ბალისტიკური რაკეტით რკინიგზის ვაგზლის მგზავრებზე - ეს უკვე რუსული სამხედრო დანაშაული კი არა, გენოციდია... - კვირის პალიტრა

ბალისტიკური რაკეტით რკინიგზის ვაგზლის მგზავრებზე - ეს უკვე რუსული სამხედრო დანაშაული კი არა, გენოციდია...

დღე არ გავა, რომ მსოფლიო უკრაინაში მომხდარმა მორიგმა ტრაგედიამ არ შეაძრწუნოს - ამჯერად უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ კრამატორსკის სარკინიგზო ვაგზლის თავზე დღისით აფეთქდა კასეტურქობინიანი ბალისტიკური რაკეტა „ტოჩკა-უ“, რომლის ნამსხვრევებმა 50 მშვიდობიანი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ხუთი ბავშვი, ასამდე კი დაიჭრა...

ეს ის მშვიდობიანი მოსახლეობის მცირე ნაწილი იყო, რომლებიც დილიდან სარკინიგზო ვაგონებით უკრაინის დასავლეთით სასწრაფო ევაკუაციას ახორციელებდნენ, რათა თავი ეშველათ აღმოსავლეთიდან შეტევაზე გადმოსული რუსული დაუნდობელი ურდოებისგან...

მაგრამ, სამწუხაროდ, მათ გზაში მაინც დაეწია რუსების მიერ ქალაქ შახტიორსკის მიდამოებიდან სტარტაღებული ბალისტიკური „ტოჩკა-უ“...

2-potooo-1649431886.jpg
„ტოჩკა-უ“-ს სტარტი

საბჭოთა წარმოების „ტოჩკა-უ“ შეიძლება არ გამოირჩევა მიზნის დიდი სიზუსტით დაზიანებით, მაგრამ ამ რაკეტის კასეტური ქობინის ჯერ კიდევ ფრენისას, ჰაერში გაშლისას 50 საბრძოლო ელემენტი იფანტება და თითოეული მათგანი აფეთქებისას 316-მდე 7 გრამიან ნამსხვრევს გასტყორცნის, რაც საერთო ჯამში 7 ჰექტარამდე ფართობზე ცოცხალი ძალის დაზიანებას იწვევს.

კრამატორსკის სარკინიგზო ვაგზლის ფართობი საკმარისია იმისთვის, რომ მისთვის ასი კმ-ის სიშორიდანაც არ აეცილებინათ ბალისტიკრი რაკეტა...

3-potoo-1649431944.jpg
„ტოჩკა-უ“-ს რაკეტის კასეტური ქობინის ჭრილში კარგად მოჩანს ცილინდრუჯლი ფორმის კასეტური საბრძოლო ელემენტები, რომლებიც ჯერ ჰაერში იფანტებიან და მერე ფეთქდებიან...

რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ კრამატორსკის ვაგზლის თავზე „ტოჩკას-უ“-ს აფეთქებისთანავე სოციალურ ქსელებში მათთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა - ჩვენები ზუსტ სარაკეტო დარტმას აყენებენ უკრაინელებს, სარკინიგზო სადგურებში შეიარაღების გადაზიდვის შესაფერხებლადო...

მაგრამ, როგორც კი კრამატორსკის ვაგზლის ბაქანზე მიმოფანტული ცხედრების პირველი საშინელი ვიდოფოტოკადრები გავრცელდა, რუსმა პროპაგანდისტებმა სასწრაფოდ ჩაასწორეს თავიანთი ინფორმაციები და პირიქით, უკრაინელებს დააბრალეს რაკეტის გაშვება კრამატორსკის ვაგზლისკენ - არ უნდოდათ ხალხის ევაკუაცია და ისინი შეტევაზე გადასული რუსული ტანკების წინ „ცოცხალ ფარად“ უნდა დაეყენებინათო?!

ამაზე დიდი ცინიზმის მოფიქრება უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ეს ის რუსი პროპაგანდისტები არიან, რომლებიც დღემდე გააფთრებული ირწმუნებიან, რომ მალაიზიური „ბოინგი“ თურმე თავად უკრაინამ ჩამოაგდო და რუსეთი თითქოს არაფერ შუაშია.

უფრო მეტიც, ზოგიერთი რუსი „სამხედრო ექსპერტი“ ამტკიცებს, რომ „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები რუსეთმა „ისკანდერ-მ“-ებით ჯერ კიდევ ორი წლის საბოლოოდ ჩაანაცვლა და აბა რუსეთი როგორღა ისროდა ამ რაკეტასო...

