"უკრაინელი "რკინის“ გენერალი - გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის“ - კვირის პალიტრა

"უკრაინელი "რკინის“ გენერალი - გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის“

აშშ-ის გაზეთ "პოლიტიკოში“ (Politico) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "უკრაინელი "რკინის“ გენერალი - გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის“ (ავტორი - დევიდ ჰერზენჰორნი), რომელშიც გადმოცემულია უკრაინის არმიის მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის დამსახურება რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. მასალაში ნაჩვენებია, როგორც უკრაინელი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი, ასევე იმ რეფორმების პოზიტიური შედეგები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 2014 წლიდან განხორციელდა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

„ვაშინგტონი, მოსკოვი და მსოფლიოს დიდი ნაწილი ელოდნენ, რომ რუსეთის არმია უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფებს რამდენიმე დღეში გაანადგურებდა.

მაგრამ ასე არ ფიქრობდა ვალერი ზალუჟნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელმაც ისე დაგეგმა და ისე უხელმძღვანელა საომარ მოქმედებებს, რომ რუსეთის ჯარები მძიმე სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ დასუსტდნენ, დაიქანცნენ და იძულებულნი გახდნენ უწესრიგო უკანდახევა დაეწყოთ.

თუ ერთ ადამიანს შეიძლება მიეწეროს უკრაინის სამხედრო ძალების მიერ დღემდე მიღწეული წარმატება - კიევის დაცვა და ქვეყნის უდიდესი ქალაქების შეუპოვარი წინააღმდეგობა მტრის შეტევებზე - ეს ვალერი ზალუჟნია, მრგვალსახიანი 48 წლის გენერალი, სამხედრო პირის ოჯახში დაბადებული, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დანიშნა. ვალერი ზალუჟნი და სხვა უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან ემზადებოდნენ.

ნორმან შვარცკოპფისაგან განსხვავებით, რომელიც სპარსეთის ყურის პირველ ომში [„უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაციის დროს] აშშ-ის ჯარებს სარდლობდა და რომელსაც „მძვინვარე ნორმანი“ («Stormin’ Norman») შეარქვეს, ან დავით პეტრეუსისგან, რომელიც ერაყის ომს ხელმძღვანელობდა და მეტსახელად „მეფე დავითს“ უწოდებდნენ, ვალერი ზალუჟნი თავს არიდებდა სარდლის სახით წარმოჩენას და ამ როლს ვოლოდიმირ ზელენსკის უთმობდა, ყოფილ მსახიობსა და კომიკოსს, რომელმაც საზოგადოების გული დაიპყრო.

შეიძლება ითქვას, რომ ვალერი ზალუჟნი უკრაინელი ოფიცრების ახალ თაობას განასახიერებს, რომლებმაც „კბილები“ დონბასში, მძიმე 8-წლიანი ომის განმავლობაში „დაილესეს“ და როცა ფრონტზე არ იყვნენ, ნატოს პოლიგონებზე იწრთვნებოდნენ. ნატოსთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ახალი, პროფესიულად მოაზროვნე ოფიცრების ჯგუფი, რომლებმაც დასავლური სტანდარტების საფუძველზე შეიმუშავეს ომის წარმოების მოქნილი მოდელი, რუსულისაგან განსხვავებით, რომლის გამოც რუსი სამხედროები უკრაინის ტალახებში ეფლობოდნენ.

„მე, ალბათ, [ვალერი ზალუჟნის შესახებ] ვილაპარაკებ არა როგორც ცალკე ადამიანზე, არამედ როგორც უკრაინელი სამხედროების ახალი თაობის - უმაღლესი, საშუალო და დაბალი რანგის ოფიცრების - წარმომადგენელზე“, - ამბობს ალექსეი მელნიკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი, რომელიც ამჟამად კიევის ანალიტიკურ ცენტრში საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელად მუშაობს.

2021 წლის სექტემბერში, ორი თვით ადრე, სანამ აშშ-ის ადმინისტრაცია ხმამაღლა გააფრთხილებდა ყველას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ, ვალერი ზალუჟნი თავდასხმის განხორციელებას უკვე ვარაუდობდა: „მე ამას ყოველთვის ვამბობ იმ დღიდან, როგორც კი თანამდებობაზე დავინიშნე. ვხედავ, რომ სრულმასშტაბიანი აგრესიის საფრთხე არსებობს“, - აცხადებდა ვალერი ზალუჟნი „რადიო თავისუფლების“ ეთერში, - შესაბამისად, თავდასხმას ჩვენ მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. ჩვენ ახლა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მტერს თავისი სცენარის განხორციელების ნაკლები სურვილი ჰქონდეს“.

