"დედაჩემის ძახილი რომ გავიგონე, შევშინდი, ცუდი ხომ არაფერი მოხდა-მეთქი?!" - ნატანებში აღმოჩენილი ღვინით სავსე საუკუნოვანი ჭური - კვირის პალიტრა

"დედაჩემის ძახილი რომ გავიგონე, შევშინდი, ცუდი ხომ არაფერი მოხდა-მეთქი?!" - ნატანებში აღმოჩენილი ღვინით სავსე საუკუნოვანი ჭური

რამდენიმე ხნის წინ ოზურგეთის სოფელ ნატანებში, აკაკი გორგილაძის ეზოში, პატარა სასწაული მოხდა. ის კაკულიას დედამ, მადონა ვასაძემ აღმოაჩინა საკარტოფილე მიწის ბარვისას, რა დროსაც ბარი უცნაურად ყრუ საგანს მოახვედრა, ხოლო შემდეგ ხის ძველ სარქველსაც წააწყდა, რომელიც თიხის ჭურჭელზე დაეფარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მას მიწაში ჩაყრილი და ხის სარქვლით (ბადიმით) დახურული ქვევრები არასოდეს ენახა, ინტუიციამ სწორად უკარნახა, რომ უძველესი ჭურის (გურიაში ქვერი ჭურია!) თავთან იდგა, რომელიც გაუფრთხილებლობით არ უნდა დაეზიანებინა. ამიტომ ბადიმებს აღარ შეეხო, ბარი დადო და ვაჟის დასაძახებლად გაიქცა.

აკაკი გორგილაძე:

- ეს პატარა ნაკვეთი ფერდობზე გვაქვს და ძირითადად, კარტოფილის დასათესად ვიყენებთ ხოლმე. სამუშაოზე ვიყავი, როდესაც დედაჩემის ძახილი გავიგონე და ცოტა არ იყოს, შევშინდი, ცუდი ხომ არაფერი მოხდა-მეთქი. როდესაც დედამ მომახარა, - ჩვენს ეზოში, მგონი, ძველი ჭურიაო, შევეპასუხე კიდეც: ჩვენს ეზოში ჭურს რა უნდა! ჭური და მარანი რომ ყოფილიყო, ან ჩემს ბიძაშვილობას ეცოდინებოდა, ან აქამდე ჩვენ მივაგნებდით-მეთქი. საქმე ის არის, რომ ადრე ჩვენი ეზო ჩვენს ნათესაობას ეკუთვნოდა. თუმცა, აქ მარნისა და ჭურების არსებობის შესახებ მათი უფროსი თაობისაგანაც კი არასოდეს არაფერი გამიგია. ამის მიუხედავად, მაინც გულამოვარდნილი გავიქეცი ეზოსაკენ.

qvevri3-1649522869.jpg

- ქართველი კაცი უძველესი ქვევრის ხსენებისას, აბა, სხვაგვარად როგორ მოიქცეოდა…

- კი, ბატონო! ჰოდა, როდესაც ნაკვეთში ჭურის თავი დავინახე, მაშინვე მეც მივხვდი, რომ მართლა ჭურის თავთან ვიდექი, თანაც უძველესთან. როგორც ჩანს, ფერდობზე მიწა დროთა განმავლობაში მოცურდა და ძველი ჭურებიც მიწის ზედაპირთან ახლოს აღმოჩნდა. თუმცა იმას, რომ ჭური ღვინით სავსე იყო, ვერც დედაჩემი წარმოიდგენდა, ვერც - მე. ალბათ ამიტომ ვერ ვიფრთხილე და ბადიმების მოხდისას ღვინოში ცოტა წყალიც ჩამივიდა. ისე კი ღვინით მოლაპლაპებული ჭურის დანახვაზე მართლა შოკი მივიღე. მით უფრო, ღვინოს ისეთი ქაფი ჰქონდა მოყენებული, დაყენებისას რომ მოიგდებს ხოლმე თავზე.

- წარმომიდგენია, რაც დაგემართებოდათ, - არაფერი იყო და უცებ გაჩნდა. თანაც, უძველესი ჭური!

- წინაპრების წყალობით. ჭური რომ ძველია, იმითაც დასტურდება, რომ მისი გარე მხარე უფრო სხვანაირია, ვიდრე თანამედროვე ჭურებისა. თანამედროვე ჭურები გლუვია, ჩვენს ჭურს კი გარედან კერამიკის გრეხილები აქვს შემოვლებული. ეს გრეხილები მას ბოლომდე ჩასდევს. მართალია, ჩვენი ჭური მიწიდან არ ამოგვიღია, რადგან საბედნიეროდ მთელია და დაუზიანებელი, მაგრამ აქვე სხვა, პატარა ჭურებიც ვიპოვეთ და ისინი ამოვიღეთ. მათგან ყველა ლამაზი გრეხილებით არის ჩამოსხმული.

qvevri2-1649522869.jpg

- ესე იგი, წინაპრები მიწაში ჩაყრილი ქვევრების გალამაზებასაც ცდილობდნენ. არადა, ვინ ხედავდა, - მაინც მიწაში ექცეოდა!

