"საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა!" - კვირის პალიტრა

"საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა!"

საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ვხედავთ, ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით ვერ მოიპოვება.

„მინდა დღეს, აქედან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ, იმ დროს, როცა შეიძლება ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშის გაღვივებას. უნდა იცოდეთ და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ, კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის თუ დადებული პირობის გატეხვა. საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ვხედავთ, ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის. დღეს, საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა - დაჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზა, გვინდა ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ. ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება, ეს გზა განვლილი გვაქვს, მაშასადამდე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალ პარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ უნდა ვიცდოეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც, თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც და ქვეყნის ინტერესების ჩვენ პირად, პარტიულ, თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენებას. ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს ამ 9 აპრილის დიდებულ დღეს, გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება.

„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან - გვასუსტებს მხოლოდ შიდა დაპირისპირება, უთანხმოება კი მტერს უხსნის გზას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება არ მარცხდება. ეს ეხება ასევე ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელთანაც ბოლოს და ბოლოს საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, რომლის გარეშეც საერთო მომავალი არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.