2022 წლის იანვარში ვალერი ზალუჟნი ნატოს სამხედრო კომიტეტში გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრესიისათვის წინააღმდეგობის გასაწევად მზად არიან.

მთელი მსოფლიოსათვის, სამწუხაროდ, „სრულმასშტაბიანი აგრესიის“ სცენარი რეალობად 24 თებერვალს იქცა, როცა რუსული ტანკები კიევისაკენ დაიძრნენ, რაკეტებმა კი უკრაინის ტერიტორიაზე სამიზნეები გაანადგურეს, თუმცა, რასაკვირველია, მოსკოვმა აგრესიის მომზადება ბევრად უფრო ადრე დაიწყო - ყირიმის ანექსიისა და დონბასის კონფლიქტის გაჩაღებიდან.

2014 წლიდან აშშ-მა, კანადამ, პოლონეთმა, ლიეტუვამ და ნატოს სხვა წევრებმა უკრაინის ტერიტორიაზე მრავალი საწრთვნელი ცენტრი გახსნეს, სადაც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას გადიოდნენ. ისინი ახლებურად ეუფლებოდნენ სამხედრო ცოდნას, უკუაგდეს საბჭოთა (რუსული) სამხედრო მოდელი, როცა მართვა ზემოდან ქვემოთ ხდებოდა და რომლის საფუძველზე რუსი უმაღლესი სამხედრო პირები ბრძოლის ველზე უნდა ყოფილიყვნენ. რუსულ მოდელს რამდენიმე გენერლის სიცოცხლე შეეწირა.

სამხედრო კარიერა

ვალერი ზალუჟნი ბავშვობიდანვე ეზიარა სამხედრო ცხოვრებას - იგი 1973 წლის ივლისში დაიბადა, როცა მამამისი, საბჭოთა ოფიცერი, ნოვოგრად-ვოლინსკის გარნიზონში მსახურობდა, ჟიტომირის ოლქის ქალაქში, კიევიდან 150 მილის მოშორებით. იგი სწავლობდა ოდესის სამხედრო აკადემიის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტში და კიევის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, რომელიც 2007 წელს დაამთავრა, რამდენიმე თანამდებობაზე მსახურობდა, მათ შორის მექანიზებული ბრიგადის უფროსად. შემდეგ სწავლა ისევ აკადემიაში გააგრძელა... 2014 წელს, მაიდნის შემდეგ, როცა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო და როცა დონბასში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ვალერი ზალუჟნი იმ ბრიგადას მეთაურობდა, რომელიც დებალცევოში იყო დისლოცირებული. სწორედ აქ დაიწყო სისხლისმღვრელი მძიმე ბრძოლები, რომლის შედეგად უკრაინის არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა. იმდროინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იძულებული გახდა ხელი მოეწერა ქვეყნისათვის წამგებიან „მინსკის შეთანხმება-2“-ზე...

2019 წელს ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების „ჩრდილოეთის“ დაჯგუფების ოპერატიულ ხელმძღვანელად დანიშნეს, რომლის შტაბი ჩერნიგოვში, მისი ბავშვობის ქალაქში მდებარეობდა - დედამისი აქ იყო დაბადებული, ბელარუსის საზღვართან ახლოს და ვალერი ნათესავებს ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთ სამხედრო გამოცემისადმი ინტერვიუში, 2020 წლის თებერვალში, ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ ბავშვობაში ოცნებობდა ჯარისკაცი ყოფილიყო, თუმცა არასდროს წარმოედგინა თავისი თავი მაღალი წოდების მეთაურად. „ჩემი სამსახური ჩვეულებრივი სამხედრო პირის სამსახური იყო: დამნიშნავდნენ - მოვალეობას ვასრულებდი, სხვა სამსახურს შემომთავაზებდნენ - იქაც ასევე ვაკეთებდი. არასდროს არ მიფიქრია, რომ მაღალ წოდებას მივაღწევდი და ერთ დღესაც გენერალი გავხდებოდი“.

