"პუტინი იქცევა არა როგორც  თანამედროვე ლიდერი, არამედ გასული საუკუნეების რეალობაში მცხოვრები" - კვირის პალიტრა

"პუტინი იქცევა არა როგორც  თანამედროვე ლიდერი, არამედ გასული საუკუნეების რეალობაში მცხოვრები"

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ ის იქცევა არა როგორც თანამედროვე ლიდერი, არამედ გასული საუკუნეების რეალობაში მცხოვრები.

„მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რა მესიჯი გამოგვიგზავნა რუსეთის პრეზიდენტმა ევროპასა და მსოფლიოს. ეს გზავნილი ასე ჟღერს: სამართალი უკვე აღარაფერს ნიშნავს; როდესაც ძალა და სიძლიერე მაქვს, დავარღვევ სამართალს მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია გერმანიის ერთობა მეგობრებთან და ევროკავშირი-ნატო-ს მოკავშირეებთან.

„ჩვენ ვამბობთ: გერმანია და ნატო ისე აღიჭურვებიან სამხედრო თვალსაზრისით, რომ არავინ გაბედავს ჩვენზე და ჩვენ ქვეყნებზე თავდასხმას“, - განაცხადა კანცლერმა.

მანვე გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის შეიარაღებითაც და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან გერმანია არის მეორე უმსხვილესი დონორი უკრაინისთვის.

მისივე თქმით, ახლა გერმანია მხარს უჭერს მას ახლებურად - ეხმარება უკრაინელებს თავი დაიცვას. „ისიც მართალია, რომ ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას. ჩვენ ამას ვაკეთებთ და განვაგრძობთ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა შოლცმა.

მანვე მიმართა პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი და იფიქროს იმაზე, რომ ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს.