"გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს" - კვირის პალიტრა

"გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს"

9 აპრილისადმი თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ზუსტად 33 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებით გაერთიანებულ ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი.

„ეს მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.

9 აპრილი ჩვენთვის ტრაგიკული თარიღია, როდესაც კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მამულიშვილთა ნათელ ხსოვნას; ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. ამავდროულად, ეს არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ჩვენს დიდ ისტორიას.

გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს,“- ნათქვამია განცხადებაში.