ვალერი ზალუჟნის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის არმიაში მიმდინარე რეფორმისა და მოდერნიზების შედეგს წარმოადგენდა, რომლის მიხედვით, გენერალურმა შტაბმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ჯარების ოპერატიულ სარდლობას. უკრაინელმა ოფიცრებმა გააცნობიერეს, რომ ისინი რეალური და არა თეორიული მტრის წინაშე იდგნენ: „ჩვენ გვინდოდა უარი გვეთქვა ბრძანებების წერაზე - ისე, როგორც, ვთქვათ, 1943 წელს ხდებოდა წითელ არმიაში“, - ამბობს გენერალი ინტერვიუში.

თუმცა, ირონია იმაში გამოიხატება, რომ ვალერი ზალუჟნი დღეს იმ მტერს ებრძვის, რომელიც ხშირად სწორედ 1943 წლის დროინდელ ჯარად გამოიყურება, ვიდრე 2022 წლის არმიად. [რუსული] ტანკები და ჯავშანტექნიკა ისე მოქმედებს, როგორც მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე, მაშინ როცა უკრაინის არმია წარმატებით იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს...

აშშ-ის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ყოფილი ოფიცერი, გადამდგარი პოლკოვნიკი ლიამ კოლინზი, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ უკრაინელი „კომანდოსები“ არაფრით არ ჩამოუვარდებიან თავიანთ დასავლელ კოლეგებს.

დონბასის ბრძოლებმა დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური, ოპერატიული ინიციატივა ბრძოლაში მცირერიცხოვანი ქვედანაყოფის მეთაურობის დროს. აქ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ბრძოლებში პრაქტიკულ გამოცდილებას იძენდნენ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მომზადებული ოფიცრები და უნტერ-ოფიცრები, რომლებსაც დამოუკიდებლად აზროვნება შეეძლოთ.

თანამედროვე გენერალი

როგორც ვალერი ზალუჟნი სამხედრო გამოცემა „არმინფორმთან“ ინტერვიუში ამბობს, თანამედროვე უკრაინის არმია შედგება ახალგაზრდა, პროფესიული სამხედრო კადრებისა და მომავალი ლიდერებისაგან: „ისინი სრულიად სხვა ადამიანები არიან - ჩვენგან განსხვავდებიან, როცა ლეიტენანტები ვიყავით... ისინი იმ ახლადგმოყრილი კვირტების როლს ასრულებენ, რომლებითაც არმია ხუთი წლის შემდეგ სრულიად შეიცვლება. თითქმის ყველა კარგად ფლობს უცხო ენებს, კარგად იციან გაჯეტებთან მუშაობა, ისინი განსწავლულები არიან. უკრაინის არმიის სერჟანტები „განტევების ვაცები“ კი არა არიან, როგორც რუსული არმიის სერჟანტები, არამედ ისინი მეთაურების ნამდვილი თანაშემწეებია, რომლებსაც ხშირ შემთხვევებში, ოფიცრების შეცვლა შეუძლიათ. ჩვენ უკვე დავიწყეთ წინსვლა და უკან აღარ დავიხევთ. უკრაინული საზოგადოება ნებას არ მოგვცემს 2013 წლის მდგომარეობას დავუბრუნდეთ“.

ტაქტიკამ „დაარტყი და გაიქეცი“, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები დღევანდელ ბრძოლებში იყენებენ, გასაოცარი გავლენა მოახდინა რუსულ სამხედრო მანქანაზე. უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის ქვედანაყოფები სრული მარცხის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ: 120 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფიდან, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიყვანა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით, 40 თითქმის სრულიად განადგურდა, მათმა ნარჩენებმა კი ბელარუსში უკან დაიხიეს. 40 ჯგუფიდან 29 ისეთ დღეშია, რომ მათ ბრძოლის უნარი აღარ აქვთ, ცოცხალი ზალისა და სამხედრო ტექნიკის მრავალრიცხოვანი დანაკარგების გამო. უკრაინელმა მეომრებმა, მცირერიცხოვანი მობილური ქვედანაყოფების სახით, რომლებიც დასავლური ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იყვნენ შეიარაღებულები, რუს მომხვდურებს საკადრისი პასუხი გასცეს: ერთ-ერთმა დასავლელმა ჩინოვნიკმა Politico-ს დაუდასტურა, რომ დასახელებული რუსული ქვედანაყოფებიდან ზოგიერთს ოთხ კვირამდე დრო მაინც დაჭირდებათ ცოცხალი ძალით შევსებისა და გადაიარაღებისათვის, რათა კვლავ მზადყოფნაში იყვნენ და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაიგზავნონ.

