რუსებს პუტინის იმედი - ყველაზე დიდი და თანამედროვე დრონი ჩამოუგდეს - კვირის პალიტრა

რუსებს პუტინის იმედი - ყველაზე დიდი და თანამედროვე დრონი ჩამოუგდეს

თურქული "ბაირაქტარების“ საბრძოლო წარმატებამ ლიბიაში, სირიაში, ყარაბაღში და ბოლოს, უკრაინის ცაში, აიძულა რუსეთის გენერალიტეტი ბრძოლებში ჩაერთო სამამულო წარმოების ულტრათანამედროვე სადაზვერვო-დამრტყმელი დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატი "ორიონი“, რომელსაც "ინახოდეცსაც“ უწოდებენ.

"ორიონი“ სერიული წარმოების ყველაზე დიდი რუსული საბრძოლო დრონია, რომლის მასობრივი წარმოებისთვის, ახალი ქარხნის ასაშენებლად რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბრძანებით, მილიონობით დოლარი სპეციალურად გამოიყო, სადაც „ორიონების“ მასობრივი წარმოება უნდა დაწყებულიყო, როგორც რუსეთის არმიისთვის, ისე ექსპორტზე გასატანად.

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური სახის სანქციების გამო, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ვერც ეს ქარხანა ამოქმედდება სრულფასოვნად, მაგრამ რამდენი „ორიონის“ დამზადებაც მოასწრეს, ყველა უკრაინის ფრონტზე გადაისროლეს და პირველ მეტ-ნაკლებ წარმატებასაც მიაღწიეს.

samx2-1649506304.jpg
რუსული სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო "ორიონი“ ასე გამოიყურებოდა ...ჩამოგდებამდე

ყოველ შემთხვევაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტოს გავრცელებულ ვიდეოკადრებში ალაგ-ალაგ გაიელვებს „ორიონის“ სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ (ყველა დრონის სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ გადაღებული კადრები ერთმანეთისგან განსხვავდება) უკრაინული საბრძოლო ტექნიკის დაფიქსირება და შემდეგ მისი დაზიანება წერტილოვანი დარტმით.

რუსულ „ორიონს“, ისე როგორც თურქულ „ბაირაქტარს“ მაქსიმალური, 8 კმ-ის სიმაღლიდან შეუძლია, როგორც სახმელთო/საზღვაო სამიზნის აღმოჩენა, ისე მათი დაზიანება ოთხი კომპაქტური მართვადი რაკეტით ან ავიაბომბით.

რუსეთ-უკრაინის ომში ვიდეო-ფოტოფიქსაციით დღეისათვის დადასტურებულია უკრაინის კუთვნილი 12 უპილოტო საფრენი აპარატის დაკარგვა, მათ შორის, სამი თურქული „ბაირაქტარის“.

დადასტურებულად ჩამოგდებული რუსული დრონების რიცხვი დღემდე 23-ს უტოლდებოდა და მათ შორის, ყველაზე დიდი ისრაელის მიერ რუსეთისთვის მიცემული ლიცენზიითა და ნაწილებით დამზადებული „ფორპოსტი" გახლდათ, მაგრამ ბოლოს ჩამოგდებული „ორიონი“, რიგით 24-ე და ყველაზე დიდი სადაზვერვო-დამრტმელი უპილოტო საფრენი აპარატია, რაც აქამდე დაუკარგავს უკრაინის ცაში რუსეთის არმიას.

ჩამოგდებული რუსული „ორიონის“ ფრაგმენტებზე არსებული დაზიანებები უფრო იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ამჯერად უკრაინულმა საზენიტო-სარაკეტო „ბუკმა“ იმარჯვა, რადგან 7-8 კმ-ის სიმაღლეზე მფრენ „ორიონს“ ვერც „სტინგერი“ და ვერც „ოსას“ რაკეტა ვერ მისწვდებოდა.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, „ორიონი“ რუსეთის გენერალიტეტის ერთ-ერთ მთავარ იმედს წარმოადგენს, მაგრამ ამასთანავე, „ორიონის“ ვიდეოკამერით დაფიქსირებული უკრაინული საბრძოლო ტექნიკის აფეთქების ამსახველი კადრები პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტებისთვის არანაკლებ მომგებიან კოზირს წარმოადგენს, რომ პირველ რიგში ტელევიზორს მიჯაჭვული რუსეთის მოსახლეობა ეფექტური ვიდეოკადრებით დაარწმუნოს - თურქულ „ბაირაქტარზე“ არანაკლები წარმატებით ჩვენს უპილოტო „ორიონსაც“ შეუძლია წერტილოვანი ზუსტი დარტყმების განხორციელებაო...

samx3-1649506304.jpg
მართავადი შეიარაღება, რომელიც "ორიონის“ ოთხ პილონზე იკიდება

ორი წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ორიონის“ პირველი კომპლექტი შეიძინა, სამი დრონის შემადგენლობით და მას შემდეგ, თუკი წითელვარსკვლავიანი „ორიონების“ რიცხვი გაიზარდა, არცთუ ბევრად...

უკრაინას კი თურქეთის კერძო კომპანია შეუჩერებლივ აწვდის „ბაირაქტარების“ ახალ-ახალ პარტიებს, რაც კრემლის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ პუტინი ერდოღანს პასუხს მკაცრად არ ან ვერ სთხოვს, ამასთან ოფიციალურ ანკარას პასუხი უკვე მზად აქვს - „ბაირაქტარებს“ ყიდის კერძო კომპანია (მერე რა, რო ამ კომპანიის ხელმძღვანელი თავად ერდოღანის სიძეა) და მისი საქმეა ვის მიყიდის, სახელმწიფო კერძო ბიზნესში ვერ ჩაერევაო...

რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ უფრო გამძაფრების პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზრდება უპილოტო სადაზვერვო და განსაკუთრებით კი დამრტყმელი,ასევე დრონი-კამიკაძეების როლი კონკრეტული საბრძოლო ამოცანების შესრულებისას.

ასეთ შემთხვევაში კი, თუკი რუსეთს ეკონომიკურმა სანქციებმა ხელი შეუშალა რადიოელექტრონული აპარატურის დეტალების, პირველ რიგში კი ჩიპების შეძენაში საზღვარგარეთ, მაშინ მას ძალიან გაუჭირდება არათუ ახალი საბრძოლო დრონების შექმნა, არამედ არსებულების დიდი სერიით წარმოება, მაშინ როდესაც უკრაინულ მხარეს დასავლეთი უპრობლემოდ მიაწოდებს უფრო თანამედროვე სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების ახალ-ახალ პარტიებს...

უპილოტოების, განსაკუთრებით კი დრონი-კამიკაძეების ფართომასშტაბიანი და ზუსტი გამოყენება უკრაინელებს თანდათანობით საბრძოლო უპირატესობას მიანიჭებს, როგორც მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონების ჩასაფრებისას, ისე პოზიციური ბრძოლების დროს, ხოლო შემდომ შეტევების დაწყებისას...