დიახ, მართლაც ჩაანაცვლა, მაგრამ ახლა, როდესაც „ისკანდერ-მ“-ების ძალზე ძვირადღირებული რაკეტების მარაგები სახიფათოდ შეუმცირდა, რუსეთის გენშტაბმა საწყობებიდან ისევ ამოიღო ძველი „ტოჩკა-უ“-ები და საბრძოლო მზადყოფნაში დააბრუნა, რაზეც მეტყველებს თუნდაც არაერთი ვიდეოკადრი, თუ როგორ ეზიდებიან სარკინიგზო ეშელონებით რუსეთის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ „ტოჩკა-უ“-ს დამახასიათებელი კონფიგურაციის სარაკეტო დანადგარებს სარკინიგზო პლატფორმებზე.

4-potoaa-1649431974.jpg
კრამატორსკის სარკინიგზო ვაგზლის ბაქანზე დატრიალებული ტრაგედია

კრამატორსკის ვაგზალზე საშინელი ტრაგედიის დამტრიალებელი რუსული „ტოჩკა-უ“-ს რაკეტის ძრავის ნაწილის ფრაგმენტი, ქალაქის შუაგულში მწვანე მდელოზე დაეცა (აგვისტოს ომის დროიდან გეხსომებათ იგივე შემთხვევა, როდესაც ფოთში ასეთივე რაკეტის ანალოგიური ფრაგმენტი სამხედრო პოლიციის თეთრ „ნივას“ კაპოტზე, რომ დაეცა და ზოგიერთი იმას ამტკიცებდა ნახეთ რუსებს რა მაგარი სიზუსტის რაკეტა ჰქონიათ, პირდაპირ სამხედროების მანქანას მოხვდაო, არადა იმ რაკეტის კასეტური ქობინი ფოთის პორტის თავზე „გაიშალა“) და მის კორპუსზე თეთრი საღებავით რუსულად ნაწერი კარგად მოჩანს - „ბავშვებისთვის!“

5-potooo-1649432018.jpg
აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს 20-ზე მეტი „ტოჩკა“ და „ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა გვესროლა, ერთ-ერთის რაკეტული ძრავის ნაწილი კი შემთხვევით სამხედრო პოლიციის „ნივას“ დაეცა...

უდავოა, რომ რაკეტის კორპუსზე ეს წარწერა მის სტარტამდე ვიღაცამ წინასწარგანზრახულად გააკეთა, მაგრამ რას გულისხმობდა?

სავარაუდოდ, ამის გამკეთებელს მხედველობაში ჰქონდა ოკუპირებული დონეცკის ცენტრის თავზე 14 მარტს აფეთქებული „ტოჩკა-უ“-ს შეწირული 21 დონეცკელის შურისძიება. მაშინ რუსული მხარის მტკიცებით უკრაინის მიერ გაშვებული ეს რაკეტა მათმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ჩამოაგდეს, მაგრამ რაკეტის ფრაგმენტებმა მაინც ამდენი ადამიანი იმსხვერპლაო...

გამოდის, რომ 14 მარტს თუ ეს რაკეტა მართლაც უკრაინის მხარის მიერ იყო გაშვებული, მას სხვა სამიზნე ჰქონდა და არა ოკუპირებული დონეცკის ცენტრი, სადაც რუსული საზენიტო რაკეტის ზემოქმედების შემდეგ აფეთქდა ფრენის ტრაექტორიის შეცვლის შედეგად?!

თუკი ვინმემ დონეცკელი „ბავშვებისთვის“ შურისძიება ჩაიფიქრა, ნამდვილად „გამოუვიდა გადაჭარბებით“ - კრამატორსკელი ბავშვებიც შეიწირა...

კრამატორსკის ტრაგედიას უკვე გამოეხმაურნენ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები და პირველად ღიად, ოფიციალურად დააფიქსირეს, რომ ბუჩასა და კრამატორსკის ტრაგედიებისთვის პასუხს რუსეთთან ერთად... პირადად პუტინსაც აგებინებენ!

ეს ყველაფერი კი უკვე შეიძლება არა მარტო რუსეთის სამხედრო დანაშაულებებად, არამედ თვით უკრაინის მოსახლეობის გენოციდადაც შეფასდეს...