ნატოს ქვეყნებიდან უკრაინის არმიისათვის მიწოდებული ათასობით „ჯაველინი“, „სტინგერი“, „პანცერფაუსტი“ და სხვა ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტები სოციალურ ქსელებში ერთგვარი სარეკლამო პროდუქტი გახდა - მათზე იქმნებოდა მუსიკალური კლიპები, მემები, ისინი გამოისახა მაისურებზე და სხვა ტანსაცმელზე... ალბათ, უკრაინელ ჯარისკაცებისათვის ბრძოლის ველზე ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში უკრაინის არმიაზე ყველაზე დიდი ცვლილება ნატოს წრთვნებში რეგულარულმა მონაწილეობამ, საბჭოური აზროვნების აღმოფხვრის მიზნით ყოველდღიურმა მუშაობამ მოახდინა - იმ საბჭოთა მენტალიტეტის წინააღმდეგ, რომლის წყალობით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კორუფციისა და თვითკმაყოფილების მემკვიდრეობა თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე შენარჩუნდა, დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან.

„უკრაინელების ქვეითი საჯარისო ნაწილებისა და არტილერისტთა პროფესიონალიზმი, მათი ნოვატორული უნარები, მათი ოსტატობა უპილოტო საფრენი აპარატების წარმატებით გამოყენებაზე უდაოდ შთამბეჭდავია“, - ამბობს ერთ-ერთი ამერიკელი გადამდგარი ოფიცერი (ანონიმურობის დაცვით), რომელიც არაერთხელ ყოფილა უკრაინაში იქაური სამხედროების კონსულტაციიისათვის, - „უკრაინელების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები და საჰაერო-სადესანტო ჯარები დიდებულად არიან მომზადებულები. უკრაინაში პირველად რომ ჩავედი, ისინი მე უფრო საბჭოურად ჩავთვალე, ვიდრე რუსეთის არმია იყო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, სიტუაცია უკეთესობისაკენ იცვლებოდა“.

ალექსეი მელნიკი, სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი, რომელიც ანალიტიკოსი გახდა, ამბობს, რომ უკრაინის არმიის წარმატებები, განსაკუთრებით კიევის ჩრდილოეთ გარეუბნებთან მომხდარი ბრძოლების დროს, სამხედრო მოდერნიზაციის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. „ნატოს ტაქტიკა [და] წვრთნა მორგებული იყო უკრაინის რეალობებთან - და ამიტომაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო“, - თქვა მელნიკმა. „ჩვენ დავინახეთ, რომ რუსები უზარმაზარი კოლონებით გადაადგილდებოდნენ... ეს მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკას ჰგავს. ამის საპირისპიროდ უკრაინელებმა სარგებლობენ უპირატესობით - მათ კარგად იციან თავიანთი ტერიტორია, მათ ჰყავთ მობილური ნაწილები, რომლებიც მტერს შეუჩერებლივ ურტყამს“.

გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის

ვალერი ზალუჟნის წარდგენა მთავარსარდლის პოსტზე უკრაინის არმიის მასშტაბური გარდაქმნის ნაწილს წარმოადგენდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი უმაღლეს ოპერატიულ თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დანიშნა. ეს მოხდა თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული სერიოზული საკადრო გადაადგილებების დროს და დაემთხვა სამხედრო სარდლობის რეორგანიზაციას, რათა სამხედრო ოპერაციები პოლიტიკური პოზიციებისაგან გამოჯნულიყო. ეს დიდად არ განსხვავდება ამერიკული სისტემისაგან, რომლის მიხედვით მკაფიოდ არის განსაზღვრული მოვალეობა და პასუხიმგებლობა.

„პრეზიდენტს სურს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული სინერგია დაინახოს“, - განაცხადა იმ ხანებში ვოლოდიმირ ზელენსკის პრეს-მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა, - „სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სინერგიას, ჩვენ მხოლოდ კონფლიქტების მოწმენი ვართ“.

მოგვიანებით ვალერი ზალუჟნი ზუსტად განსაზღვრავს თავის როლს: „ახლა მე, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პასუხისმგებელი ვარ არმიის საბრძოლო მომზადებაზე, საბრძოლო მზადყოფნაზე და საბრძოლო გამოყენებაზე“, - განაცხადა მან 2021 წლის სექტემბერში რადიო „თავისუფლებისადმი“ მიცემულ ინტერვიუში.

