალით ნახეთ რუსეთის სისასტიკე...

- დიახ... გულწრფელად გითხრათ, არც ჩვენ ველოდით, თუ ისეთი საშინელება დატრიალდებოდა. ქართველები, ყველანი იქ ვიყავით და მეც - ახალგაზრდა, წინა ხაზზე შემართებით ვიდექი... ის კი ვიცოდით, რომ დაგვარბევდნენ, მიტინგს დაშლიდნენ, ამის შესახებ ინფორმაციამ რუსთაველის თეატრამდე მოაღწია. ოთხ საათზე დაშლის ოპერაციაა დაგეგმილიო, ინფორმაციამ გამოჟონა, ჩვენც გვითხრეს... უფროსი თაობის წარმომადგენლები ძალიან შეშინებულები იყვნენ, გვაფრთხილებდნენ, ჩვენ კი გადაწყვეტილი გვქონდა, რომ აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავით, რადგან ზვიად გამსახურდიამ რუსთაველის თეატრის მცირე სცენის მსახიობებს წერილიც კი გამოგვიგზავნა... ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებული იყო, ამაზე წლების განმავლობაში არ ვლაპარაკობდით, ახლა უკვე ისტორიაა...

რუსთაველის თეატრიდან ახალგაზრდული დასი წავედით. რასაკვირველია, მიტინგზე იყვნენ რუსთაველის თეატრის უფროსი თაობის წარმომადგენლებიც. ახლა ჩამოთვლას ვერ დავიწყებ, მაგრამ რამდენიმე მათგანი ბოლომდე იქ დარჩა...

ცნობილია, როგორ გაუღეს რუსთაველის თეატრის კარი კახი კავსაძემ და გიზო ჟორდანიამ ხალხს, მათ უამრავი ადამიანი გადაარჩინეს... მახსოვს, ახალგაზრდებმა ჯაჭვი გავაკეთეთ, რადგან დაბნეული ხალხი აქეთ-იქეთ გარბოდა და მათ რუსთაველის თეატრში შესვლას მივუთითებდით. კარი იმდენად მძიმე იყო, კახი კავსაძე რომ აწვებოდა, თიაქრის შეტევა დაეწყო და იატაკზე გაშხლართული იწვა ეს ორმეტრიანი კაცი.

უამრავი მოგონება მაქვს და იმიტომ მოვყევი, თქვენ რომ მკითხეთ, ოცდამეერთე საუკუნეში თუ წარმოიდგენდით, რასაც ვხედავთო... მე მინდა გითხრათ, რომ წარმოვიდგენდი!

9 აპრილს შეიძლება ცოტა გადამეტებული იყო ჩვენი აგრესიული დამოკიდებულება იმპერიალიზმის მიმართ, მახსოვს, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელი პლაკატები, მაგალითად - "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!"... მერე რუსეთი რომ ბრაზდება, ღიზიანდება, ასეთი რეაქცია აქვს.

ჩვენც ვიცოდით, რომ დაგვარბევდნენ, მაგრამ გალესილი ნიჩბებით თუ აგვკუწავდნენ, მაგას ვინ წარმოიდგენდა?! მიტინგს რომ ასე არბევ, ომში რას იზამ?! ეს არის ბრძანება, რომ აჩვენეთ სისასტიკე, შეაშინეთო... ეგ არის გათვლილი, რომ ვიცოდეთ ვისთან გვაქვს საქმე, ყველას გვეშინოდეს და გვეშინია კიდეც.

ახლა უკვე გაბრაზებულია, შენ მე საერთოდ როგორ მიბედავ რამეს და თუ მიბედავ, იცოდე, რომ დაისჯები, ჩემი დასჯა კი ასეთიაო!

- თუ თვლით, რომ "ორი რუსეთი" არსებობს?

- ასე მსჯელობა სწორად არ მიმაჩნია! ორი, სამი და ერთი რუსეთი - ასე არ არის! საქართველო ორი ან სამია? რუსეთიც ერისგან შედგება, საქართველოც, უკრაინაც, ინგლისიც, საფრანგეთიც... ყველა ერს თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს... რუსეთს ექომაგო დღეს, საერთოდ ამის წარმოდგენაც როგორ შეიძლება?! აღქმა ასეთია, როცა ბავშვებს თავებს აჭრიან, ხვრეტენ და წვავენ, ამ ადამიანების ლოიალიზმზე საუბარი დღეს არ შეიძლება!