- სილამაზეზე მოთხვნილება რომ ჰქონდათ, ეგაა მთავარი, ის კი არა, ვინ რას დაინახავდა! სხვათა შორის, ამ აბავზე პირველ რიგში იმ ნათესავებს დავურეკე, რომლებიც ჩვენს ეზოში ცხოვრობდნენ. ამ ოჯახის უფროსი სამი წლის წინ, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა და მის შვილებს დავეკითხე, - ოდესმე მამათქვენს ხომ არ უხსენებია, რომ ნატანებში მარანი და ჭურები ჰქონდათ-მეთქი. მითხრეს, - არასოდეს, სავარაუდოდ, არც მან იცოდა ეს ამბავიო. 94 წლის კაცმა თუ არაფერი იცოდა თავის ეზოში ჭურებისა და მარნის არსებობის შესახებ, ცხადია, არც მის მამა-პაპას ეცოდენებოდა, თორემ გამორიცხულია ამავე ეზოში გაზრდილი შვილიშვილისთვის ეს ამბავი არ ეთქვათ. ისე, კი, გურიაში, ზოგადად, ჩემი მშობლების თოაბაც აღარ მოიხმარს ჭურებს. უღვინოდ ქართველ კაცს რა გააძლებინებს, ღვინო გურულებსაც გვქონდა, ოღონდაც ადესის ღვინო, რომელსაც მეორენაირად იზაბელასაც ვეძახით. ადესის ღვინო კი ბოცებშიც მშვენივრად ინახება. დღესაც ესაა ჩვენი ძირითადი ღვინო. ვენახის ახალი ჯიშები მხოლოდ ბოლო წლებში გაჩნდა.

- ღვინოს ბოცებში რომ აყენებთ, გურულების ბრალი არ არის, XIX საუკუნის ბოლოს ამერიკულმა ფილოქსერამ ევროპაში ვაზი სრულიად გაანადგურა. მათ შორის განადგურდა გურიის 90-მდე ჯიშიც. მათ ნაცვლად კი იზაბელა, იგივე ადესა შემოვიდა ასევე ამერიკიდან, - ქალაქ ოდესის პორტის გავლით. კარგია, რომ ბოლო დროს ისევ დაიწყო ძველი ჯიშების აღდგენა. საინტერესოა თქვენი უძველესი ღვინო თუ მიირთვით, რა გემო ჰქონდა?

- ქართველი კაცი მარტო ვერ სვამს. ესე იგი, ჭურის "მოხდაზე მეზობლებისთვის უნდა დამეძახა. ეს კი ლაბორტორიული ანალიზის გარეშე ვერ გავბედე. მართალია, ღვინო ძველი სჯობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გავთამამდი, თუმცა, ჭურის თავზე სახელდახელო სუფრა მაინც გავშალე. უამისოდ ვერ ვიზამდი. ის წინაპარი უნდა დამელოცა 200 თუ 300 წლის წინ დაწურული თავისი ღვინით დღეს რომ მე გამახარა. რაც მთავარია, ახალაღმოჩნილი 200-ლიტრიანი ჭური ამოვრეცხე და საღვინედ მოვამზადე.

qvrvi4-1649522869.jpg

- ანუ თქვენი ქვევრი 200-ლიტრიანი აღმოჩნდა?

- დიახ. ბიძაშვილმა მითხრა, მინდა, რომ "ჯანის" ჯიშის ვენახი გავაშენო და მისი ღვინოც მაგ ჭურში ჩავასხათო.

- "ჯანი"უძველესი გურული ჯიშია, რომელიც ბოლო დროს აღმოაჩინეს გურიის მთიან სოფელში. ამ ჯიშს ოდესღაც სამკურნალოდაც კი მოიხმარდნენ. იმიტომ ჰქვია "ჯანი". კარგი იდეა ჰქონია ბიძაშვილს.

- ერთი კარგი ამბავიც ის იქნება, თუ ის წიპწა გაიხარებს და ვაზს მომცემს, რომელიც ამ ჭურში ამოვკრიფე და დავთესე, იმ იმედით, ეგებ გაიხაროს-მეთქი. მე კი ვიცი, რომ ეს სასწაული ამბავია, 200-300 წელიწადს ღვინოში გაჩერებულ წიპწას რაღა ამოიყვანს, მაგრამ მაინც ვსინჯე, გულმა არ მომითმინა, აბა, რისი ქართველი ვარ! თუ ამ ვენახს გავაღვიძებ ამით ალბათ უფრო მაგრად გავახარებ საქართველოს.

(სპეციალურად საიტისთვის)