თებერვლის ბოლოს დაწყებული რუსეთის არმიის მსხვილმასშტაბიანი შეტევების დროს ვალერი ზალუჟნი თავს არიდებდა ინტერვიუებს და საზოგადოების წინ შედარებით იშვიათად ჩნდებოდა, დრო და დრო მხოლოდ ფეიბუქში თუ აკეთებდა ხოლმე განცხადებებს, რომელთაგან ზოგიერთი მოკლე ოპერატიულ ცნობებს წარმოადგენს და მათში ასახულია რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებისა და სატანკო კოლონების განადგურების ფაქტები. ზოგიერთ ჩანაწერში გამოხატულია მადლობები სამხედრო ექიმების მიმართ და შთამაგონებელი მოწოდებები უკრაინის ჯარებისა და საზოგადოებისადმი.

22 მარტი: „უკრაინის შეიარაღებული ძალები - ევროპის ფარი“;

27 მარტი: „თავისუფლების ფასი მაღალია - გაითვალისწინეთ!“;

02 აპრილი: „უკრაინელებს შიში დაავიწყდათ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა!“.

მისი სხვა პოსტები უფრო გრძელია, მათ შორის კვირას, ორ აპრილს გამოქვეყნებული ჩანაწერი აშშ-ის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელთანაც უკრაინის არმიის მთავარსარდალს რეგულარული კონტაქტები აქვს.

მრავალი წლის განმავლობაში ვალერი ზალუჟნი არ მალავდა თავის სწრაფვას უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულყოფილი დაფინანსებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფისათვის, მაგრამ ომის დროს პოლიტიკური ლიდერებისადმი მისი მთავარი თხოვნა იყო არმიისგან გვერდზე გამდგარიყვნენ და მიეცათ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ჯარისკაცებისთვის იმის საშუალება, რომ მათ თავიანთი საქმე ეკეთებინათ - და განსაკუთრებით ის, რომ საზოგადოებაში ომის მსვლელობის დროს რაიმე ეჭვი არ გაჩენილიყო.

„მე მინდა მივმართო იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ზოგიერთი ქალაქების „ღალატზე“ ლაპარაკობენ და ოპერატიული სიტუაციის „შეფასებებს“ აკეთებენ“, - წერს გენერალი. იგი მოყოყმანე უკრაინელ პოლიტიკოსებს მკაცრად მიმართავს: „თქვენი ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, როგორებიცაა, მაგალითად, „მოწინააღმდეგემ ესა და ეს ქალაქი რატომღაც ბრძოლის გარეშე დაიკავა“ ან „ვიღაც-ვიღაცეები ქვეყნის ჩასაბარებლად ემზადებიან“, ჩვენს ჯარისკაცებს შეურაცხყოფას აყენებთ“.

ვალერი კალუჟნის თქმით, უკრაინის არმიამ მსოფლიოში ძლიერებით მეორე არმიის შეტევა შეაჩერა. „ჩვენ მოწინააღმდეგის შეტევა ყველა მიმართულებით მოვიგერიეთ“, - წერს იგი პოსტში, - ჩვენ მათ ისეთი დიდი ზიანი მივაყენეთ, რომელიც არასოდეს განუცდიათ და ვერც წარმოედგინათ. ამის შესახებ ყველა უკრაინელმა და მთელმა მსოფლიომ იცის“.

მართალია, მთავარსარდალი თავს არიდებს რაიმე ვარსკვლავურ დიდებას და ცნობადი ადამიანის სტატუსს, მაგრამ ვალერი კალუჟნის მიერ მიღწეული წარმატებები რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში ისეთია, რომ მისი პოპულარობა გარდაუვალია. იგი უკრაინის სამხედრო მეცნიერებაში ისტორიული ფიგურის ადგილს დაიკავებს. ამასწინანდელ პატრიოტული ხასიათის ვიდეორგოლში შემოთავაზებული იყო მისი მეტსახელი, რომელიც უკრაინულად ირითმება იგივენაირად, როგორც Stormin’ Norman: Zalizni Nezlamnyy Zaluzhnyy – Зализни Незламний Залужний, ანუ „რკინის უძლეველი ზალუჟნი“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