ეგ კითხვა ცოტა ხნით უნდა გადაიდოს! ამ თემას როცა აღძრავენ და გეკითხებიან, უნდათ, რომ გამოგიჭირონ, ეგებ, რამე წამოგცდეს... ასე გამოდის, რადგან დღეს ორ რუსეთზე ლაპარაკი ზედმეტია! მე შეიძლება მომინდეს - ჩეხოვის, ლერმონტოვის, დოსტოევსკის, პუშკინის, ჩაიკოვსკის შესახებ საუბარი, რადგან რუსეთი ეგეც არის! მაგრამ დღეს მაგათზე საუბარი რა შუაშია? არ შეიძლება მკითხო, შენთვის რუსეთი ლია ახეჯაკოვა არის თუ პუტინიო... ფაშიზმის დროს ვინმე კითხულობდა, ახლა გერმანია ჰიტლერია თუ მოცარტიო?

უბედურება ტრიალებს, ჩვენ თუ ომში ვართ, ომის დროს კარაქიანი პურის ჭამა არ გამოდის! ომს თავისი კანონები, თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განწყობა აქვს! რაღა ახლა ვიმღერო რუსული რომანსი? თორემ მე ძალიან მიყვარს! ახლა ამის დრო არ არის!

- თუ გსურთ იმ ქართველი ხელოვნების შესახებ საუბარი, ვინც დღეს პუტინის რუსეთს ემხრობიან?

- მე არ მესმის ეგ, ჩემო კარგო! ვინ ემხრობა ახლა რუსეთს, მე არ ვიცი...

- თუნდაც - სოსო პავლიაშვილი...

- სოსო პავლიაშვილი რუსეთს კი არა, საკუთარ კაპიკებს, პირად მდგომარეობას ემხრობა... როგორ შეიძლება ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანი რუსეთს ემხრობოდეს?! კარგი, რუსზე გასაგებია, რადგან რუსებს ეუბნებიან, უკრაინელები დგამენ ამ ყველაფერსო და რუსსაც, ალბათ, იმდენად არ უნდა, ეს სინამდვილე იყოს, სადღაც რცხვენია, სადღაც რაღაცის მითს ქმნის, რადგან სინამდვილე საშინელებაა, თითხნის რაღაც ისტორიას...

ქართველი, რომელიც დღეს იქ გალობს, მას რა გამართლება აქვს, არ ვიცი... ჩემთვის ასეთი ქართველი არაფერს წარმოადგენს და მართალი გითხრათ, დიდად არც მანამდე წარმოადგენდა.

დღეს კრემლში ტაშ-ფანდურის გამართვა არ ვიცი, როგორ შეიძლება?! უზარმაზარი ტრაგედია ტრიალებს და სიმღერის დრო არ არის, თუ ეს სიმღერა პანაშვიდის და უბედურების მღაღადებელი არ არის!

ჩვენ არ ვართ მათი დები და ძმები, ვითომ მეზობლები ვართ, რომლებსაც მუდმივად გვჩაგრავენ!

- უკრაინელებზე რას იტყოდით?

- დღეს მათზე ათას სისულელეს ამბობენ, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე უდიდესი რამ აიღეს! შეუძლებელი შეძლეს, ბოლომდე დგანან და ამ ყველაფრის ათასნაირად დანახვა საჭირო არ არის! პოლიტიკოსები უამრავ ვერსიას ატრიალებენ და მათ პრეზიდენტს ლანძღავენ, ხომ იცოდა, რაც მოელოდა, რატომ დაუშვაო? დღეს უკრაინელები ეწირებიან თავისუფლებას!

თავისუფლება იმ მონსტრთან, რაც არის ეს უდიდესი იმპერია, სხვანაირად არ მოიპოვება... ამას ამტკიცებს ეგ ხალხი - მოვკვდები, მაგრამ არ დაგემონებიო! "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!.."

მათ მთავრობას ამდენ რამეს აბრალებენ, მაგრამ ხალხს რას დააბრალებენ? ამ ხალხს ძალით აომებს ვინმე? თავგანწირულები, ბოლომდე იბრძვიან!

(სპეციალურად საიტისთვის)