"ვაპირებ მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ ბუჩაში" - კვირის პალიტრა

"ვაპირებ მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ ბუჩაში"

ვაპირებ მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, მათ შორის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის და საქართველოს ერთმანეთთან დაშორება საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რას ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პასუხი ქალაქ ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით.

დეკანოიძის თქმით, თითოეული ადამიანის ვალია, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს არ დაშორდნენ.

„მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ზოგადად მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ სამძიმარი არ გამოხატონ ბუჩაში და საკუთარი თვალით არ ნახონ, თუ რა საშინელი დღეები გამოიარა უკრაინამ, მათ შორის გენოციდი, ბავშვების, ქალების მკვლელობა და გაუპატიურება, ეს შეურაცხმყოფელია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ შეურაცხყოფაა საქართველოს სახელმწიფოსთვის. ჩვენი ქვეყანა არის უდიდესი ტრადიციების და ეროვნული ღირსების ქვეყანა. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი ტრადიციაა ის, როდესაც სამძიმარზე არ მიდიხარ შენ მეგობართან, როდესაც სამძიმრის გამოხატვა არ გინდა უკრაინელი ხალხისთვის და მხოლოდ და მხოლოდ, საშინელი ბრალდებით ცდილობ ეს ყველაფერი გადაფარო.

მიუხედავად იმისა, თუ რას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლება, როგორ უღირსად იქცევიან საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ასევე მიუხედავად იმისია,რომ მე ნამდვილად ვფიქრობდი, საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩავიდოდა არც ბუჩაში, არც გოსტომელში, ჩვენი, თითოეული ადამიანის, მოქალაქის ვალია, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს არ დაშორდნენ. შესაბამისად, ეს არის უღირსი საქციელი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები ვისაც გული ეგლიჯება უკრაინაში მშვიდობიანი მოქლაქეების ასეთ ტრაგედიაზე. ამიტომ, მე ვაპირებ მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, მათ შორის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის და საქართველოს ერთმანეთთან დაშორება საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში, შეხვდნენ ჩვენს მეგობრებს და საკუთარი თვალით ნახონ, ვინ არის რუსეთი, არამხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთი და ზოგადად, როგორია უკრაინელების ტრაგედია და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომ, დიახ, მე ვაპირებ, მეორედ წავიდე უკრაინაში და მოვუწოდო ჩემს კოლეგებს,რომ ყველამ ერთად უნდა ვნახოთ, რა სჩადის რუსეთი, როგორი სამხედრო დანაშაულების ადგილი გახდა არამხოლოდ ბუჩა, გოსტომელი და კრამატორსკი, არამედ მთელი უკრაინა“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.