უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ოკუპანტები კლავენ და აწამებენ პრესის წარმომადგენლებს - კვირის პალიტრა

უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ოკუპანტები კლავენ და აწამებენ პრესის წარმომადგენლებს

უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ოკუპანტები კლავენ და აწამებენ პრესის წარმომადგენლებს. ამის შესახებ დენისოვამ „ტელეგრამზე“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გამოიკვეთა ახალი ინფორმაცია ლიეტუველი რეჟისორის მანტას კვედარავიჩუსის მარიუპოლში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„ის მოხვდა ტყვეობაში „რაშისტებთან“, რომლებმაც საბოლოოდ ის დაცხრილეს. რეჟისორის ცხედარი ოკუპანტებმა ქუჩაში მოისროლეს. მისმა ცოლმა სიცოცხლის რისკის ფასად გადაასვენა ცხედარი ბლოკირებული ქალაქიდან ლიეტუვაში. რეჟისორის გარდაცვალების რეალური მიზეზი აქამდე არ ცხადდებოდა, მისი მეუღლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

გარდა ამისა, დენისოვას განცხადებით, რუსი დამპყრობლების მიერ დაიღუპა ჟურნალისტი, მწერალი, მოხალისე, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირისა და მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი ევგენი ბალი. მისი თქმით, 78 წლის ევგენი ბალი 18 მარტს, რუსმა სამხედროებმა საკუთარ სახლში მელეკინოში, მარიუპოლის სიახლოვეს დააკავეს. „დაკავების მიზეზი, უკრაინელ სამხედროებთან ერთად თითქოსდა „მაკომპრომეტირებელი“ ფოტოები გახდა. ის სამი დღის შემდეგ სასტიკი ცემის შემდეგ გაათავისუფლეს. 2 აპრილს ევგენი ბალი გარდაიცვალა. მისი სიკვდილი იყო წამების შედეგი“, - აღნიშნა დენისოვამ.

ომბუდსმენის თქმით, ჟურნალისტების მკვლელობა და წამება არის ჰააგის კონვენციებისა და დეკლარაციების, ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების და ომის კანონების შესახებ კონვენციის უხეში დარღვევა.